Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგში


ნატოს მინისტერიალი
ნატოს მინისტერიალი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. 11 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე იქნება საუბარი. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრიგში დადგა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი საქართველო-ნატოს სამომავლო ურთიერთობებზე.

ბრიუსელში 10-11 თებერვალს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, „თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას“. მათ შორის, თინა ხიდაშელის თქმით, ყველაზე საინტერესო საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც აქტუალური გახდა ყირიმის მოვლენების შემდეგ:

„ბუნებრივია, როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა გყავს, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ახალი სისტემის, ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილეობის გარეშე. თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ საკითხმა - ზიანი მიადგეს ან სარგებელი მიიღოს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“.

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, 11 თებერვალს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც საუბარი იქნება კონკრეტულად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე:

„თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომელიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას ეხება. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სრული თანამონაწილეობა, სიტყვისა და დისკუსიაში მონაწილეობის უფლება, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ვთქვათ იმ ინტერესის შესახებ, რაც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს. ხვალ უკვე არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე გვექნება საუბარი. ვარშავის სამიტისგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს. როდესაც ჩვენ ამის შესახებ მოვყვებით, არავის უნდა დარჩეს კითხვა, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რამდენად წინ წაიწია ქვეყანამ არა მხოლოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით...ამწუთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა“.

შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო რამდენჯერმე ახსენა პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველოს პროგრესი და რეფორმები იქნება 11 თებერვლის დღის წესრიგის განსახილველი საკითხები. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ერთგულად ეხმარება საქართველოს სვლას ალიანსის წევრობისკენ:

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც ჩვენს ახლო პარტნიორთან. ეს თანამშრომლობა, განსაკუთრებით არსებითი პაკეტის შესრულების კუთხით, არის ნაწილი ნატოსა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობისა და, რა თქმა უნდა, შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე“.

საქართველოში ვარაუდობენ, რომ, შავ ზღვაზე რუსეთის აგრესიის შეკავების კვალდაკვალ, ნატო არ იჩქარებს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას მომავალ ვარშავის სამიტზე. ჟურნალ „არსენალის“ მიმომხილველი თემურ ჩაჩანიძე ლოგიკას ხედავს იმაში, რომ ნატო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, იმ შემთხვევში, თუ საქართველო მაპ-ს, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, მიიღებს, შესაძლოა გახდეს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და, ამრიგად, ნატო არ იჩქარებს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას ვარშავის სამიტზე:

„სავსებით შესაძლებელია ამის გამო იკავებდეს ნატო თავს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისგან. თუმცა არც ისაა დასამალი, რომ ჩვენც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, რათა ყველა ის მოთხოვნა და ვალდებულება გავასწოროთ ბოლომდე, რაც ნაკისრი გვაქვს“.

თუმცა, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის თქმით, საქართველოს საბოლოო მიზანი არ არის მაპ-ი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე შევასრულოთ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებები:

„აუცილებელია რეფორმების გაგრძელება არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ დემოკრატიული რეფორმირების კუთხით. ამ მხრივ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი: სასამართლოს თავისუფლება, დამოუკიდებელი მედიის არშეზღუდვა და თავისუფალი სიტყვის პატივისცემა; უსაფრთხოების სისიტემის, მათ შორის, პროკურატურის რეფორმირება, ახლად შექმნილი უსაფრთხოების სამსახურის და ა.შ. ნატოში ინტეგრაციის მთავარი დამჩქარებლები ვართ ჩვენ და არა სხვები“.

ამ ფონზე, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს, აღნიშნულია, რომ საქართველომ შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა, „ეფექტური რუსული პროპაგანდისა“ და ქართულ ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპით გამოწვეული მზარდი იმედგაცრუების გამო. ეს ინფორმაციაშეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა 9 თებერვალს აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობის თაობაზე ინფორმაცია 11 თებერვალს დაზუსტდება, როცა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG