Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, როგორც საქართველოს მხარდაჭერა


11 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტმა დაიწყო 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს. რა მნიშვნელობა აქვს ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტს, რა მესიჯს გზავნის ალიანსი თბილისიდან და რას მოელის საქართველო ახლო მომავალში?

თბილისი იმედოვნებს, რომ სამხედრო კომიტეტი დადებითად შეაფასებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთვის ნათელია, რომ კომიტეტის შეფასებებს საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება 2014 წლის ნატოს უელსის სამიტის წინ:

”ნატოს სამხედრო კომიტეტი არ არის პოლიტიკური ორგანო - ის არ იღებს გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ მათი შეფასება იქნება დიდი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მომდევნო სამიტზე ჩვენთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას”.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ოფიციალური განრიგის თანახმად, ოთხშაბათს, 12 თებერავლს, გამართავს შეხვედრას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ კნუდ ბარტელსთან. ასევე 12 თებერვალს სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” ”28+1” ფორმატით გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა. თავყრილობაზე, რომლის ძირითადი ნაწილი დახურული იქნება მედიისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს...
კნუდ ბარტელსი
11 თებერვალს, ვიზიტის პირველი დღის განრიგის თანახმად, დაგეგმილი იყო შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე 11 თებერვალს სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. სამხედრო კომიტეტის სახელით, თავმჯდომარემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას. სწორედ აქ გამოხატა გენერალმა კნუდ ბარტელსმა საგანგებო მადლიერება ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის:

”მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს. ქართველი სამხედროების მონაწილეობა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი სამხედროები მზად არიან, კვლავ თავგანწირვით იმსახურონ მშვიდობის დასამყარებლად და საკუთარი წვლილი შეიტანონ კრიზისების პრევენციაში, კონფლიქტების მართვასა და პოსტკონფლიქტური სიტუაციების სტაბილიზაციაში. ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდი დანაკარგი განიცადა საქართველომ - დაიღუპა 29 და დაიჭრა 250-ზე მეტი სამხედრო. ჩვენ ვუთანაგრძნობთ დაღუპულებისა და დაჭრილების ოჯახებს. ეს ვიზიტი საქართველოში არის ალიანსის მიმართ თქვენი მხარდაჭერისა და წვლილის დაფასება ნატოს მხრიდან”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა
ცხადია, რომ ეს ნატოს წევრი 28 ქვეყნის გადასაწყვეტია და, ამდენად, ვერც სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში გაეცემა პასუხი შეკითხვებს: რას უნდა მოელოდეს საქართველო ნატოს უელსის სამიტზე, შესაძლებელია თუ არა იქ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მიღება და, საერთოდ, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი? ამგვარ შეკითხვებზე პასუხად, ალიანსი მუდმივად იმეორებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია და რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - როდესაც ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისუფლება ამ მდგომარეობას მშვიდად და აუღელვებლად უყურებს, მაგრამ თუკი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ იანვრის დასაწყისში, ტალინში სტუმრობისას, გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, ”ჯადოსნური სიტყვა” MAP-ი ”გახდა სიმბოლო პასუხისა შეკითხვებზე: ”სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო” და ”ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2014 წელს საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობა წაახალისებს ანტიდასავლურ ძალებს, რაც ”ძირს გამოუთხრის და დაანგრევს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას“.

ამ ვიზიტით, როდესაც ნატოს ჩამოჰყავს თავისი სამხედრო კომიტეტი საქართველოში, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო ძალიან დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით. ამასთან ერთად, ამას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც - ჩვენს სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ ნატოელ კოლეგებთან იმუშაონ...
ნოდარ ხარშილაძე
MAP-ის მიღებისა და ნატოში გაწევრიანების თარიღებთან დაკავშირებული პასუხი ამ ეტაპზე არავის აქვს, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე. თუმცა მისთვის ცხადია, რომ ნატოს გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალებისთვის რუსეთის მეზობელ პატარა საქართველოში:

”ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს მოსახლეობისა, რომელსაც პროდასავლური განწყობები აქვს. ის იმედის თვალით შესცქერის ყველა გაღიმებას, ყველა რეპლიკას, რომელიც ნატოსგან ისმის. ეს გასაგებიც არის, რადგანაც რუსული საფრთხე არსად არ წასულა, ის აქვეა, ოკუპაცია გრძელდება და რუსეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილებები არ მომხდარა... თავისთავად ეს საფრთხე ადამიანს აშინებს, აფრთხობს და ის მიილტვის გარკვეული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ”.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, როგორც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მესიჯი, ძალიან გააღიზიანებს სწორედ რუსეთს, თუმცა ამის მოსალოდნელობა თავისთავად არაფრით ჩრდილავს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვიზიტი პოლიტიკური გარღვევის მომტანი ვერ იქნება, ამ მოვლენას ჩვენთან საუბრისას „მეტად მნიშვნელოვანს“ უწოდებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე:

”ეს არ არის ორდინარული აქცია ნატოსი. ამ ვიზიტით, როდესაც ნატოს ჩამოჰყავს თავისი სამხედრო კომიტეტი საქართველოში, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო ძალიან დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით. ამასთან ერთად, ამას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც - ჩვენს სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ ნატოელ კოლეგებთან იმუშაონ, მათთან გაიარონ კონსულტაციები და ამით კიდევ უფრო ამაღლდეს მათთან თანამშრომლობის ხარისხი”.

ნოდარ ხარშილაძე არარეალისტურად მიიჩნევს MAP-ის მიღების შანსს უელსის სამიტზე. ის ფიქრობს, რომ საქართველოს ამისათვის კიდევ ბევრი მოთხოვნის შესრულება მართებს. თუმცა, მთლიანობაში, ანალიტიკოსს ამ პრობლემის გასაღები პრაქტიკულ შემადგენელზე მეტად მაინც უფრო პოლიტიკურ შემადგენელში ეგულება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG