Accessibility links

logo-print

შეცვლილი რეალობა და ნავთობისა და გაზის პროექტები


საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) მე-14 საერთაშორისო კონფერენცია.

საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) მე-14 საერთაშორისო კონფერენცია.

ნავთობის ფასის შემცირება, ასევე ბუნებრივი აირის გაიაფება და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - ეს ის მოვლენებია, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ნავთობისა და გაზის გლობალური პროექტების მომავალს განაპირობებს. ახალ რეალობაში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და გლობალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე იმსჯელეს საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე.

25-26 მარტს თბილისში უკვე მეთოთხმეტედ გაიმართა საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის კონფერენცია. მისმა მონაწილეებმა შეცვლილი რეალობის ფონზე გაჩენილ პერსპექტივებზე იმსჯელეს. კერძოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სულ უფრო იზრდება ევროკავშირის ქვეყნების სურვილი ბუნებრივი აირი ალტერნატიული წყაროებიდან მიიღონ. ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, არსებული მკაცრი რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა ენერგეტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს:

„ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლის 17 მარტს, როდესაც თურქეთში, ყარსის რეგიონში ხელი მოეწერა ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის დაწყების შესახებ შეთანხმებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკული ინიციატივის სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.“

კახა კალაძე (ცენტრში)

კახა კალაძე (ცენტრში)

კახა კალაძის მიერ ნახსენები ენერგეტიკული დერეფნის განვითარება ამაღლებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებისთვის. იზრდება ასევე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაც, მაგრამ რუსეთის ალტერნატიული ენერგოდერეფნის პროექტის განხორციელებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნავთობის ბაზარზე განვითარებული მოვლენები. ნავთობის ფასის ორჯერ შემცირება, რაც მასზე მიბმული ბუნებრივი აირის ფასის კლებასაც იწვევს, არარენტაბელურს ხდის მთელი რიგი საბადოების დამუშავებას და ახალი მილსადენების მშენებლობას. ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტის ლიანა ჯერვალიძის აზრით, შექმნილ ვითარებაში შესაძლებელია ნავთობის ტრანსპორტირება ზრდის ნაცვლად შემცირდეს კიდეც:

„მოსალოდნელია, რომ ნავთობის წარმოება შემცირდება. ჩვენ ველოდებით, რომ კაშაგანის საბადოდან ნავთობი ჩაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში. მაგრამ არსებული ფასის შემთხვევაში კაშაგანი შეიძლება ვერ გავიდეს საპროექტო მოცულობაზე იმიტომ, რომ საფასო კონიუნქტურა არ იქნება მისთვის ეკონომიკურად მომგებიანი. ამიტომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დგება.“

საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) მე-14 საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) მე-14 საერთაშორისო კონფერენცია

ლიანა ჯერვალიძემ ნავთობისა და გაზის მოპოვების შემცირების სხვა რისკებზეც ისაუბრა. მის მიერ დასახელებული რისკფაქტორების მიუხედავად, გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი სხვა ექსპერტები. საქართველოზე გამავალი სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანში თურქმენეთის რესურსების ჩართვის შესაძლებლობაზე საუბრობს „ტომსონ რეიტერის“ ანალიტიკოსი ალექსანდრ ერშოვი. მისი აზრით, თურქემენეთისთვის სამხრეთის დერეფანი უფრო მიმზიდველია, ვიდრე ჩინეთის ბაზარი:

„რაც შეეხება თურქმენეთისა და რუსეთის თანამშრომლობას, აქ ყველაფერი უღრუბლო არ არის. და ეს იძლევა დამატებით შანსს ტრანსკასპიურ მარშრუტებში ჩაერთოს თურქმენეთი და ევროპა რუსეთის გვერდის ავლით მომარაგდეს. საქმე ისაა, რომ რუსეთი თანდათანობით ამცირებდა თურქმენეთის გაზის შესყიდვებს ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. თურქმენეთს აქვს ალტერნატივა ჩინეთის სახით, მაგრამ აშხაბადისთვის ეს არასოდეს ყოფილა ხელსაყრელი.“

თემურ გოჩიტაშვილი

თემურ გოჩიტაშვილი

„ტომსონ რეიტერის“ ანალიტიკოსი სამხრეთის დერეფნის კონკურენტულ უპირატესობად მიიჩნევს იმასაც, რომ მისი ექსპლუატაცია თურქმენეთ-ჩინეთის მილსადენის მშენებლობის დასრულებამდე გაცილებით ადრე დაიწყება. ამ და სხვა ფაქტორების გამო ოპტიმისტურად არის განწყობილი ნავთობისა და გაზის საკითხების ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი:

„საქმეები ნორმალურად მიდის. უფრო ოპტიმისტური უნდა იყოს განწყობა, ვიდრე აქამდე იყო. დღევანდელმა კონფერენციამაც აჩვენა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს არაფერი ემუქრება, პირიქით, ჩნდება ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის პერსპექტივა. ძალიან გაიზარდა ეს პერსპექტივა, შესაბამისად საქართველოზე გამავალი გაზის ნაკადები გაიზრდება, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგია სატრანზიტო შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით.“​

გიორგი ვაშაყმაძე

გიორგი ვაშაყმაძე

ოპტიმიზმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა სამხრეთის დერეფნის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ქვეყნების გაზმომარაგების დივერსიფიკაციას ტრანსადრიატიკისა და ტრანსანატოლიის მილსადენების გამოყენებით. ევროპისთვის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს გიორგი ვაშაყმაძე, „ვაით სტრიმის კასპიის მილსადენის კომპანიის“ კორპორაციული განვითარების დირექტორი:

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპის კომისია ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა ე.წ. დრაივინგის მექანიზმებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერებულიყო კერძო ინვესტორების ინტერესები სამხრეთის დერეფანთან დაკავშირებით. „ევროპას სჭირდება გაზომვადი“ - ეს არის კომისარ ეტინგერის ძალიან ცნობილი გამოთქმა. გაზომვადი, მოცულობითი კორიდორი უზრუნველყოფს რისკების მაქსიმალურ შემცირებას. არსებული სქემების გარდა, გვაქვს ახალი ინსტრუმენტი, რომელიც გამოაცხადა ბატონმა ჯუნკერმა, ამას ჯუნკერის გეგმასაც კი ეძახიან. დახლოებით 300-მილიარდიან ინვესტიციაზეა საუბარი. ამ თანხის 1/3 ენერგეტიკაზეა გამიზნული და ამ თანხის ძირითადი ნაწილი სამხრეთის დერეფანს მოხმარდება“.

XS
SM
MD
LG