Accessibility links

logo-print

ალექსეი ნავალნის მძიმე დღე


ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

30 დეკემბერს მთელი დღე ვრცელდებოდა ცნობები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შესახებ. ბოლოს შევიტყვეთ, რომ ნავალნი პოლიციელებმა დააკავეს, როცა ის ცდილობდა მისულიყო მოსკოვის ცენტრში მიმდინარე აქციაზე, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ სასამართლოს ვერდიქტს ოპოზიციის ლიდერისა და მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით.

30 დეკემბრის საღამოს ალექსეი ნავალნიმ მოსკოვის ცენტრში, კრემლთან მდებარე მოედანს მიაშურა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს ოპოზიციონერის დაპატიმრების სცენა. „ტვიტერითვე“ გავრცელდა ნავალნის მოწოდება, „მე ვერ შევძელი მანეჟის მოედანზე მისვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერც შენ შეძლებო“.

მოსკოვის ცენტრში, მართლაც, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. „სირცხვილი!“ „თავისუფლება ძმებ ნავალნებს!“ - ეს შეძახილები ისმოდა მანეჟის მოედანზე, პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებთან ერთად. დემონსტრაციის დაწყებიდან ცოტა ხანში გავრცელდა ცნობა, რომ პოლიციელები დემონსტრანტების დაკავებას შეუდგნენ.

მანამდე მოსკოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, არ წასულიყვნენ აქციაზე ალექსეი ნავალნისა და მისი ძმის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. გადაწყვეტილება კი ასეთი გახლავთ: სასამართლომ ძმები ნავალნები დამნაშავედ ცნო კომპანია „ივ როშეს“ კუთვნილი სახსრების მიტაცებაში, ალექსეი ნავალნის სამ-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა, მის ძმას კი, ოლეგს, - სამ-ნახევარი წლით პატიმრობა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ალექსეი ნავალნიმ ასე მიმართა სასამართლოს შენობასთან შეკრებილ 100-მდე ადამიანს, რომლებიც, ყინვის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ:

„ეს ხელისუფლება არსებობას არ იმსახურებს! ის უნდა განადგურდეს! მოგიწოდებთ დღეს გარეთ გამოსვლისაკენ. ყველას მოგიწოდებთ გარეთ გამოსვლისაკენ, სანამ არ მოვიცილებთ ხელისუფლებას, რომელიც ასე ტანჯავს უდანაშაულო ადამიანებს“.

ის გარემოება, რომ ალექსეი ნავალნის ძმას განსხვავებული განაჩენი გამოუტანეს, ძმების ერთსა და იმავე საქმეზე გასამართლების მიუხედავად, მთავრობის ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ ძმას „მძევლად“ იტოვებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„სირცხვილია, ამას რომ აკეთებთ! მას რაღატომ სვამთ ციხეში? რა ღორობაა, ვერ გავიგე! ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასე კიდევ უფრო დამსაჯოთ?“ -ეს სიტყვები წარმოთქვა ალექსეი ნავალნიმ სასამართლოში მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მის ძმას პატიმრობა მოელის.

ოლეგ ნავალნი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს. არადა, ადვოკატების განმარტებით, კანონით დაუშვებელია წინასწარ პატიმრობაში ყოფნა პირისა, რომელიც ეკონომიკური დანაშაულისათვის არის გასამართლებული და განაჩენი ჯერ არ გაუსაჩივრებია.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ძმებ ნავალნებს დაეკისრათ - თითოეულს - ნახევარი მილიონი რუბლით, ანუ 8,500 დოლარით, განსაზღვრული ჯარიმა და 4,4 მილიონი რუბლის (70 ათასი დოლარის) კომპენსაციის გადახდა მათი თაღლითობით დაზარალებული ერთ-ერთი კომპანიისათვის.

ნავალნი უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, პრეზიდენტ პუტინთან ოპონირების გამო. ადვოკატები ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებენ.

XS
SM
MD
LG