Accessibility links

logo-print
რუსეთში სასამართლომ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის - პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოპონენტს, რომელიც დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების ორგანიზებაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ცნობილ ოპოზიციონერს ციხეში არ უშვებენ, თუმცა ნვალნისათვის ეს საკმარისი არ არის.

ჩრდილოეთ რუსეთში მდებარე ქალაქ კიროვში საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ხუთწლიანი პატიმრობის ნაცვლად ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. წინა ინსტანციის სასამართლომ ის და მასთან ერთად გასამართლებული პიოტრ ოფიცეროვი წელს ივლისში ცნო დამნაშავედ სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების ორგანიზებაში. ნავალნის ხუთი წლით, ხოლო ოფიცეროვს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციონერი აქტივისტი ბრალდებებს უარყოფს - მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რის გამოც განაჩენი გაასაჩივრა, ისევე როგორც ოფიცეროვმა.

და აი, 16 ოქტომბერს კიროვში მოსამართლემ ორივე პირის მიმართ გააუქმა განაჩენი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა და მათ პირობითი სასჯელი შეუფარდა. ნავალნი ამ გადაწყვეტილებასაც უსამართლოდ მიიჩნევს.

„კი, ეს პირობითი ვადაა და, როგორც ჩანს, შემიფარდეს იმისათვის, რომ ფართო მასა არ აღშფოთდეს. მე ახლა თავისუფალი ვარ, მაგრამ მცირე ადმინისტრაციულ დარღვევასაც კი შეუძლია ამ პირობითი სასჯელის რეალურად ქცევა. ჩვენ, რასაკვირველია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – ამბობს ნავალნი.

პირობითი სასჯელი ნიშნავს, რომ ის ხუთი წელი ვერ შეიცვლის მუდმივ საცხოვრებელს შესაბამისი ორგანოების წინასწარ ინფორმირების გარეშე და რომ თვეში ორჯერ უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ორგანოში, რომელიც პირობითი სასჯელის შესრულებას აკონტროლებს.

„ის, რაც აქ ხდება - სრულიად ნათელია, რომ ყველა გადაწყვეტილება: ჯერ პატიმრობის შესახებ, შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და პირობითი სასჯელის შეფარდება მიღებულია არა აქ, არამედ პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ. მე წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება მის თავში, რატომ ცვლის თავის გადაწყვეტილებებს“, - უთხრა ოთხშაბათს ჟურნალისტებს ნავალნიმ, რომელიც, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

37 წლის ოპოზიციონერმა აქტივისტმა გასულ თვეში მეორე ადგილი დაიკავა მოსკოვის მერის არჩევნებში. ბევრი ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტობას უმიზნებს. როგორც ნავალნი თავის ბლოგში წერს, უცნაური იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამარჯვებად მიჩნევა - მე ხომ ვერ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლადო, წერს ოპოზიციონერი. თუმცა, ამ მხრივ, ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ კვირაში მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეიცვალოს კანონი, რომელიც სერიოზული დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირებს სამუდამოდ უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს გზის გახსნა არჩევნებში ნავალნისა და კრემლის სხვა ოპონენტების ჩასართველად.
XS
SM
MD
LG