Accessibility links

logo-print

ნატო მხარში უდგას თურქეთს სირიასთან დაპირისპირებაში


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში, 26 ივნისს.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში, 26 ივნისს.

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო მხარში უდგას თურქეთს სირიასთან დაპირისპირებაში, რომელიც გაამწვავა სირიის მიერ გასულ კვირაში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ. „ალიანსის უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ მხარში ვუდგავართ თურქეთს ძლიერი სოლიდარობის სულისკვეთებით“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს ელჩების შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე არ უმსჯელიათ ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის ამოქმედებაზე, რაც მოჰყვებოდა თვითმფრინავის ჩამოგდების მთელს ალიანსზე თავდასხმად მიჩნევას. ნატოს ელჩების შეხვედრამდე ანკარამ განაცხადა, რომ ნატოელ მოკავშირეებს სთხოვს მე-5 მუხლის ამოქმედებას, რათა დახმარება მიიღოს სირიიდან მომდინარე საფრთხისაგან საზღვრის დასაცავად.

დღეს სირიასთან დაძაბულობაზე იმსჯელეს თურქეთის პარლამენტშიც. როგორც დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თურქეთის სამხედრო ძალები ამიერიდან საპასუხო ზომას მიმართავენ სირიელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში. ერდოანის თქმით, სირიის ვერტმფრენები ბოლო ხანს ხუთჯერ შეიჭრნენ თურქეთის საჰაერო სივრცეში, რასაც საპასუხო ზომა არ მოჰყოლია. მაგრამ სირიის მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ვითარება შეიცვალა. „ამ, ბოლო ინციდენტის შემდეგ ახალ ეტაპზე გადავედით. ჩვენ არასოდეს შევეგუებით, ან დავტოვებთ დაუსჯელს სირიის რეჟიმისაგან მომდინარე საფრთხეს ჩვენს საზღვრებზე“, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

სირიის ოფიციალური პირების განმარტებით, პარასკევის ინციდენტისას, თურქეთის თვითმფრინავმა დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და სირიელ სამხედროებს ჰქონდათ მისი ჩამოგდების უფლება. ხოლო თურქეთის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მართლაც შემთხვევით შეიჭრა სირიის საჰაერო სივრცეში, ის უკვე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იყო დაბრუნებული, როცა ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG