Accessibility links

logo-print

არის თუ არა ალექსეი ნავალნი აგრესიული ნაციონალისტი?


ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

იმ დროს, როდესაც ალექსეი ნავალნი რუსეთში კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების დე ფაქტო ლიდერად ყალიბდება, ბევრი ლიბერალი პოლიტიკოსი, ვინც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ოპოზიციურ მოძრაობას, შეშფოთებას გამოხატავს ნავალნის მიერ წარსულში რუსი ნაციონალისტების მხარდამჭერი გამონათქვამების გამო.

ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის ლიბერალიზაციას უჭერს მხარს, ახლო წარსულში ნაციონალისტების ე.წ. „რუსულ მარშში“ ღებულობდა მონაწილეობას, ხოლო 2011 წლის ოქტომბერში მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას „შეეწყვიტა კავკასიის გამოკვება“. ამ მოწოდებაში, კერძოდ, იგულისხმებოდა კორუმპირებული ჩეჩნეთისა და ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლიკების მთავრობებისათვის დაფინანსების შეწყვეტა:

„მათ, ვინც აქ შევიკრიბეთ, ვიცით და გვჯერა, რომ კავკასიაში არსებობენ ნორმალური ადამიანები და არა მხოლოდ ის მახინჯები, რომლებმაც იქ ძალაუფლება იგდეს ხელთ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ გოგონები, რომელთა ცხოვრების ოცნება ის კი არაა, რომ ჩადრში იყვნენ გახვეული და 25 შვილი გააჩინონ, არამედ იცხოვრონ ადამიანურად და ნორმალურად. ჩვენ ვიცით, რომ იქ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ სწავლა და მუშაობა და რომელთა იდეალსაც არ წარმოადგენს „პორშე კაინე“ და ოქროცურვილი იარაღი“.

2008 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი ამართლებდა და მხარს უჭერდა რუსეთის მიერ წარმოებულ საომარ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარ პოსტზე გამოქვეყნებულ ბლოგებში დამამცირებლად მოიხსენიებდა ქართველებს და ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიიდან მათი გაძევებისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით ნავალნიმ ბოდიში მოიხადა რასისტული სულისკვეთებით გამსჭვალული გამოთქმების გამო, თუმცა ახლა აცხადებს, რომ ზოგიერთ საკითხში კვლავაც უწინდებურ პოზიციაზეა.
მაგალითად, ანტიკორუფციონელ ბლოგერსა და კრემლის კრიტიკოს პოლიტიკოსს არაერთხელ განუცხადებია, რომ არალეგალური ემიგრანტები უნდა განიდევნონ რუსეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისათვის უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი.

კრიტიკოსების პასუხად კი ნავალნი ამბობს, რომ არალეგალური ემიგრაცია რეალური პრობლემაა და ვიდრე საქმე ეროვნულ შუღლამდე არ მისულა, ამ საკითხზე ღია დისკუსიაა საჭირო:

„ეს არის ერთგვარი რეალური დღის წესრიგი. ის არსებობს, მაგრამ რატომღაც ჩვენს ლიბერალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ყველა ეს საკითხი ტაბუირებული უნდა იყოს, რომ თითქოს ამ საკითხების განხილვა დასრულდება იმით, რომ ამოქმედდებიან რუსი ხალხის სულის მითიური და ბნელი ნაწილები და ეს რუსი ხალხი აუცილებლად ჰიტლერს აირჩევს. ყოველივე ეს სრული ბოდვაა“.

თუმცა, ოპონენტების გარდა, ნავალნის ლიბერალურ წრეებშიც ჰყავს მომხრეები. პოლ გოლბი, რუსეთის ეთნიკური საკითხების ამერიკელი ექსპერტი, მიიჩნევს, რომ ლიბერალურმა ოპოზიციამ წლების განმავლობაში დაკარგა ფართო მასების მხარდაჭერა, რადგან იგი გვერდს უვლიდა ისეთ საკითხებს, რომლებიც ეთნიკური რუსების უმრავლესობას აწუხებს. ამიტომ, ექსპერტის აზრით, ნავალნის მხრიდან ამ საკითხებისადმი პოზიციის ღიად დაფიქსირება შესაძლოა პოლიტიკურად მომგებიანი იყოს, თუკი იგი უფრო მეტი სიფრთხილით მიუდგება ასეთ ფაქიზ პრობლემებს.

37 წლის ნავალნის აგრესიულ რიტორიკას და სიხისტეს მისი გამოუცდელობით ხსნის ვეტერანი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა. მიუხედავად ნავალნისთან ტაქტიკურ საკითხებში წარსული უთანხმოებისა, ოპოზიციის ლიდერი და რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერ-მინისტრი ბორის ნემცოვი მოუწოდებს ამომრჩევლებს მოსკოვის მერის 8 სექტემბრის არჩევნებზე მხარი ალექსეი ნავალნის დაუჭირონ. ნემცოვის პოზიციას პრაგმატული პოზიციიდან იზიარებს ცნობილი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკიც, რომელსაც სურს იხილოს „სამართლიანი არჩევნები მოსკოვში, რომელშიც ნავალნი გაიმარჯვებს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG