Accessibility links

თუკი გასული კვირის ბოლოს ნატოზე საუბარს ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი განსაზღვრავდა, ახალი კვირის დასაწყისში უკვე ნატოს სამხედრო კომიტეტი დაიკავებს საქართველოს საინფორმაციო სივრცეს. საქართველოში 11-12 თებერვალს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი, უხელმძღვანელებს.


მივედი, ვნახე, შევაფასე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ნატოს ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურის წარმომადგენლების ორდღიან ვიზიტს საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას უწოდებს:

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შემდეგ ეს არის დონით მეორე კომიტეტი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და იშვიათად დადის პარტნიორ ქვეყნებში. ამიტომ ეს თავისთავად არის ძალიან კარგი პოლიტიკური სიგნალი, მაგრამ, გარდა ამ სიმბოლური მხარისა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული დატვირთვა.,იმიტომ რომ წლის პირველი ნახევარი, გარკვეულწილად, იქნება გადამწყვეტი და განმაპირობებელი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ უელსში და, საერთოდ, როგორი იქნება უელსის [ნატოს] სამიტის დღის წესრიგი“.
ახლა, წლის დასაწყისში, ამ კომიტეტის ჩამოსვლა ჯერ ერთი, ძალიან კარგი ნიშანია და ძალიან დაეხმარება როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ისე მთლიანად ქვეყანას, რომ ეს პროცესი, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, წარვმართოთ სწორად და წარმატებულად, იმისათვის რომ შემდეგ იყოს სათანადოდ შეფასებული...

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, საქართველო ალიანსის პოტენციურ წევრად ითვლება. დეკლარაციით, რომელსაც ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს მეთაურმა მოაწერა ხელი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, როდესაც შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველომ წლიდან წლამდე უნდა აჩვენოს პროგრესი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის საქმეში და მოახდინოს სახელმწიფოს მოდერნიზება დასავლური სტანდარტების მიხედვით. ყველა პირობა ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშია გაწერილი, რომლის შესრულების პროგრესსაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე აძლევენ შეფასებას ნატოს წარმომადგენლები.

ამ თვალსაზრისით, დავით დონდუას თქმით, ნატოს თავდაცვის კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, ისტორიულის გარდა, პრაქტიკული მნიშვნელობაც ექნება:

„წლის პირველ ნახევარში ნატომ გადაწყვიტა, რომ დააკვირდეს ოთხივე ასპირანტ ქვეყანას. ჩვენ და ბალკანეთის სამ MAP-ის ქვეყანას და სადღაც ივნისისათვის შეიმუშაოს რაღაც ერთიანი მიდგომა იმისადმი, თუ როგორ უნდა მოიქცეს უელსის სამიტის დროს. ამიტომ ახლა, წლის დასაწყისში, ამ კომიტეტის ჩამოსვლა ჯერ ერთი, ძალიან კარგი ნიშანია და ძალიან დაეხმარება როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ისე მთლიანად ქვეყანას, რომ ეს პროცესი, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, წარვმართოთ სწორად და წარმატებულად, იმისათვის რომ შემდეგ იყოს სათანადოდ შეფასებული“.

თუ რა მოხდება ნატოს უელსის სამიტზე, ეს ჯერ არც ბრიუსელში იციან და არც თბილისში, თუმცა რაღაც სასიკეთოს მოლოდინი ორივეგან აქვთ.


“მოწიფული დემოკრატია”, ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე, 5 თებერვალს, საქართველოს მაღალი შეფასება მისცა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საგანგებოდ გაუსვა ხაზი „მოწიფულ დემოკრატიას“ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ სემინარების ჩატარება იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ის რეფორმები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა, გავუზიაროთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სჭირდებათ ასეთი გამოცდილება...
ასეთი შექება უდავოდ კარგი სტიმულია და საქართველოს ხელისუფლებაც უფრო ოპტიმისტურად უყურებს დასავლეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შანსებს. როგორც პოლიტიკურ ელიტას უყვარს ჩვენში თქმა, საქართველო უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ მოიხმარს უსაფრთხოებას, არამედ გასცემს კიდეც მას. იგულისხმება ავღანეთში 1650 ქართველი ჯარისკაცის ყოფნა, რითაც საქართველო თავად მასზე ბევრად აღმატებულ ნატოს წევრ სახელმწიფოთა შორისაც კი ლიდერობს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შთამბეჭდავი ბონუსი ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, უსაფრთხოების გარდა, საქართველოს თურმე ექსპორტზე რეფორმების გატანაც შეუძლია:

„საქართველო ჩაითვალა, თავდაცვის სამინისტრო, რომ უკვე აქვს შესაძლებლობა ექსპორტზე გაიტანოს ეს რეფორმები. ჩვენ მივიღეთ სპეციალური წერილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისაგან და ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ სემინარების ჩატარება იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ის რეფორმები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა, გავუზიაროთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სჭირდებათ ასეთი გამოცდილება“.

ჯერ ექსპორტზე ვერ გაიტანს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს სამხედრო ტექნიკის ნიმუშების შექმნას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე. იანვრის დასაწყისში საწარმოში ქართველი კონსტრუქტორების მიერ წარმოებული ახალი სამხედრო პროდუქტის - ე.წ. ინტეგრირებული ქსელების მანქანის - პრეზენტაცია გაიმართა.

თანამედროვე კავშირგაბმულობის მანქანამ, კონსტრუქტორთა ჩანაფიქრით, ბრძოლის დროს მობილური არმიისთვის ზუსტი ინფორმაციის სწრაფად, საიმედოდ და დაცულად გადაცემა-მიღება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მსგავსად, თავდაცვის მინისტრი საბრძოლო კავშირგაბმულობის მანქანაზეც ოპტიმიზმით ლაპარაკობს.

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

„პროდუქცია გატესტილია. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია სამხედროების შეფასებებიც. მთავარია, რომ გავითვალისწინეთ 2008 წლის ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც აგრესიული ომი აწარმოეს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველაზე უფრო მეტი დეფიციტი სწორედ კავშირგაბმულობაში, მართვის სისტემაში ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, ეს შეკვეთა იყო მიცემული „დელტასთვის“. მათ ეს ამოცანა ძალიან კარგად შეასრულეს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ გაიტესტება ჩვეულებრივ სამუშაო საბრძოლო ვითარებებში. მაგრამ მთავარია, რომ დღეს აქვთ საიმედო კავშირგაბმულობა, რაც ნიშნავს დაშიფრულ კავშირს უკვე ბატალიონების დონეზე. ეს მნიშვნელოვანი იქნება მთელი საბრძოლო მოქმედებების კავშირგაბმულობის ინტეგრირებისთვის“, - განაცხადა პრეზენტაციაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

აღსანიშნავია, რომ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის კავშირგაბმულობის მანქანა მსუბუქი ჯავშანმანქანა „დიდგორის“ უნიფიცირებული პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. თავად „დიდგორის“ წარმოება კი საქართველოში წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ამ ტექნიკის ბრძოლისუნარიანობა და რენტაბელობა თავის დროზე დიდ კრიტიკას იწვევდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთა მხრიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, ან „დიდგორის“ პლატფორმა არ ყოფილა მთლად გადასაგდები, ანდა ხელისუფლების ცვლილებამ იმოქმედა სასიკეთოდ სამხედრო მრეწველობაზე, რომელიც, ალასანიას თქმით, მომავალში „საზოგადოებას სხვა წარმატებულ პროექტებსაც გააცნობს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG