Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მუშაობს ახალ ზომებზე თურქეთის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. თურქეთი, ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლა, ნატოს მომავალი როლი ავღანეთში, უკრაინის საკითხი, რუსეთთან ურთიერთობა და ჩერნოგორიისათვის ნატოში გაწევრიანების შეთავაზება - ეს საკითხები შედის ნატოს 1-2 დეკემბრის მინისტერიალის დღის წესრიგში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა 1 დეკემბერს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთსა და ალიანსის წევრ თურქეთს, განმუხტონ დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა 24 ნოემბრის ინციდენტს - თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხზე - თურქეთის უსაფრთხოების გაძლიერებაზე - საუბრისას, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაბამისი ზომები ნატომ ჯერ კიდევ 24 ნოემბრის ინციდენტამდე დაგეგმა, ისლამურ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხის გაძლიერების ფონზე.

„ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას სამხრეთიდან მომდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად. ძალადობრივი ექსტრემიზმის გააქტიურება და ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმები ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს თვისებრივად ახალ გამოწვევასთან. ჩვენი ჯარების გაზრდილი მზადყოფნა (...) უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთის მიმართულებით. ვიმუშავებთ მორიგ ზომებზე თურქეთის უსაფრთხოების დასაცავად და გავაძლიერებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, საკუთარი თავის დაცვის უნარის გასაზრდელად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

აჰმეტ დავუთოღლუ

აჰმეტ დავუთოღლუ

მას არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს ითვალისწინებს თურქეთის უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესება. მისი თქმით, ალიანსი მრავალი წელია ეხმარება ანკარას საჰაერო თავდაცვის სფეროში. ამ კვირაში, ანუ თურქეთის მიერ რუსეთის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ, მოსკოვმა გამოაცხადა, რომ სირიაში თავის სამხედრო ბაზაზე განათავსა ს-400 კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც, გიორგი კვირიკაშვილი. ცნობების თანახმად, მისი პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეობას ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაში და ორმხრივ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან.

მინისტერიალის დროს იმსჯელებენ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც და ზომებზე, სტოლტენბერგის სიტყვებით, როგორ შეიძლება „ისევ პროგნოზირებადი გახდეს“ რუსეთთან ურთიერთობა: „რასაც უკვე დიდი ხანია ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი მოწინავე სამხედრო აღჭურვილობას განათავსებს როგორც სირიაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ისე ნატოს საზღვრების გასწვრივ სხვაგან, ევროპაში. ჩვენ ამას ვხედავთ ზემოთ, ჩრდილოეთში, ამას ვხედავთ ბალტიის ზღვაში, განსაკუთრებით კალინინგრადში და ამას ვხედავთ შავ ზღვასა და ყირიმში“.

საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ გადაწყვეტენ, მიიწვიონ თუ არა ჩერნოგორია ნატოში გასაწევრიანებელი მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა ის ალიანსის 29-ე წევრი გახდეს...

რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგში დგას. ნატო, სავარაუდოდ, შესთავაზებს ჩერნოგორიას ალიანსში გაწევრიანებას, რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად.

„საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ (2 დეკემბერს) გადაწყვეტენ, მიიწვიონ თუ არა ჩერნოგორია ნატოში გასაწევრიანებელი მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა ის ალიანსის 29-ე წევრი გახდეს“, - განაცხადა მინისტერიალის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა. ალიანსის წარმომადგენლებმა კი ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრეს, რომ 2 დეკემბერს ჩერნოგორიას ოფიციალურად მიიწვევენ ალიანსში და ეს, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, რომ „პროვოკაციად“ მიიჩნევს ნატოში ჩერნოგორიის შესვლას. ნატოს გაფართოების ჯერჯერობით ბოლო ეტაპი იყო 2009 წელს ალიანსში ალბანეთისა და ხორვატიის მიღება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG