Accessibility links

logo-print

იენს სტოლტენბერგს რუსეთის ქმედებები „მიუღებლად“ მიაჩნია


იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რასაც ალიანსის უმაღლესი ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, 5 ოქტომბრის საგანგებო სხდომა მიეძღვნა, „მიუღებელია“. მოკავშირეებმა, სტოლტენბერგის თქმით, მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს თურქეთს და დაგმეს რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, თუმცა მხოლოდ ამით არ ამოიწურება ალიანსის შეშფოთება რუსეთის ქმედებებით:

„შეშფოთებული ვარ იმითაც, რომ რუსეთის ავიაცია ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ კი არ იღებს მიზანში, არამედ იერიში მიაქვს სირიის ოპოზიციასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. სირიაში არსებულ ვითარებაზე გასულ კვირაში ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ვიმსჯელეთ. მოვუწოდებ რუსეთს შეასრულოს კონსტრუქციული როლი და ითანამშრომლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა შეთანხმებულად ვეცადოთ სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას“.

რუსეთი საინფორმაციო ომის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს ცნობებს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ და კვლავინდებურად აცხადებს, რომ მისი ავიაცია სირიაში მხოლოდ ექსტრემისტებისა და ტერორისტების სამხედრო ობიექტებს ბომბავს. როდესაც რუსეთის ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვის მიერ სირიაში დამატებითი სამხედრო ძალების სავარაუდო გადასროლაზეც გაამახვილა ყურადღება:

„არ მინდა კონკრეტული ციფრების დასახელება, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეიმჩნევა რუსეთის ძალების მნიშვნელოვანი ზრდა არა მხოლოდ საჰაერო და საჰაერო-თავდაცვის ძალების, არამედ სირიაში არსებულ საავიაციო ბაზებთან დაკავშირებული სახმელეთო ძალების სახითაც. ჩვენ ვხედავთ ასევე რუსეთის სამხედრო ხომალდების რაოდენობისა და საზღვაო კომპონენტის ზრდას სირიის მახლობლად და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით. ასე რომ, გასული კვირების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალა სირიაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა სხვადასხვა სახის აღჭურვილობითა და შეიარაღებით“.

ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, მყიფეა ვითარება უკრაინაში, თუმცა არის დამაიმედებელი ნიშნებიც. კერძოდ, ასეთად მიაჩნია იენს სტოლტენბერგს დონბასელი სეპარატისტების მიერ დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გადავადება, რაც, მისი თქმით, 2 ოქტომბერს პარიზში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგად იქნა მიღწეული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG