Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გახმაურებულმა მიდგომამ, რომ ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში. არის თუ არა ეს ნატოს მიერ ნათქვამი საბოლოო უარი? რა დგას ფრანსუა ოლანდის სიტყვების უკან? არის თუ არა ეს რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის მცდელობა და რა მოეთხოვება ამ შემთხვევაში საქართველოს?

სიტყვები, რომლებმაც საქართველოს მსგავსად, თავსატეხი სხვა არაერთ ქვეყანას გაუჩინა, საფრანგეთის პრეზიდენტმა სამშაბათ საღამოს პარიზში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, წარმოთქვა:

ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ნატოში გაწევრიანების სურვილი, ყველა ასეთი ქვეყნის განაცხადი უნდა იყოს უარყოფილი, რადგანაც, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს“.

იმ ფაქტმა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს სიტყვები ნატოს გენერალური მდივნის თანდასწრებით წარმოთქვა, გააჩინა დამატებითი შეკითხვა: ხომ არ არის ეს უკვე შეთანხმებული პოზიცია ალიანსის შიგნით და საბოლოოდ ხომ არ დაიხურა ალიანსის კარი?

ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს დამოუკიდებელ ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს, რომელიც, ფრანსუა ოლანდის სიტყვების კვალდაკვალ, ჯერჯერობით ვერ ხედავს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის იმ გადაწყვეტილების გაუქმების საფრთხეს, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ექსპერტის დაკვირვებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის პოზიცია გამოხატა:

„ჯერჯერობით ნატოს წევრი არც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერს არათუ მსგავსი, არამედ იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რომ ნატოს გაფართოება არ არის მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, ჩემი პირველადი შეფასებით, ეს რჩება საფრანგეთის პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებად ამ საკითხის მიმართ... თუმცა ამ ფაქტის სათანადოდ არშეფასება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგანაც საფრანგეთი არის ალიანსის სერიოზული, წონიანი წევრი და, რა თქმა უნდა, მის აზრს ალიანსში ამგარიშს უწევენ“.

იმოქმედებს თუ არა ფრანსუა ოლანდის განცხადება ნატოს გეგმებზე, ამას, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ყველაზე უკეთ გამოამჟღავნებს დამოკიდებულება „არსებითი პაკეტის“ გეგმების მიმართ. კერძოდ, თუკი საფრანგეთის მსგავს პოზიციას სხვა ქვეყნებიც გამოავლენენ, შესაძლოა შეყოვნდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში ამოქმედების საკითხი, თუმცა ექსპერტი მაინც ვარაუდობს, რომ ფრანსუა ოლანდის განცხადება არის, რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპაში დღეს არსებული მზარდი და მეტად სახიფათო დაძაბულობის განსამუხტად, მოსკოვის გასაგონად გაკეთებული განცხადება, რომ თუკი ის შეწყვეტს აგრესიას უკრაინის მისამართით, შესაძლოა ნატომ უარი თქვას შემდგომ გაფართოებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს ალიანსის უკანდახევას.

ნატო პრევენციის მექანიზმია და ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები იყვნენ, ყოველთვის საკუთარ თავს იცავდნენ და რუსეთსა თუ საბჭოთა კავშირს არ შეეძლო შეტევა განეხორციელებინა მათზე. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენ ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან...

ფრანსუა ოლანდის სიტყვები რუსეთს რომ ესიამოვნებოდა, ეს ცხადია შორენა ლორთქიფანიძისთვისაც. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი ტაქტიკური სვლა „დროის გაყვანის მიზნით“ და რომ ამ პროცესში საქართველოს ინტერესები არ დაზარალდება:

„არ ველოდები იმას, რომ რუსეთთან ვაჭრობაში საქართველო გაიცვლება... ეს ნაბიჯი, შესაძლოა, შეთანხმებული და დაკავშირებული იყოს უკრაინასთან, მინსკის მოლაპარაკებებთან... „მისტრალის“ მიყიდვასაც აპირებდა საფრანგეთი რუსეთისთვის, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო“.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფრანსუა ოლანდის განცხადება საქართველოს ხელის ჩაქნევის საფუძველს არ აძლევს და რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელი შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაასმაგებული ძალისხმევით იზრუნოს.

იმას, რომ ნატოში გაწევრიანების სურვილი რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ახირება არ არის და ეს მთლიანად ქართველი ხალხის დროში გამოცდილი, ძლიერი გადაწყვეტილებაა, შეერთებულ შტატებში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც გაუსვა ხაზი. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუმრობისას მან თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტია და რომ სწორედ ამიტომ მიიწევს მისკენ რუსეთისგან მრავალგზის შევიწროებული, ოკუპირებული, მაგრამ მშვიდობისმოყვარე საქართველო:

„ნატო პრევენციის მექანიზმია და ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები იყვნენ, ყოველთვის საკუთარ თავს იცავდნენ და რუსეთსა თუ საბჭოთა კავშირს არ შეეძლო შეტევა განეხორციელებინა მათზე. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენ ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან".

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG