Accessibility links

logo-print

ნატოსა და რუსეთს შორის „სერიოზული უთანხმოებები“ რჩება


ნატოს გერენალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

ნატოს გერენალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსისა და რუსეთის წარმომადგენლების „გულახდილმა“ დისკუსიამ კვლავ დაადასტურა „სერიოზული უთანხმოებები“ ორ მხარეს შორის. სტოლტენბერგმა ეს შეფასება გამოთქვა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა - პირველი ასეთი შეხვედრა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ.

ნიშნავს თუ არა სხდომის გამართვა, რომ ნატო მზად არის დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს რუსეთთან ურთიერთობაში, რომელიც მკვეთრად გააუარესა ყირიმის ანექსიამ? ნატოს გენერალური მდივანი წინასწარვე, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვამდე, შეეხო ამ საკითხს.

„ის გარემოება, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას ვმართავთ, არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი ურთიერთობა ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდეს. მაშინ, 2014 წელს, გადავწყვიტეთ ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის შეჩერება და, ამავე დროს, განვახორციელეთ ცივი ომის შემდეგ უდიდესი ცვლილებები ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა და ნატო-რუსეთის საბჭო არის ერთ-ერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი გვქონდეს“, - განმარტა სტოლტენბერგმა 19 აპრილს.

20 აპრილს კი ბრიუსელში გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. ეს ფორმატი 2002 წლიდან არსებობს და მას შემდეგ ორჯერ აქვს შეჩერებული მუშაობა. პირველად ეს მოხდა 2008 წელს, საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ, მეორედ კი 2014-ში, როცა რუსეთმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია. ამის შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა, 2014 წლის ივნისში, თუმცა სტოლტენბერგი რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

რაც შეეხება ნატო-რუსეთის საბჭოს 20 აპრილის სხდომას, მისი დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა განაცხადა: „შეხვედრის დროს განვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი თემა: კრიზისი უკრაინაში და მის გარშემო; სამხედრო აქტივობასთან, გამჭვირვალობასთან და საფრთხეების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები და ის, თუ როგორ უნდა შეფასდეს ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება, რეგიონში ტერორისტული საფრთხეების ჩათვლით. გვქონდა გულახდილი და სერიოზული დისკუსია. ნატოელ მოკავშირეებსა და რუსეთს ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ერთმანეთს მოვუსმინეთ, რა გვქონდა სათქმელი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. იუწყებიან ასევე, რომ ნატოს დიპლომატებმა გამოთქვეს შეშფოთება გასულ კვირაში მომხდარი ორი ინციდენტით, რომელშიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. მათ ახლოს ჩაუფრინეს შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს და თვითმფრინავს.

„ნატოსა და რუსეთს შორის არსებობს სერიოზული და მოუგვარებელი უთანხმოებები. დღევანდელ შეხვედრას ეს არ შეუცვლია. ნატოელი მოკავშირეები მტკიცედ რჩებიან პოზიციაზე, რომ ვერ განახლდება ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობა, სანამ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს. მაგრამ ჩვენ ღიას ვტოვებთ კომუნიკაციის არხებს! განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბულობა მწვავეა, საჭიროა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს შორის უთანხმოებებზე დისკუსიისათვის და სამხედრო ინციდენტების საფრთხეების შესამცირებლად“. - შესაბამისად, ნატოს გენერალური მდივანი 20 აპრილის შეხვედრას მიიჩნევს მხოლოდ „პოტენციურ ნაბიჯად“ ურთიერთობის გამოსწორების გზაზე.

სკეპტიკურად ჟღერდა შეხვედრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენლის, ალექსანდრ გრუშკოს, ნათქვამიც: პრობლემა ის არის, რომ ამჟამად ჩვენს შეხვედრებში პოზიტიური განწყობა არ არისო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG