Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მისცა დაცვის პირობა


იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა შემაშფოთებელი უწოდა ვითარების ესკალაციას სირიაში, რასაც, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ სირიაში საავიაციო და სარაკეტო იერიშების გაფართოება იწვევს. ალიანსის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის ავიაცია არა „ისლამური სახელმწიფოს“, არამედ სირიის პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციური შეიარაღებული ჯგუფების პოზიციებს ბომბავს.

„შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთისათვის, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს, მთავარ სამიზნეს წარმოადგენს არა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, არამედ სხვა ოპოზიციური სამხედრო ჯგუფები. ამიტომ მოვუწოდებ რუსეთს, რომ შეთანხმებულად იმოქმედოს და კონსტრუქციული როლი ითამაშოს „ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და აღარ გააგრძელოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, რადგან ამ რეჟიმის მხარდაჭერა არ წარმოადგენს კონსტრუქციულ წვლილს სირიის კონფლიქტის გრძელვადიანი სამშვიდობო მოწესრიგების საქმეში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების პასუხად, თუ საჭირო გახდება, ალიანსი მზად არის გაგზავნოს სამხედრო ძალა თურქეთის დასახმარებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ძალიან აღაშფოთა რუსეთის ავიაციის მოქმედებამ, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ განსაკუთრებით თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევამ. ამ ფაქტს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც კი მიეძღვნა. თურქეთ-სირიის საზღვარზე მყოფი ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის შახიდა იაკუბის ინფორმაციით, არ არის გამორცხული, რომ რუსეთი ნატოს პროვოცირებასაც ცდილობდეს:

„როგორც ჩანს, რუსეთს ჰქონდა მცდელობა შეემოწმებინა, თუ როგორ უპასუხებდნენ მსგავსი დარღვევის ფაქტს თურქეთის მთავრობა და ნატო. ცხადია, რომ რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდება არავის უცდია, ყველა იმედოვნებს, რომ რაღაცნაირად მოხერხდება რუსებთან მოლაპარაკება. მაგრამ ის, რომ იბომბება სირიის შიგნით ტერიტორიები, რომლებზეც არ იმყოფებიან ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებები, როგორც ამას თურქეთის ხელისუფლებაც ადასტურებს და სირიის შიგნით მყოფი თვითმხილველებიც, ეს, რა თქმა უნდა, დიდ უკმაყოფილებას და შეშფოთებას იწვევს. თურქეთის პრეზიდენტმა საერთოდ ისიც კი თქვა, რომ რუსეთს არაფერი ესაქმება სირიაში და რომ თურქეთის მოთმინების ფიალა ივსება, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების გზით თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო ინციდენტები ორ ქვეყანას შორის."

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირება, რომ ალიანსი, რომელსაც სწრაფი რეაგირების 40 ათასკაციანი არმია ჰყავს მზადყოფნაში, უყოყმანოდ დაიცავს თავის ყველა მოკავშირეს ნებისმიერი მხრიდან მასზე მუქარის შემთხვევაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG