Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს 2017 წლის პირველი სხდომა გაიმართა


ნატოს გენერალურმა მდივანმა „ხანგრძლივი“ და „გულღია“ შეხვედრა უწოდა ელჩების დონეზე ნატოს შტაბბინაში გამართულ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომას, რომლის ფონია მოსკოვსა და ბრიუსელს შორის არსებული უთანხმოება ნატოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებისა და უკრაინაში არსებული კრიზისის გამო. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევა და კონფლიქტის ზონაში მძიმე ტექნიკის არსებობა, რაც საომარ ესკალაციას უწყობს ხელს.

გადმოწერა

„ამ კვირის დასაწყისში ეუთომ გვაცნობა, რომ აკრძალული იარაღი ყოველ წუთში ლამის ორჯერ გამოიყენებოდა, ხოლო ეუთოს დამკვირვებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა შეესრულებინათ თავიანთი საქმე. ისინი აწყდებიან მკაცრ შეზღუდვებს გადაადგილების დროს, ზოგჯერ კი თავადვე იქცევიან სამიზნედ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს თავისი ძლიერი გავლენა დონბასელ სეპარატისტებზე, რომლებიც, იენს სტოლტენბერგის თქმით, არ ასრულებენ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს, მიმოქცევაში შემოიღეს რუსული რუბლი და ხელთ იგდეს უკრაინული კომპანიები.

ნატო-რუსეთის საბჭოს 2017 წლის პირველ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ასევე დასავლეთ რუსეთში სამი ახალი რაკეტსაწინააღმდეგო დივიზიონის განლაგებისა და ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს სარდლობით მოქმედი ოთხი საბრძოლო ბრიგადის ფორმირების ფაქტზე. ამ ფონზე ალიანსის გენერალურმა დირექტორმა ნატოსა და რუსეთის ელჩების შეხვედრას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი „უფრო ღია და პროგნოზირებადი ურთიერთობის დასამყარებლად“.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო პროგნოზირებადი და უფრო გამჭვირვალე ურთიერთობისკენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ჩვენ ვაძლიერებთ სამხედრო საქმიანობას ალიანსის საზღვრებზე. იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა უფრო განმტკიცდება მეტი ბრიფინგებით, წვრთნებისა და სამხედრო ქმედებების შესახებ მეტი ორმხრივი ინსტრუქტაჟით და იქცევა კარგ პლატფორმად იმაზე მსჯელობისთვის, თუ როგორ ვიაროთ წინ, როცა საქმე შეეხება საფრთხის შემცირებასა და სამხედრო საკითხებზე კომუნიკაციის არხების გაძლიერებას“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა მის დასავლეთ საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე. იგულისხმება ალიანსის ოთხი გაძლიერებული სამხედრო ბრიგადის განთავსება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი მესხოვზე დაყრდნობით იუწყება.

2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ნატომ რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვიტა. მოსკოვთან კომუნიკაციის ერთადერთ არხს წარმოადგენს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე, რომლის ფარგლებში შარშან სამი შეხვედრა გაიმართა. ნატო-რუსეთის საბჭოს წლევანდელი წლის პირველი შეხვედრა წინ უძღოდა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას, რომელშიც 31 მარტს პირველად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

რექს ტილერსონი ბრიუსელში თურქეთიდან ჩავა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, და ანკარას ალიანსის მტკიცე მხარდამჭერი უწოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG