Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეშფოთებულია ნატოსა და საქართველოს დაახლოებით


რუსეთის მუქარანარევი განცხადებების მიუხედავად, ნატო და საქართველო მაღალ შეფასებას აძლევენ ამჟამად მიმდინარე ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებას და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასაც ხედავენ. მოსკოვის შემდეგ განცხადებები თბილისსა და ბრიუსელშიც გაკეთდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად განიხილება.

გადმოწერა

ნატოსა და საქართველოს გამორჩეულ პარტნიორობაზე ილაპარაკა 16 ნოემბერს თბილისში, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილემ, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა. ითქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატოს ეგიდით მიმდინარე წვრთნებსა თუ ოპერაციებში და რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობის საგანგებო მასშტაბებს. როგორც ოფიციალური წყარო იტყობინება, ადმირალი მანფრედ ნილსონის მონაწილეობით თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ძირითადი განსახილველი თემა იყო „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისს ამ მნიშვნელოვანი სამხედრო ღონისძიების ფარგლებში სხვა მაღალი სტუმრებიც ჰყავდა და მათ შორის იყვნენ პოლონეთისა და ლიტვის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსები.

მრავალეროვანი სამხედრო სწავლება, რომელსაც „კრწანისში“ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე მასპინძლობს, 13 ქვეყნის 250 სამხედროს ითვლის. პროცესის მნიშვნელობასა და წარმატებაზე 16 ნოემბერს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც ილაპარაკა.

ლევან იზორია
ლევან იზორია

„თავად ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად პირველად ნატოს ისტორიაში ეს წვრთნები აისახა ნატოს რეგულარული წვრთნების ციკლში. პირველად მასპინძლობს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მეორე საერთაშორისო წვრთნა... მინდა ჩვენი კოლეგების პირველადი შტაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატოს ღირსეული პარტიორია და, ბუნებრივია, მსგავს წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებსა და პარტნიორობის გაგრძელების პერსპექტივებზე 15 ნოემბერს ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ილაპარაკა. მართალია, მან საგანგებოდ აღნიშნა, ვითარების გამწვავების საფრთხე დიალოგის გზით უნდა დავძლიოთო, მაგრამ ისიც გარკვევით მიანიშნა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობის სრულიად კანონიერ პროცესს მესამე ძალა ვერაფრით შეაჩერებს:

„ნატოს ქმედებები სრულად თანხვედრი და შესაბამისია მის საერთაშორისო ვალდებულებებთან და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ახლო პარტნიორთან - საქართველოსთან... ახლახან ვიყავი საქართველოში და მხურვალედ მივესალმები მოვლენათა განვითარებასა და პარტნიორობის გაძლიერებას ნატოსა და საქართველოს შორის. ზოგადად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია სიმშვიდე და პროცესების ცივი გონებით განსჯა. ჩვენ უნდა დავსხდეთ და გამოვნახოთ გზები დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, უნდა გავაგრძელოთ დიალოგი რუსეთთან სხვადასხვა საკითხის განსახილველად - მათ შორის არის გამჭვირვალობის შემცირების რისკი, დაკავშირებული სამხედრო აქტივობის გაზრდასთან ჩვენი საზღვრების სიახლოვეს - და ნატო სწორედ ასე გააგრძელებს... ახლო მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ნატო-რუსეთის საბჭოს ახალი შეხვედრის გამართვას“.

ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა გააკეთა სამშაბათს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ის რუსეთის უარყოფითი რეაქციის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.

ამ შემთხვევაში საუბარია ტექსტზე, რომელიც 15 ნოემბერს რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მოსკოვი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ნატოელი მოკავშირეების ეგიდით წელს უკვე მესამე სამხედრო წვრთნა ტარდება საქართველოში და „გეგმაზომიერად იზრდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბი და ინტენსივობა, ნატოს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით“. ამავე ტექსტში რუსეთის საგარეო უწყება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს საკუთარი ინტერპრეტაციით იხსენებს:

ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ (რუსეთმა) თავზეხელაღებული ნაბიჯი არ გადადგას, მისი შემაკავებელი ფაქტორი არის სწორედ უფრო მეტი სამხედრო წვრთნები და უფრო მეტი სამხედრო კომპონენტის გაძლიერება იმ პოტენციურად მოწყვლად რეგიონებში, როგორიც არის შავი ზღვის რეგიონი...
ბათუ ქუთელია

„(ნატოს) მსგავს აქტივობაში რუსეთი ხედავს სერიოზულ საფრთხეს სტაბილურობისა და მშვიდობისთვის რეგიონში. თავიანთი შეშფოთება არაერთხელ გამოუხატავთ საქართველოს სხვა მეზობლებსაც - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს... ყველას გვახსოვს, რომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულმა დაპირებებმა, რომლებიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაისმა, თბილისს უბიძგა დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუს მშვიდობისმყოფლებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლის აგვისტოში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღშფოთებულია იმით, რომ თბილისთან ამჟამინდელ სამხედრო პარტნიორობას ალიანსი რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილად განიხილავს. „ხოლო როლი, რომლის შესრულებასაც საქართველო თავის თავზე იღებს, ართულებს რუსულ-ქართული ურთიერთობის გაჯანსაღების დადებით პროცესს“, - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააფრთხოს რუსეთის მსგავსმა მუქარანარევმა განცხადებებმა, რადგანაც ნატოს აქტიურობის პირობებში რუსეთი მოერიდება დესტრუქციული გეგმების განხორციელებას:

„ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ (რუსეთმა) თავზეხელაღებული ნაბიჯი არ გადადგას, მისი შემაკავებელი ფაქტორი არის სწორედ უფრო მეტი სამხედრო წვრთნები და უფრო მეტი სამხედრო კომპონენტის გაძლიერება იმ პოტენციურად მოწყვლად რეგიონებში, როგორიც არის შავი ზღვის რეგიონი. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ნატოს წვრთნები არის ერთ-ერთი მთავარი მასტაბილიზებელი ფაქტორი“.

რუსეთის მიერ აპრობირებული ტაქტიკის შესაბამისად, ბათუ ქუთელია არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის კვალდაკვალ, მოსკოვმა ექსპერიმენტები ჩაატაროს და სხვადასხვა პროვოკაციის გზით გამოსცადოს - რა სადამდე გაუვა და სადამდე აპატიებენ მას წითელი ხაზების გადაწევას. თუმცა, ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, არც ბათუ ქუთელიას სჯერა, რომ რუსეთის ასეთი ჩანაფიქრი შედეგის მომტანი იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG