Accessibility links

logo-print

ნატოს სამიტი ვარშავაში ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურების ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო. ამის პარალელურად, ასევე დახურულ კარს მიღმა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციამ ამ სხდომისათვის ჩამოიტანა წინადადება, რომელიც უკვე მოექცა ვარშავაში აკრედიტებული მედიის ყურადღების ცენტრში.

საქართველო ერთგული რჩება ნატოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და მზად არის კიდევ ორი წლით დატოვოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში. თბილისმა ეს გადაწყვეტილება მალევე მიიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ 2017 წლის ბოლომდე დატოვებს თითქმის 9 000 ჯარისკაცს ავღანეთში, რომლის უსაფრთხოების ძალებს ჯერ კიდევ სჭირდებათ გარეშე დახმარება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტ მარგველაშვილის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი სწორედ „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში საქართველოს ქვედანაყოფის დარჩენას შეეხება.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ზრდის ქართველი სამხედროების საბრძოლო თავსებადობას წამყვანი ქვეყნების სამხედრო ძალებთან და კარგი წინაპირობაა ქართული დიპლომატიისათვის საერთაშორისო სარბიელზე დამატებითი დივიდენდების მოსაპოვებლად. ვარშავაში ნატოს სამიტის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ევროატლანტიკურ საკითხთა მინისტრები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო დაცული გახდება. ცხადია, ასეთმა თამამმა მოლოდინმა ერთგვარი ინტრიგა შესძინა ნატოს ვარშავის სამიტს და, სახელდობრ, საქართველო-ნატოს კომისიას. რადიო თავისუფლება შეეცადა კომისიის სხდომის დაწყებამდე ნატოს სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან გაერკვია ზემოხსენებული განცხადებების მნიშვნელობა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უკვე ძლიერდება ნატოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტებით, რომელთაც რეალური დატვირთვა უნდა მიენიჭოთ. ეს, ჩვენი ინფორმაციით, შეეხება საქართველო-ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, რომელიც რუკაზე კი არსებობს, მაგრამ იქ მრავალეროვნული წვრთნები ჯერ არც ჩატარებულა და არც შეფასებულა.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რასაც თბილისს ყველა არსებითი კრიტერიუმის შესრულების შემდეგ ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე დაჰპირდნენ, საქართველოს დელეგაცია კვლავ მოელის, რომ ალიანსის მიერ ნაკისრი ვალდებულება ვარშავის სამიტის დეკლარაციაშიც ჩაიწერება, ოღონდ ერთი დათქმით: „მნიშვნელოვანია ის, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოსათვის უკვე აღარ იქნება საჭირო მეპი, გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა. ნატოში ამაზე უკვე შეთანხმებულნი არიანო“, - უთხრა თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG