Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სემინარი თბილისში


ჰიუ ბეილი, დავით უსუფაშვილი
ჰიუ ბეილი, დავით უსუფაშვილი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ”როუზ-როსის” სემინარს თბილისი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. „სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები“ - ამჯერად ასეთია მთავარი თემა 83-ე სემინარისა, რომელიც სასტუმრო ”ქორთი-იარდ მერიოტში” 29 აპრილს გაიხსნა და1 მაისამდე გასტანს. სემინარში მონაწილეობენ როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციები, ასევე ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე ქვეყნების დელეგაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები. რა ეტაპზეა ქვეყანა ალიანსისკენ მიმავალ გზაზე?

”ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისათვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”, - აღნიშნა სემინარის პირველ დღეს, ორშაბათს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის გამოსვლაშიც არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს უცვლელ და მტკიცე სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და საგანგებოდ გამოიკვეთა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი:

”ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 10 წლის წინ, 2003 წელს, საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს, ვერ გადაუხვევს ამ გზიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ეს არის დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი ერთობის მატარებელი ალიანსი და სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი კარგად გაცნობიერებული არჩევანი”.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში - ის ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის აისაფის (ISAF) მისიაში უმსხვილესი კონტრიბუტორია და ავღანეთში დარჩება 2014 წლის შემდეგაც, ნატოს ახალი მისიის ფარგლებში. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მოკავშირეებს სთავაზობს ”ინფრასტრუქტურას ავღანეთიდან მომავალი ჯარებისა და ტვირთის ტრანზიტის უზრუნველსაყოფად. საქართველო უზრუნველყოფს უმოკლეს, ყველაზე ხელსაყრელ და რენტაბელურ მარშრუტს”.

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თქვენ და რამდენად სწორია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ტერორიზმის მხარდაჭერაში...
გიორგი ბარამიძე
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს დასავლური ორიენტაციის შეცვლის ხარჯზე არ არის განზრახული და რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების აღმოფხვრა დიდწილად კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის საზრუნავად რჩება და, ამ მხრივ, კვლავაც ესმება ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს. ორშაბათის გამოსვლაში რუსეთს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უწოდა ოკუპანტი, ხოლო რაც შეეხება კოჰაბიტაციას, სირთულეების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ წინსვლა ამ მიმართულებითაც შეინიშნება.

”თქვენი გამოსვლა ტრიბუნიდან იყო ისეთი, როგორსაც უნდა ვისმენდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან”, - ბიძინა ივანიშვილს გამოსვლა ამ სიტყვებით მოუწონა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ. თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა იქვე გაიხსენა პრემიერ–მინისტრის მიერ ლოპოტის ხეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, სადაც ფიგურირებდა ვარაუდი, რომ წინა ხელისუფლებამ ჩრდილო კავკასიაში გასაგზავნად გაწვრთნა და შეაიარაღა მებრძოლები. გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ასეთი აქცენტები ეწინააღმდეგება ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის მიზანს:

„რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თქვენ და რამდენად სწორია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ტერორიზმის მხარდაჭერაში; რამდენად მიგაჩნიათ თქვენ, რომ ეს იქნება გამოყენებული რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და რამდენად მიესალმება ამას ნატო და ეს შეუწყობს ხელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას”.

სულ მალე დადგება ის დრო, როდესაც კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, რომელიც მოხსნის ყველა არსებულ ორაზროვნებას ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე...
ბიძინა ივანიშვილი
პასუხად გიორგი ბარამიძის შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას წინა ხელისუფლება ”ტერორისტებთან თანამშრომლობაში” არასოდეს დაუდანაშაულებია, რომ მან მხოლოდ ეჭვი გამოთქვა და მას ამ ტიპის ეჭვები კვლავაც აქვს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და რომ ეს საქართველოს იმიჯზე არანაირ ცუდ ზედავლენას არ მოახდენს. ის ფიქრობს, რომ საქართველოს იმიჯი დაზარალდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ საკითხს თავად საქართველოს ნაცვლად „მესამე სახელმწიფო“ გამოიძიებს.

დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვა, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, ცხადია, სხვადასხვა სახით ”როუზ-როსის სემინარზეც” დაისვა და კონკრეტული პასუხები, ცხადია, ვერც ამჯერად გამოიკვეთა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ”სულ მალე დადგება ის დრო, როდესაც კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, რომელიც მოხსნის ყველა არსებულ ორაზროვნებას ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე”. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი საკითხი ერთგვარი ევოლუციის კონტექსტში განიხილა და საქართველოს მოლოდინს რიტორიკული შეკითხვის სახე მისცა:

”პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, ეს კარები ღიააო და ახლა პრემიერ-მინისტრმა და მე ვიკითხეთ, შეგვიძლია თუ არა ამ კარებში შემოსვლა. პასუხი მივიღეთ, რომ შეგვიძლია შესვლა, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი. მუდმივად წინ უნდა ვიაროთ და ეს სემინარიც და სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც იგეგმება, ამის ნათელი მაგალითია”.

შეკითხვაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უშუალოდ სემინარზეც დასვა და ოდნავ მოგვიანებით ერთობლივ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა, პასუხის გაცემა იმავე პრესკონფერენციაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ სცადა:

”კარი, ცხადია, თითქმის უკვე ღიაა და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. გზად არის კიდევ დარჩენილი საკითხები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. გვსურს, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნეს ამ გზის ბოლომდე გავლა”.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გარე ფაქტორები ვერ შეუშლის ხელს და რომ გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გაცემა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეუძლია. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა თუ სხვა მიმართულებებით წინსვლის შესაფასებლად საბჭოს დელეგაციას თბილისში ივნისში ელოდებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG