Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთოპროდუქტების ბაზრის კვლევა საქართველოში


ბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ნავთოპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ მეორე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საანგარიშო პერიოდი 2010-2015 წლებს მოიცავს, ანგარიში დარგში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს და რეკომენდაციებსაც წარმოადგენს.

კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო მიგნება გამოიკვეთა. ნავთოპროდუქტების ბაზრის შესწავლა 2014 წლის ნოემბრის შემდგომ დაიწყო, როდესაც გაზრდილი უფლებამოსილების მქონე კონკურენციის სააგენტო შეიქმნა, და მისი მიზანი ფირმების მიერ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დადგენა იყო. მოგეხსენებათ, ამ კვლევის საფუძველზე, 2015 წლის ივლისში კანონმდებლობის დარღვევისთვის 8 კომპანია 55 მილიონამდე ლარით დაჯარიმდა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სახელმწიფოს მხრივ დარგის კონკურენციის დაცვა.

არასახარბიელო მდგომარეობაა საბითუმო და საცალო ქსელში მიწოდებული საწვავის ხარისხის კონტროლის მხრივ, რადგან ქვეყანაში ამ პროდუქციის ხარისხობრივი ნორმების კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და შეუძლებელია ნორმების დარღვევისთვის ადეკვატური სანქციის დაწესება. ნავთობპროდუქტები მოწმდება მხოლოდ დაინტერესებული მხარის მომართვის საფუძველზე. 2010-2015 წლებში შემოწმდა სულ 489 ნიმუში (ბენზინის და დიზელის), საიდანაც 38 % (187 ნიმუში) კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს არ აკმაყოფილებდა.

საინტერესოა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, რამდენად შეიცვალა ბაზარზე გამოკვეთილი ოლიგოპოლიური სტრუქტურა, ხუთი დომინანტი კომპანიით. კვლევის თანახმად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013-2014 წლებში ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენცია მცირედ გაიზარდა, თუმცა ბაზრის სტრუქტურა სასურველისგან კვლავ შორს არის. 2013 წელს მსხვილი საწარმოების წილი მთლიან ბრუნვაში, წინა წელთან შედარებით, 2 პროცენტით შემცირდა და 93 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2013-2014 წლებში საავტომობილო საწვავის იმპორტიორი კომპანიების რიცხვი, 2012 წელთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა კვლავ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2008 წლამდე იყო.

რაც შეეხება ნავთოპროდუქტების ფასებს, კვლევის მიხედვით, მთლიანობაში, საწვავის ადგილობრივი ფასები ნავთობის მსოფლიო ფასების საერთო ტენდენციას მიჰყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მსოფლიო ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახებოდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალში საცემია ფასების კლების დროს. ამასთან, ნავთობპროდუქტებზე ქართული ბაზრის ხუთი ძირითადი მოთამაშის ფასები ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ერთდროულად იცვლებოდა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე კარტელურ შეთანხმებას არ გამორიცხავს.

ძირითადი მიგნებების საფუძველზე, კვლევა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შემდეგ რეკომენდაციებს წარუდგენს: პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ნავთობპროდუქტების ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლის ერთიანი სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც მოიცავს საწვავის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპს - საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადმოკვეთიდან საცალო ქსელში მიწოდებამდე. ამ მიზნით საჭიროა პერიოდულად მოწმდებოდეს ავტოგასამართი სადგურები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საწვავის ხარისხს აკონტროლებდნენ. ამასთან, უნდა გამკაცრდეს სანქციები საწვავის სტანდარტების დარღვევისთვის და სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეაგროვონ და პერიოდულად გამოაქვეყნონ საქართველოში რეალიზებული საწვავის სახეობათა შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რაც საწყის ეტაპზე დამატებითი ბერკეტი იქნება ადგილობრივ ბაზარზე არსებული საწვავის სახეობათა ხარისხობრივი ნორმების გასაკონტროლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG