Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი რუსეთზე: საჭიროა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ზომები


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უარყოფს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკას ალიანსის მისამართით და აცხადებს, რომ ნატომ უნდა მიმართოს როგორც სამხედრო ზომებს, ისე პოლიტიკურ დიალოგს რუსეთთან ურთიერთობაში.

სტოლტენბერგმა ეს შეფასება გამოთქვა მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, არ არის საჭირო „იარაღის ჟღარუნით“ კიდევ უფრო გავამწვავოთ რუსეთთან ურთიერთობაო. ამ და ზოგ სხვა თემაზე ესაუბრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ნატოს გენერალურ მდივანს.

ბოლო დღეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მეტად კრიტიკულ განცხადებას ნატოს მისამართით: გერმანიის გაზეთმა „ბილდ ამ ზონტაგმა“ 19 ივნისს გამოაქვეყნა შტაინმაიერთან ინტერვიუ, რომელშიც ის აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო მანევრებსა და ვარშავაში ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით ამბობს: „დღეს რაც არ უნდა ვაკეთოთ, არის ის, რომ იარაღის ხმამაღალი ჟღარუნით და საომარი შეძახილებით კიდევ უფრო გავამწვავოთ ვითარება. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ უსაფრთხოება გაიზრდება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე ტანკების სიმბოლური აღლუმებით“, - უთხრა გაზეთს შტაინმაიერმა, რომელიც გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. ის კოალიციელმა პარტნიორებმაც კი გააკრიტიკეს. კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის - თავმჯდომარე ფოლკერ ბუფიემ ნატოზე შტაინმაიერის განცხადებას უწოდა „არასწორი სიგნალი პუტინისათვის“.

როგორ აფასებს საკუთრივ ნატოს გენერალური მდივანი გერმანელი მინისტრის კრიტიკულ განცხადებას? ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა დაუსვა იენს სტოლტენბერგს. პასუხად სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა ალიანსის ორმხრივ, ორმიმართულებიან მიდგომაზე რუსეთთან ურთიერთობაში: „ნატოში სრული თანხმობაა თავდაცვისა და დიალოგის საკითხში. გვჭირდება ძლიერი თავდაცვა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ასევე გვჭირდება პოლიტიკური დიალოგი ძალადობის განმხუტვისათვის. 28-ვე ნატოელი მოკავშირე ემხრობა ამ ორმხრივ მიდგომას. მე მივესალმები როგორც გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას დიალოგისაკენ მიმართული ძალისხმევისადმი, ისე გერმანიის წვლილს აღმოსავლეთში ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაში“, - განაცხადა დიპლომატიურად ნატოს გენერალურმა მდივანმა.

არანაკლებ დიპლომატიურად უპასუხა სტოლტენბერგმა შეკითხვას, გაუკვირდა თუ არა შტაინმაიერის მწვავე კრიტიკა ალიანსის მისამართით: „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო ერთსულოვანია, როცა საქმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე მიდის ხოლმე: იქნება ეს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება მაშინ, როცა დესტაბილიზაცია იზრდება, გამოწვევები იზრდება, თუ ერთსულოვნება მაშინ, როცა ვცდილობთ თანამშრომლობის გააქტიურებას და უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობას რუსეთთან. ორმხრივი მიდგომა არის ის, რაც ზუსტად შეესაბამება იმას, რაც მრავალი, მრავალი წელი არის ნატოში გერმანიის მესიჯი“.

სტოლტენბერგთან ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო საქართველოსაც. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა დასვა შეკითხვა, ხომ არ მოახდენს რუსეთი საქართველოში, მოლდავეთსა ან უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ნატოს მიერ აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის ძალების გაზრდაზე საპასუხოდო. „ეს სრულიად გაუმართლებელი რეაქცია იქნებოდა, რადგან ეჭვი არ არის, რომ ის, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი ზომები და, ამავე დროს, რეაქცია იმაზე, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა ყირიმის უკანონო ანექსიით. მაგრამ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მხოლოდ შეზღუდული ძალების ყოფნაა. ის გზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა იქნება თავდასხმა მთელ ალიანსზე. მაგრამ ეს არანაირად არ არის ზომა, რომელიც გაამართლებდა, მაგალითად, უკრაინის ან მოლდავეთის მეტ დესტაბილიზაციას“, - განაცხადა ზემოხსენებული კითხვის პასუხად ნატოს გენერალურმა მდივანმა 20 ივნისს, ნორვეგიის საპორტო ქალაქ ტრონდჰაიმში ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დაწყებამდე.

ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა იმითაც, იწვევს თუ არა ალიანსის შეშფოთებას რუსეთის კუთვნილი კალინინგრადის ოლქის მილიტარიზაცია. ზოგი ცნობით, რუსეთმა კალინინგრადში უკვე განათავსა ბირთვული ქობინებით აღჭურვილი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები.

„რამდენიმე წელია ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას მთელ რეგიონში - ბარენცის ზღვიდან, ბალტიის ზღვიდან და კალინინგრადიდან ქვემოთ, შავ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთამდე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ მიმართავს ნატო საპასუხო ზომებს, რატომ ავამაღლეთ ჩვენი ჯარების მზადყოფნა და ასევე რატომ გავზარდეთ ნატოს ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. მაგრამ არ გვსურს ახალი ცივი ომი! არ გვსურს რუსეთთან კონფრონტაცია და ამიტომ ის, რასაც ვაკეთებთ, თავდაცვისთვისაა. ეს არის პროპორციული რეაქცია და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა არ უპასუხა ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას იმის თაობაზე, მართლაც განათავსა თუ არა რუსეთმა კალინინგრადში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები. თუ განათავსა ან განათავსებს, ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, ისევე როგორც პოლონეთს. მიმდინარე თვეში ნატომ პოლონეთსა და ლიტვაში ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიეკუთვნებოდა ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მანევრებს ცივი ომის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG