Accessibility links

logo-print

NDI: ”ქართული ოცნების” რეიტინგის უზარმაზარი ზრდა


„ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო. რეიტინგის პრეზენტაცია.

„ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო. რეიტინგის პრეზენტაცია.

17 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები და საქმიანობის შეფასება გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 63 პროცენტი უპირატესობას კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ანიჭებს და ამით ექვსჯერ ზრდის წინა გამოკვლევის მაჩვენებელს. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მკვეთრად არის დაცემული ყოფილი მმართველი გუნდის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რეიტინგი. რამ გამოიწვია საზოგადოების აზრის შეცვლა და როგორ აფასებენ რეიტინგებს გამოკვლევაში მონაწილე პარტიები და სოციოლოგები?

გამოკვლევის ერთ-ერთ კითხვაზე - ”რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?” - რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, კოალიცია ”ქართული ოცნების” რეიტინგი, გასული აგვისტოს გამოკვლევასთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ არის გაზრდილი. კოალიციამ აგვისტოს თვეში მხოლოდ 14 %-ის მოხვეჭა მოახერხა, ნოემბრის შედეგების მიხედვით კი, მათ მიმართ დადებითად განწყობილი რესპონდენტების რაოდენობა 63 %-ს აღწევს. საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკვლევასთან შედარებით, მკვეთრად არის დაცემული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი - ის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებული ანალოგიური გამოკვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ოთხჯერ მეტი იყო.

”ქართული საზოგადოება ყოველთვის გამოირჩევა ახალი ხელისუფლების მიმართ გაზრდილი მოლოდინით და, სავარაუდოდ, ამ ფაქტით უნდა იყოს გამოწვეული კოალიცია ”ქართული ოცნების” რეიტინგის მკვეთრი ზრდა”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ ეს არ არის პოლიტიკური პარტიებისა და პიროვნებების რეიტინგული მაჩვენებლების ცვლილების მიზეზი. საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური კულტურა აკლიაო, შენიშნავს ის და იმედოვნებს, რომ გამოკვლევის არსებული მაჩვენებლები მხოლოდ დროებითია:
სახელისუფლებო პარტიები საქართველოში ოპოზიციურ პარტიებად ვერ ყალიბდებიან ...

”უნდა აღინიშნოს დანანებით, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ უწევს ანგარიშს იდეოლოგიას, განვლილ გზას და საიდანაც უბერავს, იქით მიტრიალდება ხოლმე ე.წ. ფლუგერივით და ეს პროცენტი ემატება ხოლმე ახალ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი არის დროებითი მოვლენა და მგონია, რომ იმ პლურალისტურ ფონზე, როდესაც სახეზეა სახელისუფლებო კოალიცია და, მეორე მხრივ, ძალიან გამოკვეთილი ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ეს ციფრები ძალიან მალე შეიცვლება”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ძლიერი და გამოკვეთილი ოპოზიციის არსებობის შესახებ სრულიად საპირისპირო შეხედულება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით ბერძენიშვილს. ”სახელისუფლებო პარტიები საქართველოში ოპოზიციურ პარტიებად ვერ ყალიბდებიან”, - აცხადებს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში და ამის საილუსტრაციოდ ”მოქალაქეთა კავშირისა” და პარტია ”აღორძინების” მაგალითი მოჰყავს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის მკვეთრ ვარდნას, მისი თქმით, ეს მათივე შეცდომების შედეგია:

”ფიგურალურად რომ ვთქვა, ისინი ბაჩო ახალაიას შეჰყვნენ ციხეში. ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ ორიენტირად და მათ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად წამოწევა, ვანო მერაბიშვილის წინ წამოწევა, სააკაშვილის განცხადება, რომ ის ოპოზიციის ლიდერია, მაშინ, როცა კაცი საქართველოს პრეზიდენტია, ამან ყველაფერმა იმდენად არასერიოზული ხასიათი მიიღო, რომ ამომრჩეველმა ადეკვატურად შეაფასა ისინი და დასაჯა ‘ნაციონალური მოძრაობა’ ”.

საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 41 პროცენტით არის გაზრდილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი. მას გამოკითხულთა 80 პროცენტი აფასებს დადებითად. მასთან ერთად მნიშვნელოვნად - თითქმის სამჯერ, რიგ შემთხვევაში კი ოთხჯერ - არის გაზრდილი კოალიცია ”ქართულ ოცნების” ლიდერთა - და ამჯერად უკვე ხელისუფლების წარმომადგენელთა - რეიტინგები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, გამოკითხულთა 63 პროცენტი აფასებს დადებითად, მაშინ როცა მისი მაჩვენებელი, აგვისტოს გამოკვლევის შედეგად, მხოლოდ 18 პროცენტს შეადგენდა. საპირისპირო მონაცემებს აჩვენებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრები. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თუკი აგვისტოს კვლევის მიხედვით მას გამოკითხულთა 61 პროცენტი აფასებდა დადებითად, პოზიტიურად განწყობილი რესპონდენტების პროცენტული მაჩვენებელი ამჯერად 29 პროცენტამდე შემცირდა.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ან ადრე არ იყო სწორი რეიტინგები და ან ახლა არ არის სწორი. პიროვნებების რეიტინგი, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს. ადრე იმ რაოდენობით არ ჩანდა ის ხალხი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია ...

ნანა სუმბაძე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი, ეჭვის თვალით უყურებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და გარკვეული კითხვები უჩნდება. კითხვის ნიშნები კი განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ეხება:

”რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ან ადრე არ იყო სწორი რეიტინგები და ან ახლა არ არის სწორი. პიროვნებების რეიტინგი, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს. ადრე იმ რაოდენობით არ ჩანდა ის ხალხი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. მაგალითად, დავით უსუფაშვილი, რომელიც ადრე ნაკლებად ჩანდა, ახლა გამოჩნდა უფრო აქტიურად და მისმა რეიტინგმაც აიწია. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების მიმართ ყოველთვის უფრო დადებითია დამოკიდებულება, ვიდრე ოპოზიციისადმი. თუმცა ასეთი მზარდი რეიტინგი მაინც კითხვის ნიშნებს ბადებს”, - ამბონს ნანა სუმბაძე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ გამოკვლევაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგების რადიკალურ შეცვლას, მისი სიტყვებით, რადიკალიზმი ქართული საზოგადოების დამახასიათებელი თვისებაა, რაც გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ ახალ ხელისუფლებას სერიოზული ცვლილებები არ განუხორციელებია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა ან საგადასახადო სისტემა, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები მალე განხორციელდება:

”ცხადია, ხელისუფლებას ჯერჯერობით საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს სხვა რამეზეც მიუთითებს: ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ეძებს ერთგვარ მესიას, მხსნელს, ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გამოიყვანს საზოგადოებას მდგომარეობიდან და მიიყვანს სანატრელ მდგომარეობამდე. ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რაციონალურად აზროვნება გვიჭირს და ჩვენი გადაწყვეტილებები ემოციურია. ყველა შედეგი, რომელიც ჩვენ არჩევნებში მიგვიღია ჩვენი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე, იყო წმინდა ემოცია, სურვილი შეცვლის და ტრანსფორმაციის, მაგრამ ეს ყველაფერი იყო რაციონალური აზროვნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება”, - მიაჩნია ემზარ ჯგერენაიას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG