Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა ნატოს საქართველო


ლინკოლნ მიჩელი
ლინკოლნ მიჩელი

ნატოს უელსის სამიტამდე და შემდეგაც საქართველოს რთული გზა ექნება გასავლელი, რადგან ალიანსში არიან ქვეყნები, - და, გავრცელებული კლიშეს თანახმად, ეს არ არის მხოლოდ ერთი დიდი ევროპული ქვეყანა, - რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო ჯერ არ არის მზად ალიანსის წევრობისათვის. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას საკუთარი აზრი გაუზიარა ლინკოლნ მიჩელმა. სტრატეგიული კომუნიკაციების, პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევების ცნობილი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა დიდ საფრთხეს წარმოადგენს თავად ნატოსათვის:

„დღეისათვის მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა [MAP] და ვერც იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად ასე იქნება. მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ, როგორც ბათუმის კონფერენციის (28-29 ივნისის) ერთ-ერთ პენალზე ითქვა, ეს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე გადაიყვანს, ვითარებაში, როდესაც ნატოში არის მსჯელობა ქვეყანაზე, რომელიც არ არის ალიანსის წევრი. და ეს იქნება ძალიან მგრძნობიარე პერიოდი რუსეთთან მიმართებით, პერიოდი, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება. მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, - არსებობს ამის კარგი საფუძველი, - რომ ეს მგრძნობიარე პერიოდი დასრულდება მაშინ, როდესაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატო ხომ უსაფრთხოებაა! და არ არის საჭირო ამაზე გაუთავებელი საუბარი, რადგან ნატოში გაწევრიანება არ იქნება იოლი, ეს იქნება ეკლიანი გზა. მიიღებს თუ არა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის, ლაპარაკი იმაზე, რომ MAP-ი რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს, რომ რუსეთი, აი, ასე და, აი, ისე მოიქცევა, არასწორია. ცხადია, რუსეთი მოიქცევა თავისი რწმენის შესაბამისად, მისი რწმენა კი იმაში მდგომარეობს, რომ არ სურს საქართველო იხილოს ნატოში, ნატოს კი სურს, რომ საქართველოს პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან. ეს საქართველოსთვის სახიფათო ფაქტორია. მე არა მგონია, რომ ნატოში იყვნენ ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს MAP-ი, რადგან ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს. ეს ცუდი გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ, ამასთან, ნატოში არის რამდენიმე ქვეყანა, და ეს არ არის მხოლოდ ერთი დიდი ქვეყანა, არამედ არიან სხვებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს MAP-ს. მათ არ სურთ, რომ იბრძოლონ და წავიდნენ „ვა ბანკზე“ საქართველოს გულისთვის, რაც, ჩემი აზრით, სხვა ყველა დანარჩენზე უფრო დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. და ეს არის ის, რაზეც დღეს ბევრი ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია. უბრალოდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ცუდია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ვიბრძოლოთ საქართველოსთვისო, და ასეთი მიდგომა, დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნატოს შიგნით. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არ არის აშშ, არც ბალტიისპირეთის ქვეყნებია. ლაპარაკია უფრო სხვა - დიდ თუ საშუალო მოცულობის - ევროპულ ქვეყნებზე. და ეს ის მიდგომაა, რომელიც საქართველომ უნდა დაძლიოს“.

ლინკოლნ მიჩელის აზრს ეთანხმება ზაალ ანჯაფარიძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი და პუბლიცისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „The Moscow Times”-ში გამოაქვეყნა ანალიტიკური წერილი, სათაურით „ნატო საქართველოს სჭირდება, როგორც არასდროს“. მაგრამ სჭირდება თუ არა ნატოს საქართველო, რომელსაც არა აქვს იდეალური მდგომარეობა, თუნდაც რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო?

„ამას წინათ ჩვენთან იყო ჩამოსული, თუ არ ვცდები, ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, ჯობია შეხვიდეთ ნატოში ამ ტერიტორიების (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) გარეშე, ვიდრე საერთოდ დარჩეთ ალიანსის მიღმაო. ეს, ფაქტობრივად, პირველი ღია მინიშნებაა იმაზე, რომ ეს ტერიტორიული პრობლემა არის რეალური ბარიერი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ახლა ჩვენი საზოგადოება როგორ მიიღებს ამას და როგორ აუხსნის ამას ჩვენი ხელისუფლება, ეს უკვე სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ პრორუსული და ანტინატოური ძალები (საქართველოში) ძალიან კარგად ახერხებენ ამ ფაქტორის ექსპლუატაციას თავის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში, რომელსაც ისინი აწარმოებენ და უნდა გითხრათ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეს ნოყიერ ნიადაგს პოულობს. ამიტომ ნატოს მიერ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ასეთი განწყობები ქართულ საზოგადოებაში და მან უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში შიდაპოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG