Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოზე და ნატოზე ეჭვიანობს


რუსეთის მწვავე უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველო მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მიიწევს წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველოს რეფორმატორული წარმატებები, რაც ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის ფარგლებშიც გამოვლინდა, ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს უელსის სამიტის შედეგებზე. კომისიის სხდომაზე, ბრიუსელში, ნატოსა და საქართველოს ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები განიხილებოდა. ეს იმ ფონზე, როცა მოსკოვი საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვებსაც კი აკონტროლებს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკისა და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე გაიმართა და, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველომ - ამ მისთვის მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე - მაღალი შეფასებები დაიმსახურა:

”ცალსახად დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის პროცესში მიღწეული პროგრესი - ის თავსებადობა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს გააჩნია ალიანსის ძალებთან. სწორედ აღნიშნული დადებითი შეფასება დაედება საფუძვლად იმ შეფასების დოკუმენტს, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მომზადებული ნატოს საერთაშორისო სამსახურის მიერ, რომელიც მიეწოდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს, რათა მომზადდეს შესაბამისი გადაწყვეტილებები უელსის სამიტისთვის.”

დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ მიხეილ დარჩიაშვილი ამბობს, რომ ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილებოდა და ეს ის თემაა, რომელთანაც რუსეთს ცხოველი ინტერესი აკავშირებს. მოსკოვს ეჭვები და შეკითხვები რომ აწუხებს, ეს ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა. მოსკოვს აინტერესებს, თუ რა კონკრეტული გეგმები არსებობს საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსების ჭრილში და ვისგან უნდა დაიცვას საქართველო, მაგალითად, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ, თუკი ის განთავსდება საქართველოს ტერიტორიაზე. 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშევიჩმა პირდაპირ თქვა, რომ მოსკოვი ”დააფრთხო” თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ ვაშინგტონში გაკეთებულმა განცხადებამ და მოწოდებამ, რომ საქართველოში ნატოს თავდაცვითი საშუალებები განთავსდეს. რუსეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი საერთოდ არ ფიქრობს მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებაზე.

ალექსანდრ ლუკაშევიჩი გულისხმობს ირაკლი ალიასანიას მოწოდებას, რაც 30 აპრილს, ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაისმა და რომელსაც თავის დროზე ნაჩქარევი და შეუთანხმებელი უწოდა კოალიცია ”ქართული ოცნების” რამდენიმე წარმომადგენელმა. ირაკლი ალასანია კი თავის აზრზე დარჩა და სულაც არ თვლის გასაკვირად, რომ თავდაცვის მინისტრი ნატოსგან თავდაცვით საშუალებებს ითხოვს და არა, მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტებს. რუსეთის საგარეო უწყებას თავდაცვის მინისტრმა 23 მაისსაც ზოგადი კომენტარით უპასუხა:

”ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ამას წინ ვერაფერი აღუდგება. ქართული ჯარის განვითარებას წინ ვერაფერი აღუდგება.”

ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ხედავს და როგორც მან ორიოდე დღის წინ აღნიშნა, ეს პროცესი ”წარმატებით მიმდინარეობს”. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც 19 მაისს, ყოველთვიური პრესკონფერენციის ფარგლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განმარტა:

”ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ეს მოიცავს ასევე პრაქტიკულ თანამშრომლობას სამხედრო ჭრილში. თუმცა როცა უფრო კონკრეტულად საქმე შეეხება სამხედრო საშუალებების მიწოდებას ან დამონტაჟებას, ასეთი გადაწყვეტილებები ნატოს ცალკეული წევრების მისაღებია - რომ ამ მხრივ დაუკავშირდნენ საქართველოს. ”

თუკი საქართველო, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში, თავდაცვით საშუალებებს მიიღებს ალიანსის წევრი რომლიმე ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოსგან, გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს რაიმე სახის პასუხისმგებლობის აღებას უშუალოდ ნატოს მიერ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ეს პროცესი ბევრ სარგებელს მოუტანს საქართველოს:

”ჩვენ, ფაქტიურად ,მზად ვიქნებით სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური კუთხით ევროატლანტიკური სივრცის. მერე უკვე პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ასპექტების ჯერი. ეს მთლიანობაში, ბუნებრივია, კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და აჩქარებს. ”

ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთმა კარგად იცის, რომ ნატო არ დაიწყებს მასთან ომს საქართველოს გამო, მაგრამ რუსეთი მაინც შიშობს, რომ ნატო გაიმყარებს პოზიციებს საქართველოში, უფრო მტკიცე დასაყრდენს შეიქმნის საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური მიზნებისთვის და, შესაძლოა, მაგალითად, - ”წინმსწრები ბაზირების ზონაც” კი შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის თაობაზე, შესაძლოა აღქმულ იქნეს ნატოს წევრი სახელმწიფოებისადმი მოწოდებად, რომ მათ ამ მხრივ ითანამშრომლონ საქართველოსთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG