Accessibility links

logo-print
„ნატოს ალიანსს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე რთული ათწლეული ელოდება“. ამის თაობაზე 29 ივნისს ბათუმის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სემინარზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენელმა, სტივენ სესტანოვიჩმა. ნატოს წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების ფონზე, რამაც სესტანოვიჩის თქმით, შესაძლოა შეაჩეროს ალიანსის გაფართოება, ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი საქართველოს „სინგაპურის მოდელის“ არჩევას სთავაზობს.

რადიო თავისუფლება: გუშინ თქვენ ივარაუდეთ, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ნატოს პრობლემები ელოდება. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა პრობლემებს გულისხმობდით?

სტივენ სესტანოვიჩი: მგონია, რომ პრობლემები აშკარაა. ალიანსს ელოდება ათწლეული, როდესაც რესურსები ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება. ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ამცირებს თავდაცვის ბიუჯეტს. ამასთან ერთად არსებობს პოლიტიკური ნებისა და ენერგიის პრობლემა. ეროვნული უსაფრთხოების გარდა, ლიდერები მუშაობენ სხვა საკითხებზეც. ბოლოს, არსებობს შეკითხვები სტრატეგიული მიმართულების თაობაზე. შეთანხმებულია თუ არა ალიანსი იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს? ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხია “არა”. ეს ალიანსისთვის უპრეცედენტო პრობლემა არაა. გასულ წლებში მას იდენტობის კრიზისი არაერთხელ გადაუტანია. თუმცა ახლა ისეთი დროა, როდესაც ყველა ეს პრობლემა ერთდროულად წამოიჭრა. ალიანსის წევრებს ეშინიათ, რომ ისინი ნაკლებად ერთსულოვნები იქნებიან, ვიდრე წარსულში, რადგან ახლა გადაუდებელი პრობლემები აღარ აწუხებთ და თან ვერ თანხმდებიან განვითარების საერთო გეგმაზე.

რადიო თავისუფლება: ამის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ ალიანსის გაფართოების ახალი ეტაპი, რომელსაც ელოდება ბევრი ქვეყანა, მაგალითად, საქართველო?

სტივენ სესტანოვიჩი: ვფიქრობ, რომ გაფართოება ნაკლებად პრიორიტეტული იქნება, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება გაფართოება. ჯერ კიდევ არიან გაფართოების მომხრეები. ალიანსს აქვს ”ღია კარის” პოლიტიკა და ის ამ პოლიტიკის ერთგული იქნება. მაგრამ მრავალი საკითხი იქნება გადადებული და დროში გაწელილი. ვფიქრობ, რომ გაფართოებაც ასეთი საკითხია. მიუხედავად საერთო თანხმობისა, რომ ალიანსმა ახალი წევრები უნდა მიიღოს, იქნება უფრო მეტი ყოყმანი. თუკი ალიანსის წევრებს საკითხის გადადების საბაბი მიეცემათ, ისინი ამ საბაბს გამოიყენებენ.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად ამისა, გუშინ თქვენ საქართველოს მთავრობას მოუწოდეთ, გააგრძელოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და არ დაიხიოს უკან. ამის მაგალითად კი თქვენ სინგაპური მოიყვანეთ. შეგიძლიათ დააზუსტოთ, რა მსგავსებებია ამ ორ ქვეყანას შორის?


სტივენ სესტანოვიჩი: ჩემი წარმოდგენით, გაურკვევლობისა და შესაძლო ცვლილებების პერიოდში მაინც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება პარტნიორებთან, ქვეყნებთან, რომელთანაც ალიანსს უკვე აქვს მტკიცე კავშირები და რომლებიც ერთ დღეს გახდებიან ალიანსის წევრები. ამ პარტნიორებს შესაძლოა ჰქონდეთ დიდი ზეგავლენა სტრატეგიულ და ინტელექტუალურ დებატებზე ალიანსის შიგნით. სინგაპურის მაგალითი გამოვიყენე იმიტომ, რომ 1970-1980-იან წლებში, ვიეტნამის ომის შემდეგ, როდესაც ამერიკის აზიელი მოკავშირეები გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ, სინგაპურმა საკუთარი ბაზები გახსნა ამერიკის ფლოტისთვის. სინგაპური სტრატეგიულ რჩევებს აძლევდა ამერიკელ ლიდერებს, აღრმავებდა რეგიონალურ თანამშრომლობას პოლიტიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოების საკითხებში. ეს ქვეყანა საერთაშორისო ეკონომიკაში ჩაერთო მაღალი ტექნოლოგიების დონეზე. სინგაპურის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ჩამოაყალიბა ამერიკის დღევანდელი როლი აღმოსავლეთ აზიაში. შეერთებული შტატების უფრო მეტი ხომალდი სტუმრობს სინგაპურს, ამერიკელები ყურადღებით უსმენენ სინგაპურელ დიპლომატებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობენ. შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ASEAN-თან, რომელიც ახლა უკვე წარმატებული რეგიონალური ორგანიზაციაა. ბოლოს, ამერიკას უფრო ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები აქვს ინტეგრირებულ სინგაპურთან. საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელიც საინტერესოა შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ რომლის თაობაზეც არაა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული ამერიკის სამომავლო პოლიტიკა. საქართველოს შეუძლია სინგაპურის მსგავსი როლის შესრულება. ანალოგიას ძალიან მკაცრად ნუ შევხედავთ, მაგრამ ეს ანალოგია შეგვახსენებს, რომ შემოქმედებითი უნარის მქონე სახელმწიფო მოღვაწეებსა და პოლიტიკას შეუძლია სიტუაციის შეცვლა. მინდა ვთქვა, რომ სინგაპურმა ეს ყველაფერი გააკეთა ამერიკის ოფიციალურ მოკავშირედ გახდომის გარეშე. მიუხედავად ამისა, ის ახლო თანამშრომელი და პარტნიორი გახდა. საქართველოს, რომელსაც ბევრი შემოქმედებითი ადამიანი და სტრატეგიული მოაზროვნე ჰყავს, ამის მსგავსი შესაძლებლობა აქვს.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ხომ არ გგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეთანხმებული არიან ევროატლანტიკურ საერთაშორისო პოლიტიკაზე, გააღიზიანებს ამგვარი მიმართულება, რომ ნატოსთან ურთიერთობა გადაეწყოს სინგაპურის მსგავსად?

სტივენ სესტანოვიჩი: ქართველებისთვის, ვინც ასე წარმატებით იმუშავა ნატოსთან, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, გაღიზიანების ბევრი მიზეზი არსებობს, თუ ამ ორგანიზაციაში წევრობა მალე არ მიიღწევა. მაგრამ მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან, შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან ისეთი წარმატებულია, რომ მას შეუძლია ამ ურთიერთობების გაღრმავება. საქართველო არ უნდა იყოს იმედგაცრუებული და არ უნდა დაიხიოს უკან. პირიქით, მე ვთავაზობ, რომ საქართველო უფრო მნიშვნელოვანი გახდეს ალიანსისთვის. ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ, იქნება თუ არა გაწევრიანების კუთხით წინსვლა მომავალ რამდენიმე წელს. შეიძლება ეს ასეც მოხდეს. თუმცა ამისგან დამოუკიდებლად, საქართველომ ხელმისაწვდომი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და უფრო მნიშვნელოვანი, აუცილებელი გახდეს დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებთანაც მას საერთო ინტერესები და ღირებულებები აკავშირებს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მომხიბლავი ქვეყანაა ამ რეგიონში. მან ხელიდან არ უნდა გაუშვას ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს მეგობრობა და ნდობა ქმნის. საქართველოს პოლიტიკა იმდენად წარმატებული იყო, რომ ის არ უნდა იყოს იმედგაცრუებული. პირიქით, ეს მიღწევები საქართველომ უნდა მიიჩნიოს სამომავლო წინსვლის საფუძვლად.

რადიო თავისუფლება: როგორ აფასებს ამერიკის პოლიტიკური ელიტა საქართველოს ახალ მთავრობას? დარწმუნდნენ თუ არა ამერიკაში, რომ ახალი მთავრობა იზიარებს წინას საგარეო მისწრაფებებს და მიაჩნიათ თუ არა ივანიშვილი და მისი კაბინეტი სანდო პარტნიორებად?

სტივენ სესტანოვიჩი: ვფიქრობ, რომ ამერიკელებს ორი რეაქცია ჰქონდათ მიმდინარე მოვლენებზე. ერთი მხრივ, მათი რეაქცია ასახავს იმას, თუ რას ეუბნებიან მათ ქართველები. საქართველო რჩება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის ერთგული. ეს იმედის მომცემია. პოლიტიკური ცვლილებების ნებისმიერი პერიოდი ბუნებრივად წინ წამოსწევს კითხვებს შესაძლო ახალ მიმართულებებზე. ამგვარად, ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან, რათა გაიგონ, თუ რა არის ამ ცვლილების მნიშვნელობა. მაგრამ ამერიკელები ენდობიან საქართველოს დემოკრატიულ ინსტინქტს და იმედოვნებენ, რომ საქართველოში ინსტიტუტები, რომელთაც ეფუძნება დემოკრატია, ძლიერია. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ქართველები კვლავინდებურად იქნებიან დასავლური მოდელის ერთგულნი. ვფიქრობ, რომ ეს თვალსაზრისი სანდოა. მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის საჭიროა სიტყვების ქმედებებით დადასტურება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG