Accessibility links

logo-print

რასმუსენი: რუსეთი არა პარტნიორად, არამედ მტრად აღგვიქვამს


ნიუ-იორკში მყოფი ნატოს გენერალური მდივანი „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტ სკოტ სტერნსთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს ავღანეთის, სირიის და უკრაინის პრობლემებზე.

ანდერს ფოგ რასმუსენმა საუბარი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებით დაიწყო. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი დარწმუნებულია იმაში, რომ ავღანეთს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი შესწევს. ის მიესალმება ძალაუფლების გადანაწილების კონცეფციას, რომელზეც ავღანეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი აშარაფ ღანი და მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი, აბდულა აბდულა შეთანხმდნენ.

ნატო მოელის, რომ ავღანეთთან ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 2015 წლის იანვარში ალიანსის წინამძღოლობით დაგეგმილი საწვრთნელი მისია დაიწყება. შედეგად იქ საერთაშორისო კოალიციის ძალების ჩანაცვლება მოხდება, რომელიც ავღანეთში 2001 წლიდან მოყოლებული იმყოფება. საბოლოო ჯამში კი ავღანეთის უსაფრთხოება ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ თალიბანის ძალებთან გამკლავებას დამოუკიდებლად შეძლებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ გეგმის მიხედვით, ამ წლის ბოლომდე ავღანეთის უსაფრთხოების ძალები შეძლებენ მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ისინი უსაფრთხოების ოპერაციებს მთელი გასული წლის მანძილზე უძღვებოდნენ და საკმარისი პროფესიონალიზმით ართმევდნენ თავს შედარებით რთულ სიტუაციებს“ - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.

რაც შეეხება ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო იერიშებს, რასმუსენი აცხადებს, რომ მას ამ კამპანიაში ფორმალური როლი არ აქვს. საერთაშორისო კოალიციაში, რომელმაც იერიში სირიის და ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ექსტრემისტ სუნიტ დაჯგუფებაზე მიიტანა, შეერთებულ შტატებთან ერთად 5 არაბული ქვეყანა -ბაჰრეინი, ყატარი, საუდის არაბეთი და იორდანია- მონაწილეობენ. თუმცა, ნატოს გენერალური მდივანი იმასაც ამბობს, რომ ერაყის ახალი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ალიანსი მზად არის იქ წვრთნის მისია განაახლოს.

„ასევე გადავწყვიტეთ დაზვერვის და სხვა ტიპის ინფორმაციის გაცვლის საქმე გავაძლიეროთ, რათა გავლენა იმ რისკის და საფრთხეების შემცირებაზე მოვახდინოთ, რასაც უცხოელი მებრძოლების ჩვენთან, საკუთარ სამშობლოში დაბრუნება გვიქმნის“ - აცხადებს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა „საერთაშორისო ნორმების აშკარა დარღვევას“ წარმოადგენს, რაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დამოკიდებულებას ოფიციალურ მოსკოვთან სამუდამოდ შეცვლის.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ისტორიული შანსი მოგვეცა, რომ ევროპაში რაღაც ახალი შეგვექმნა - ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. ამ კუთხით რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებლად საჭირო იყო. თუმცა, დღეს მივედით იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩვენ არა პარტნიორად, არამედ მტრად აღგვიქვამს. ჩვენ ამ ფაქტთან ადაპტირება მოგვიწევს“ - აცხადებს ის.

სექტემბრის ბოლოს ანდერს ფოგ რასმუსენი პოსტს დატოვებს. მას გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის 5-წლიანი ვადა ეწურება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახალი ხელმძღვანელი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯენს სტოლტენბერგი ხდება.

XS
SM
MD
LG