Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაათავისუფლეს ნავალნი?


ნავალნის გათავისუფლება
ნავალნის გათავისუფლება
კიროვში მოსამართლემ ოპოზიციონერი ბლოგერის, ალექსეი ნავალნის, განთავისუფლების ბრძანება გასცა. ნავალნის ხუთშაბათს პატიმრობა მიუსაჯეს, გაფლანგვის ბრალდებით, თუმცა პარასკევს პროკურორებმა აპელაციის პროცედურების დასრულებამდე მისი განთავისუფლება მოითხოვეს.

კიროვში მოსამართლემ გასცა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, განთავისუფლების ბრძანება - მისი დაპატიმრებიდან უკვე ერთი დღის შემდეგ. ნავალნის ხუთშაბათს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გაფლანგვის ბრალდებით. მას ბრალად წაყენებული ჰქონდა 2009 წელს 500,000 დოლარის ღირებულების ხე-ტყის მასალების მითვისება და უკანონოდ გაყიდვა.
სახელმწიფო პროკურორი სერგეი ბოგდანოვი გამოვიდა მოწოდებით განთავისუფლდეს ნავალნი, სანამ თავის ადვოკატებთან ერთად გასაჩივრების პროცედურებს დაასრულებს:

„სასამართლოს ვთხოვ, კიროვის ლენინის რაიონის მიერ 2013 წლის 18 ივლისს გამოტანილი ზომა - დაკავება - შეცვალოს გადაადგილების შეზღუდვით“.

ნავალნისთან ერთად სააპელაციო პროცედურების გავლამდე გაათავისუფლეს გასამართლებული, ოთხი წლით პატიმრობამისჯილი პიოტრ ოფიცეროვიც.
სასამართლო სხდომაზე თავად ნავალნიმაც ილაპარაკა და ირონიით გაუსვა ხაზი ცვლილებას პროკურორ ბოგდანოვის პოზიციებში, რომლებზეც ის ხუთშაბათს და პარასკევს იდგა:

„პატივცემულო სასამართლოვ, პირველ რიგში, თქვენს ყურადღებას მივაპყრობდი აუცილებლობას, დადგინდეს პროკურორ ბოგდანოვის ვინაობა. არის შანსი, რომ ეს პირი მისი ორეული იყოს, რომელიც ოპოზიციის წევრებმა შემოაგზავნეს, ვინაიდან პროკურორი ბოგდანოვი ჩემს დაპატიმრებას სასამართლოს დარბაზშივე მოითხოვდა“.

ნავალნი მყისიერად გაათავისუფლეს, თუმცა მას მოგზაურობის უფლება შეუზღუდეს და უბრძანეს არ დატოვოს მოსკოვი - თავისი ოფიციალური საცხოვრებელი ადგილი. თავად ნავალნიმ ამ გადაწყვეტილებას „დიდი სიურპრიზი“ უწოდა.

გაკვირვებას სხვებიც გამოხატავდნენ. ადვოკატმა რობერტ ზინოვიევმა „გაზეტა რუს“ უთხრა, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდებაო. კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვადიმ კლუვგანტმა, ამავე გამოცემასთან საუბარში განაცხადა, პროკურორებს სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილის გასაჩივრების უფლება არ ჰქონდათ, რადგან თავად ითხოვდნენ ნავალნის დაუყოვნებლივ დაპატიმრებასო.

ნავალნიმ განთავისუფლების შემდეგ ბლოგპოსტი გამოაქვეყნა და გადაწყვეტილების შეცვლა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში გამართულ იმ საპროტესტო აქციებს დაუკავშირა, რომლებიც მის დაპატიმრებას მოჰყვა.
სხვა ანალიტიკოსებმა ნავალნის განთავისუფლება დაუკავშირეს მის მონაწილეობას მოსკოვის მერის არჩევნებში. თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას სწორედ ეს მიზეზი მოიტანა კიროვის ოლქის მოსამართლემ, იგნატი ემბასონოვმა:

„საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ნავალნის პატიმრობაში ყოფნა მას არათანაბარ პოზიციაში ჩააყენებდა სხვა რეგისტრირებულ კანდიდატებთან მიმართებით და შეზღუდავდა მის უფლებას არჩეულ იქნეს პოსტზე".

ნავალნი ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატია, რომელიც 8 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებში მოსკოვის მოქმედი მერის - კრემლის ფავორიტი სერგეი სობიანინის - მეტოქე იქნება.

მოსკოვში მცხოვრებმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა მიხეილ ვინოგრადოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში გამოთქვა ვარაუდი, რომ არჩევნებში ნავალნის მონაწილეობა სწორედ სობიანინს სურს, რათა მისი დამარცხებით საკუთარი ლეგიტიმურობის აღქმა გააძლიეროს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნები კონკურენტული იყო.

ალექსეი ნავალნიმ სახელი თავისი ბლოგებით გაითქვა, რომლებშიც სამთავრობო კორუფციაზე წერს.
XS
SM
MD
LG