Accessibility links

logo-print

ნატოს დაპირებები და საქართველოს მოლოდინი


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოშია. 25 ივლისს, დელეგატები მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავენ. რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოს სამიტამდე ორი თვით ადრე? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, ამის შესახებ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა ექსპერტებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 25 ივლისს, შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამინისტროებთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა. ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჰიუ ბეილიმ და დავით უსუფაშვილმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობაზე, ორმხრივ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ნატოს სამიტსაც, რომელიც სექტემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს. დავით უსუფაშვილის თქმით, ამ სამიტზე საქართველო ნატოსთან ურთიერთობის კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდეს:

„გვაქვს ურთიერთგაგება იმაში, რომ ამ სამიტზე უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და რომელიც გააძლიერებს ნატოს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“.

ამ საფრთხეზე ნატოს რეაქციის განსასაზღვრად აუცილებელია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაღრმავოთ ურთიერთთანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს...

ჰიუ ბეილიმ საქართველოს ნატოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ალიანსის სამშვიდობო პროგრამებში ჩართულ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველოს კონტრიბუცია ყველაზე მასშტაბურია. მისივე თქმით, უელსის სამიტზე განსახილველი ერთ-ერთი უპირველესი საკითხი რუსეთის აგრესია იქნება:

„ამ საფრთხეზე ნატოს რეაქციის განსასაზღვრად აუცილებელია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაღრმავოთ ურთიერთთანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს“.

ჰიუ ბეილიმ ასევე დასძინა, რომ ნატოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა საქართველოსთან თანამშრომლობის პროცესი გააღრმავოს:

„ეს მარტო სიტყვებად არ უნდა დარჩეს. ეს პრაქტიკული თანამშრომლობის პროგრამა უნდა იყოს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ქვეყანას კიდევ უფრო წინ წასწევს ნატოში გაწევრიანებისაკენ“.

მომავალ სამიტზე ან MAP-ი უნდა მოგვცენ (მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ჩვენ MAP-ზე მეტი ინსტრუმენტი გვაქვ - წლიური ნაციონალური პროგრამაც და ნატო-საქართველოს კომისიაც), ან ამის ალტერნატივად, თუ MAP-ის მოცემა არ უნდათ, უნდა ჩაწერონ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ეს ინსტრუმენტები, მას აღარ სჭირდება MAP-ი ...

ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უელსის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - MAP-ის - მიღებას არ უნდა ელოდეს. სანაცვლოდ ქვეყანა მიიღებს „არსებით პაკეტს“, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

25 ივლისს, გამართული შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. მისი თქმით, ასამბლეის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ ესმის, რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება MAP-ის მიღების შესახებ:

„მომავალ სამიტზე ან MAP-ი უნდა მოგვცენ (მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ჩვენ MAP-ზე მეტი ინსტრუმენტი გვაქვ - წლიური ნაციონალური პროგრამაც და ნატო-საქართველოს კომისიაც), ან ამის ალტერნატივად, თუ MAP-ის მოცემა არ უნდათ, უნდა ჩაწერონ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ეს ინსტრუმენტები, მას აღარ სჭირდება MAP-ი და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი პირდაპირ ნატოში გაწევრიანება იქნება“.

ექსპერტი ურთიერთობის საკითხებში, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ საქართველო უელსის სამიტისგან ბევრს არაფერს უნდა ელოდეს:

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის უფრო ხმამაღალ და თამამ განცხადებებს აკეთებს. მაინც პარლამენტარები არიან, ისინი გადაწყვეტილებას არ იღებენ. მაგრამ საქმე როცა მიდის გადაწყვეტილების მიმღებებზე, საქმე უფრო რთულდება ხოლმე. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ქარტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა ჩვენ თავის სამხედრო ქოლგას გადაგვაფარებს, როგორც იაპონიის შემთხვევაშია“.

თორნიკე შარაშენიძე დასძენს, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესის დამაჩქარებელი არც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია შეიძლება იყოს. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანების გეგმის მისაღებად ერთადერთი გზა საქართველოსთვის საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურობაა - არა მარტო ბრიუსელთან, არამედ გერმანიასთან, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG