Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს ნატოს მე-4 და მე-5 მუხლები?


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქულ სამხედრო თვითმფრინავში.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქულ სამხედრო თვითმფრინავში.

26 ივნისს - მას შემდეგ, რაც სირიამ თურქეთის რეაქტიული თვითმფრინავი ჩამოაგდო - თურქეთმა, ნატოს დამფუძნებელი შეთანხმების მეოთხე მუხლის თანახმად, კონსულტაციის გამართვისკენ მოუწოდა ალიანსის შტაბბინას. შეხვედრამდე ანკარამ განაცხადა, რომ ნატოსგან მოითხოვს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. მიუხედავად იმისა, რომ ნატომ საბოლოოდ უარი თქვა კოლექტიური თავდაცვის მექანიზმების ამოქმედების განხილვაზე, მაინც საინტერესოა, რას ნიშნავს ნატოს შეთანხმების ეს ორი მუხლი და როგორ ხდებოდა წარსულში მათი გამოყენება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რაიმე დაემუქრება. პრაქტიკაში ეს მუხლი იშვიათად გამოიყენება და ძლიერ პოლიტიკურ ნიშანს წარმოადგენს დანარჩენი მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ ნატო შეშფოთებულია კონკრეტული ვითარებით. ასეთი საკონსულტაციო შეხვედრა, ანკარის თხოვნით, ბრიუსელში 26 ივნისს გაიმართა, სირიის მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. თუმცა შეხვედრაზე არ განხილულა საკითხები, რომლებიც შეეხება შეთანხმების მე-5 მუხლის ამოქმედებას კოლექტიური თავდაცვის მიზნითო, განაცხადა საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

”ჩვენ არ განგვიხილავს ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლი. ჩვენი კონსულტაციები ეფუძნებოდა მე-4 მუხლს, რაც სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. კონსულტაციების ინიციატორი იყო თურქეთი. ჩვენ განვიხილეთ ვითარება და მოკავშირეები თურქეთს სოლიდარობას და სრულ მხარადაჭერას უცხადებენ,” - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ცნობილია როგორც ”ერთი ყელასათვის და ყველა ერთისათვის” და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. თუმცა მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის ”სამხედრო ძალების” გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ნატოს შიგნით იყო გარკვეული დაძაბულობა იმის გამო, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა მოხდებოდა სინამდვილეში, როდესაც ნატო რამდენიმე პრევენციულ ნაბიჯს გადადგამდა, თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე ...
იან დევისი

თეორიულად, მე-4 და მე-5 მუხლების ამოქმედების განხილვა შესაძლებელია ნატოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. თუმცა, თუ ნატოს ისტორიას გავიხსენებთ, ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ ერთხელ - 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ - ამოქმედდა მეყსეულად. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თანაშემწე ედგარ ბაკლი, რომელიც 1999-2003 წლებში ალიანსის დაგეგმარებისა და ოპერაციების ოფისს ხელმძღვანელობდა, თავის სტატიაში აღნიშნავდა, რომ მეხუთე მუხლი, ალიანსის წევრების კოლექტიური გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტომატურად შევიდა ძალაში ისე, რომ არც ერთი წევრი სახლმწიფოს თხოვნა არ ყოფილა.

სხვათა შორის, ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას თურქეთი ჯერ კიდევ 2003 წელს, ერაყის ომის დროს, ითხოვდა და მაშინ ნატომ ამ თხოვნას თურქეთ-ერაყის საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებით უპასუხა. თუმცა ამ ნაბიჯებსაც კი 9 წლის წინ საკმოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ალიანსში, რომლის წევრებიც პირველ ადგილზე ერაყში მიმდინარე სამხედო მოქმედებებს აყენებდნენო, - იხსენებს ინტერნეტსაიტ NATO Watch-ის დირექტორი იენ დევისი.

”ნატოს შიგნით იყო გარკვეული დაძაბულობა იმის გამო, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა მოხდებოდა სინამდვილეში, როდესაც ნატო რამდენიმე პრევენციულ ნაბიჯს გადადგამდა, თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ალიანსმა გაგზავნა ”ავაქსის” ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი და თურქეთის ტერიტორიაზე ”პატრიოტის” სისტემის სარაკეტო თავდაცვის დივიზიონი განათავსა. მაგრამ ეს იყო ორიოდე თვით 2003 წლის დასაწყისში და ამის გაკეთებაც კი საკმაოდ სადავო გახდა ნატოს შიგნით. ასე რომ, ვფიქრობ, ამის მსგავსი რამ აუცილებლად მოხდებოდა იმ შეხვედრაზე, რომელიც ნატოში ამ დილით გაიმართა.”

უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოს შიგნით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კონსენსუსის პრინციპით, ალიანსის 28-ვე წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერით, მიიღება და ყველა ქვეყანას თანაბარი მდგომარეობა აქვს.

თუმცა ხშირად გაიგონებთ, ნატოს უსაფრთხოების გარანტიები შესაძლოა უფრო მეტად მის მხოლოდ რამდენიმე წევრზე ვრცელდებოდეს და არა ყველაზეო. თურქეთი ნატოს სტაჟიანი წევრია, მაგრამ ევროპის პერიფერიაზე იმყოფება. არსებოს თუ არა ზეწოლა ნატოზე, რათა ალიანსმა პოზიტიურად უპასუხოს თურქეთის მოთხოვნას იმის სადემონსტრაციოდ, რომ ნატოს ყველა წევრი თანაბარია? - რა თქმა უნდა, არის.

ცივი ომის შემდგომი ეპოქის შემდეგ, ნატო წლებია ცდილობს ხელახლა განსაზღვროს საკუთარი მისია და გაფართოვდეს ისე, რომ არ დააკნინოს უსაფრთხოების გარანტიები. ეს პრობლემა კიდევ ერთხელ დადგა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც გასული თვის ბოლოს გაიმართა.

მაგრამ როდესაც კოლექტიური თავდაცვის მექანიზმებზეა საუბარი, ხშირად ისმის კითხვა: რა კავშირშია ნატოს მეხუთე მუხლის მოქმედება გაეროს ქარტიასთან?

ნატოს მეხუთე მუხლში ხაზგასმულია, რომ სამხედრო ალიანსის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის შესახებ დაუყოვნებლად უნდა ეცნობოს გაეროს უშიშროების საბჭოს და რომ ”სამხედრო ზომები შესაძლოა შეიზღუდოს, როდესაც უშიშროების საბჭო მიიღებს აუცილებელ ზომებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნებისათვის.” მეტიც, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანხმად, აღნიშნულ შეთანხმებას არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა გაეროს ქარტიის ხელმომწერი წევრების უფლებებსა და მოვალეობებზე, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომლის ”უმთავრეს ვალდებულებას” მშვიდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG