Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალი: ვზრუნავთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის


9-10 ივნისს თბილისი პირველად მასპინძლობს ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ 60-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები და ექსპერტები. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კონფერენციის მონაწილეები სამშაბათს ალიანსის სტრატეგიაზე და წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ. რას და როდის მოელის ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველო? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

საქართველოში ამ კონფერენციის ჩატარება მიუთითებს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ნატო პარტნიორ ქვეყნებს – განაცხადა 9 ივნისს, კონფერენციის ტრიბუნიდან ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალმა, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა და ასევე აღნიშნა, რომ როგორც საქართველო ასრულებს ერთგულად ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ასევე ნატოც შეასრულებს თავის დაპირებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს. გენერალი პალომეროსი შემთხვევითობად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ქვეყანათა ხუთეულში მოხვდა და რომ თანამშრომლობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნა.

ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრზე, რომელმაც ვაზიანში უნდა დაიდოს ბინა, სამშაბათს, კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემაც ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და რომ ცენტრი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ამოქმედდება:

„ვერ ვხედავ რაიმე ხელის შემშლელ პირობას, რომ, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამის განხორციელება... უკვე გამოყოფილია ოფისი თავდაცვის სამინისტროში, სადაც დაჯდება ის ჯგუფი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ამ მიმართულებით. შერჩეულია ის პიროვნებები (და ჩვენ უკვე მათთან ძალიან აქტიური კონტაქტი გვაქვს), ვინც საბოლოო ფორმატს მისცემს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას... დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ჩვენსა და ნატოს თანამშრომლობაში“.

რაც შეეხება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტს, ვახტანგ კაპანაძის თქმით, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები, დამოუკიდებელი სამხედრო-პოლიტიკური ხედვები და, შესაბამისად, პარტნიორებსაც თავად ირჩევს. გენერალური შტაბის უფროსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ნატოსთან, მხოლოდ და მხოლოდ, სამშვიდობო მიზნებით თანამშრომლობს.

მან დააფიქსირა სპეციალურად ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, რომ საქართველო 2016 წელს, ნატოს მომავალ სამიტზე, ელოდება კონკრეტულ შედეგს – არა მორიგ დაიმედებას, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი, არამედ კონკრეტულ MAP-ს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმას...

„სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, მეამაყება, რომ საქართველო დღეს ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია“, – ეს უკვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვებია. ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თინა ხიდაშელმა საქართველოს საბოლოო მიზნად ნატოში გაწევრიანება დაასახელა და იმედი გამოთქვა, ვარშავის სამიტზე (რომელიც 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება) საქართველო სასურველ შედეგს მიიღებს. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს:

„ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ დღეიდან, გუშინდლიდან – ვარშავამდე მიმავალ გზაზე – რაც შეიძლება, მეტად ვაჩვენოთ ყველა ფორუმზე (იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკური) ჩვენი მზადყოფნა, პირველ რიგში; მეორე, ის, რომ ქართული საზოგადოების და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების არჩევანი არის აბსოლუტურად ურყევი და უკომპრომისო. და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ვაჩვენოთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ გზაზე სიარულს, ანუ რა ღონისძიებებს, რა მოქმედებებს ვაპირებთ იმისათვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ“.

ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარებას მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ის, ასევე, საგანგებოდ აღნიშნავს „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას, რომ პირველ ივნისს, ბრიუსელში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, მინისტრმა თინა ხიდაშელმა მეტად საჭირო სვლა გააკეთა:

„მან დააფიქსირა სპეციალურად ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, რომ საქართველო 2016 წელს, ნატოს მომავალ სამიტზე, ელოდება კონკრეტულ შედეგს – არა მორიგ დაიმედებას, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი, არამედ კონკრეტულ MAP-ს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. კარგია, რომ ეს მოთხოვნა ფიქსირდება, რადგან ჩვენი პოლიტიკოსები, და ხშირად – ზოგიერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრიც, შეიძლება ვერ ბედავდნენ და ასე ღიად არ აფიქსირებდნენ ამ მოთხოვნას“.

ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანია, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა გაღრმავდეს, გაგრძელდეს და მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, რაც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს.

წინგადადგმული ყველა ნაბიჯი საქართველოს ალიანსთან დაახლოებას რომ უწყობს ხელს, – ამაში ჟან-პოლ პალომეროსიც დარწმუნებულია. თუმცა, როგორც გენერალი ამბობს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივა არ არის და ეს საკითხი მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. გენერალი პალომეროსი იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტზე სახელმწიფოს მეთაურები საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG