Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა შესაძლოა კვლავ გადაუკეტოს ნატოს მომარაგების მარშრუტი


პაკისტანი
პაკისტანი
პაკისტანის თალიბანის ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდის მოკვლას, შესაძლოა, მოჰყვეს ავღანეთთან დამაკავშირებელი მომარაგების მარშრუტის გადაკეტვა ნატოს კოალიციური ძალებისათვის. ასეთ გადაწყვეტილებას უკვე დაუჭირა მხარი პროვინციის პარლამენტმა. თუმც საკითხს, საბოლოოდ, სჭირდება თანხმობა ფედერალური ხელისუფლებისა, რომელმაც ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ „მწვანე შუქი“ აუნთოს რეგიონალური პარლამენტის აღნიშულ გადაწყვეტილებას. მაგრამ მიმომხილველები არც იმას გამორიცხავენ, რომ ხაიბერ პახტუნყვის რეგიონალური ხელისუფლება არ დაემორჩილოს ისლამაბადს და თავადვე გადაკეტოს საქარავნო გზა.

მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ დასავლეთთან სერიოზული დიპლომატიური უთანხმოება, რასაც ავღანეთთან დამაკავშირებელი მარშრუტის გადაკეტვა უსათუოდ გამოიწვევს, კიდევ უფრო შეამცირებს დასავლურ დახმარებას და გააღრმავებს კრიზისს პაკისტანში, რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და მწვავედ განიცდის ინვესტიციებისა და ელექტროენერგიის დეფიციტს.
თუკი არ შესრულდება დიდი შეკვეთები, თუკი გაიზრდება აშშ-ის დამოკიდებულება ჩრდილოეთის მარშრუტზე და ტვირთები გვერდს აუვლიან პაკისტანს, ვფიქრობ, ეს მათ ძალიან დააზარალებს...
შაშანკ ჯოში

საქმე ისაა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტის ბლოკადის შემთხვევაში ფინანსურად ძალზე დაზარალდებიან ის კომპანიები, რომელთა უკან გავლენიანი ინტერესთა ჯგუფები დგანანო, - ამბობს ჩვენს რადიოსთან საუბარში შაშანკ ჯოში, გაერთიანებული სამეფოს სამსახურების ლონდონის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი:

„ამ საქმიანობაში ჩართული პაკისტანის ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კავშირში არიან პაკისტანის არმიის თადარიგში მყოფ წარმომადგენლებთან, საკმაოდ გვარიან სარგებელს შოულობენ ამერიკული აღჭურვილობის გადაზიდვით. თუკი არ შესრულდება დიდი შეკვეთები, თუკი გაიზრდება აშშ-ის დამოკიდებულება ჩრდილოეთის მარშრუტზე და ტვირთები გვერდს აუვლიან პაკისტანს, ვფიქრობ, ეს მათ ძალიან დააზარალებს“.

რაკი პაკისტანზე გამავალი მარშრუტი ცენტრალური ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ადრეც არა ერთხელ ჩაკეტილა, ნატომ თადარიგი დაიჭირა და მოახდინა მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაცია. ავღანეთში განლაგებული კოალიციური ძალები სამხედრო დანიშნულების ტვირთების 80 პროცენტს ამჟამად ჩრდილოეთის სადისტრიბუციო მარშრუტის საშუალებით იღებენ.
ეს გაართულებს ოპერაციებს, ეს დააბრკოლებს და კიდევ უფრო გააძვირებს გარკვეული აღჭურვილობის შეტანას ავღანეთში, რადგან დუბაიდან და რეგიონში მდებარე სხვა პორტებიდან სულ უფრო მეტი აღჭურვილობის საჰაერო გზით სასწრაფო გადატანა გახდება საჭირო...
შაშანკ ჯოში

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუკი პაკისტანზე გამავალი სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტი ჩაიკეტება, ეს სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ნატოს იმ გეგმებზე, რომლის თანახმად, 2014 წლისათვის ავღანეთი ალიანსის საბრძოლო ქვედანაყოფებმა უნდა დატოვონ. თანაც, პაკისტანის სიახლოვე და მისი საზღვაო პორტები კვლავაც დიდ მნიშვნელობას იძენს იმით, რომ იაფი მარშრუტია ავღანეთში მყოფი ნატოს საერთაშორისო ძალების მომარაგებისათვის, - დასძენს შაშანკ ჯოში:

„ეს გაართულებს ოპერაციებს, ეს დააბრკოლებს და კიდევ უფრო გააძვირებს გარკვეული აღჭურვილობის შეტანას ავღანეთში, რადგან დუბაიდან და რეგიონში მდებარე სხვა პორტებიდან სულ უფრო მეტი აღჭურვილობის საჰაერო გზით სასწრაფო გადატანა გახდება საჭირო. ეს კიდევ უფრო გააძვირებს ისედაც წარმოუდგენლად ძვირად ღირებულ სამხედრო ოპერაციას“.

თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალიო, ამბობს შაშანკ ჯოში. ამერიკის სარდლობას მარტივად შეუძლია გაანადგუროს გარკვეული ტიპის სამხედრო აღჭურვილობა, მიჰყიდოს სამხედრო ტექნიკა ავღანეთის არმიას ანდა გაზარდოს იმ ტვირთების მოცულობა, რომლებიც ჩრდილოეთის სადისტრიბუციო არხებით დატოვებენ ავღანეთს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG