Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოს გენერლის რჩევებს ისმენს


გენერალი ადრიან ბრედშოუ და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე
გენერალი ადრიან ბრედშოუ და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

თავდაცვის სამინისტრო მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილის გენერალ ადრიან ბრედშოუს ვიზიტს საქართველოში – იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ძალების სარდლობა „ნატოს ყველა ოპერაციის დაგეგმვასა და აღსრულებაზეა პასუხისმგებელი“. ნატოს გენერლის რჩევებს მეტად ღირებულად მიიჩნევს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ასევე ვარაუდობს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი შემოდგომამდე დაფუძნდება. პარალელურად, ბრიუსელში შეხვედრებს მართავს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი ადრიან ბრედშოუ 25 ივნისს I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ შეხვდა. სწორედ ამ ბატალიონის ასეულები ემზადებიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის. ნატოს გენერალი სიტყვითაც გამოვიდა და საგანგებოდ აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

საქართველოზე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგულ პარტნიორზე, ადრიან ბრედშოუმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძესთან შეხვედრის დროსაც ილაპარაკა და ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც. მან თქვა, რომ საქართველოსა და ნატოს 20-წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ, რომ საქართველო განსაკუთრებულად წარმოჩნდა ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიების ფარგლებში და ამიტომ ნატოც საგანგებოდ აფასებს საქართველოს მონდომებას:

„ნატო საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში და სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით ეხმარება. წელს საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი შეიქმნება, ივლისში კი მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2015” ჩატარდება.

დაახლოებით ორი თვის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის სერტიფიკატი გადავეცი. ქართულმა ქვედანაყოფმა ეს სტატუსი პირველად მიიღო, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა თქვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ნატოს და საქართველოს ერთობლივი ძალებით“.

„სამუშაოები დაწყებულია და საკმაოდ ბევრია გაკეთებული. ჩვენ დაგეგმილ ვადას არ გადავაცილებთ და უფრო ადრეც შეიძლება გავხსნათ“, – განაცხადა 25 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ. გენერალ-მაიორი ვარაუდობს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი, რაც უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტით არის გათვალისწინებული, შემოდგომამდე დაფუძნდება:

„საუბარია ცენტრის დაფუძნებაზე სექტემბრამდე. მისი მშენებლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია და ერთი გარკვეული შენობა“.

მეტი ინტეგრაცია ნატოში, მეტი ჩართულობა, თავსებადობის ამაღლება ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ალიანსის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების თემატიკის მოგვარების კუთხით.
გიორგი მუჩაიძე

ვახტანგ კაპანაძის თქმით, ადრიან ბრედშოუსთან შეხვედრისას განხილულ იქნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზები და საშუალებები. გენერალ-მაიორი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძვირფასია „ასეთი გამოცდილი სამხედროს რჩევები და მითითებები“. ნატოს გენერლის ვიზიტის მთავარ მიზნად დასახელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაცნობა, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება და საქართველო-ნატოს სამომავლო გეგმების დასახვა.

პოტენციური აგრესორებისთვის მიწოდებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიგნალის გარდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილავს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის ამოქმედება აბსოლუტურად პასუხობს საქართველოს ინტერესებსა და სამომავლო გეგმებს:

„მეტი ინტეგრაცია ნატოში, მეტი ჩართულობა, თავსებადობის ამაღლება ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ალიანსის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების თემატიკის მოგვარების კუთხით“.

ნატოს გენერლის თბილისში სტუმრობის პარალელურად, 25 ივნისს ბრიუსელში შეხვედრებს მართავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდა თავდაცვის მინისტერიალში და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომასაც დაესწრო. ამ ფორმატში წარმოდგენილი იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორ ქვეყანათა თავდაცვის მინისტრები. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო „საშინაო დავალებას“ პირნათლად ასრულებს, აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან და, შესაბამისად, ქვეყანა ელოდება პროგრესს ვარშავის სამიტზე. თავდაცვის მინისტრმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს უცვლელი მიზანია და რომ საქართველო ნატოსგან ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას მოელის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG