Accessibility links

logo-print

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალი გამოკვლევა გამოაქვეყნა


კრისტინა უილფორი

კრისტინა უილფორი

25 აგვისტოს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი განწყობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მედიას სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ახალმა დირექტორმა კრისტინა უილფორმა გააცნო, რომელმაც თავისი წინამორბედი, ლუის ნავარო, შეცვალა.

NDI-მ კვლევა 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩაატარა და 3 338 ადამიანი გამოკითხა. დასაქმება და უმუშევრობა, სიღარიბისა და კრიმინალის დონე ქვეყანაში, დემოკრატია და რეფორმები, უმცირესობათა უფლებები, საგარეო პოლიტიკა, მედია, დემოგრაფია, არჩევნები, ეკლესია და პოლიტიკა და ა.შ. - კვლევის პროცესში მოსახლეობას სწორედ ამ საკითხებზე უწევდა პასუხის გაცემა. კრისტინა უილფორის განცხადებით, ხალხს საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ სიღარიბისა და სამუშაო ადგილების საკითხი აწუხებს. მისივე თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, ევრაზიის კავშირში საქართველოს გაერთიანების ნაცვლად, და ასეთი არის გამოკითხულთა 60 პროცენტი. 78 % კი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიზანს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა:

„გამოკითხული ადამიანების მნიშვნელოვანი უმრავლესობა, 69 %, ამბობს, რომ ამართლებს საქართველოს ამ ქმედებას - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. და ეს განწყობა თითქმის ასევე ვრცელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქზე“.

კითხვაზე, თუ რომელ მოსაზრებას უფრო ემხრობიან - საქართველო უნდა გაერთიანდეს ევრაზიის კავშირში თუ ევროკავშირში, 59 %-მა თქვა, რომ ქვეყანა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ შექმნილ ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს და არა ევრაზიის კავშირში, რომელიც რუსეთმა დააფუძნა...

უცვლელია საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტული საკითხები: გამოკითხული მოსახლეობის 63 % მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, 32 % სიღარიბეს ასახელებს, 25 % - პენსიების ოდენობას. სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, გამოკითხულთა 69 % მიიჩნევს, რომ, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, 22 % ფიქრობს, რომ ვითარება გაუარესდა და მხოლოდ 5 % ამბობს, რომ გაუმჯობესდა. ყველაზე მაღალი დადებითი პროცენტი აქვს სიტყვის თავისუფლებას - ხალხის 35 % ფიქრობს, რომ ამ მხრივ საქართველოში წინსვლა შეინიშნება.

კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, 68 % პასუხობს, რომ არა და 32 %-ის პასუხია დადებითი. გამოკითხული მოსახლეობის 29 % მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაიზარდა, 51 %-ის აზრით კი, შემცირდა.

აგვისტოს გამოკვლევის თანახმად, მასში მონაწილეთა 46 % ფიქრობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, 39 %-ის პასუხია - არა.

საინტერესოა პასუხები კითხვაზე: რომელი რეფორმები იქნებოდა ახლა საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი? – 55 % ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 41 % - სოფლის მეურნეობის რეფორმას.

კრისტინა უილფორის განცხადებით, მოსახლეობამ შეაფასა ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ არჩევნები საქართველოში ძალიან კარგად ან მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა:

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ხარისხზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენისაა ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობა. 74 % მიიჩნევს, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა. აქედან 31 % დარწმუნებულია, რომ არჩევნებმა ძალიან კარგად ჩაიარა და მხოლოდ 1 %-ია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები სრულიად გაყალბდა. რაც შეეხება ბარიერებს, რაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უშლის ხელს, ხალხის აზრით, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა, სიებთან დაკავშირებული პრობლემები და ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ - სამსახურის შესანარჩუნებლად. ეს არის სამი მთავარი საკითხი“.

ამ გამოკვლევიდან კარგად გამოჩნდა,რომ საზოგადოებამ გარკვეული შანსი მისცა ხელისუფლებას, რათა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები...

არჩევნებთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოქალაქეებს ასევე ჰკითხა, ამართლებდნენ თუ არა ისინი მეუფე იაკობის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ხმის მიცემისაკენ მოწოდებას, რაზეც 13 %-მა უპასუხა, რომ ამართლებს, 63 %-მა კი თქვა, რომ არა. ზოგად კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა ეკლესია საარჩევნო კამპანიაში, 73 % მიიჩნევს, რომ არა და 16 % ფიქრობს, რომ უნდა ჩაერიოს.

გამოკითხულთა უმრავლესობა (26+24 %) ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, რასაც არ ამართლებს 53 % და ამართლებს გამოკითხულთა 36 %.

რაც შეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს:

„როდესაც ჩვენ ხალხს ვკითხეთ, მოსწონთ თუ არა მათ საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, 73 % აცხადებს, რომ არ მოსწონს. ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა წინა ეროვნული მასშტაბის არჩევნების შემდეგ. ხოლო კითხვაზე, თუ რომელ მოსაზრებას უფრო ემხრობიან - საქართველო უნდა გაერთიანდეს ევრაზიის კავშირში თუ ევროკავშირში, 59 %-მა თქვა, რომ ქვეყანა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ შექმნილ ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს და არა ევრაზიის კავშირში, რომელიც რუსეთმა დააფუძნა“.

გამოკითხულთა 47 % ფიქრობს, რომ უმცირესობათა უფლებების დაცვა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, 16 % ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო კითხვაზე, თუ ვინ ახსენდებათ, პირველ რიგში, როდესაც უმცირესობებზე ვლაპარაკობთ, ასახელებენ: 22 % - ეთნიკურ უმცირესობებს, 22 % - შშმ პირებს, 21 % - რელიგიურ უმცირესობებს, 16 % - სექსუალურ უმცირესობებს.

დაბოლოს, მედიის აღქმა. გამოკითხულთა 84 % ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ იღებს ტელევიზიებიდან, ნელ-ნელა იზრდება ინტერნეტის წილიც - მას 8 %-იანი მაჩვენებლი აქვს.

მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ფიქრობს, რომ ამ გამოკვლევამ აჩვენა მოსახლეობის მკვეთრად გამოხატული დადებითი მოლოდინები, რაც ხელისუფლებისათვის შეიძლება გამოცდად და გამოწვევადაც კი ჩაითვალოს - ეს განწყობები მას ახსენებს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ განწყობას, რაც, სოსო გალუმაშვილის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა. რაც შეეხება გამოკვლევის რამდენიმე საყურადღებო ტენდენციას, სოსო გალუმაშვილი ამბობს:

სოსო გალუმაშვილი

სოსო გალუმაშვილი

„საზოგადოება ნელ-ნელა მიეჩვია იმ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადის და მას ისეთი ბერკეტები აღარ აქვს ხელისუფლებაზე, როგორიც ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამაზე მიუთითებს დაახლოებით 20 %-იანი ცვლილება გამოკითხვაში - ადრე, აპრილში, 64 % იყო ისეთი, ვინც თვლიდა, რომ მისი გავლენა დიდი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 50 %-მდეა ჩამოსული. ასევე ამ გამოკვლევიდან კარგად გამოჩნდა,რომ საზოგადოებამ გარკვეული შანსი მისცა ხელისუფლებას, რათა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები“.

სოსო გალუმაშვილის აზრით, საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ, მიუხედავად საქართველოს დღევანდელი მთავრობის მცდელობებისა, ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს რუსეთთან, მოსახლეობის აზრი, ფაქტობრივად, არ იცვლება იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. მოსახლეობის დამოკიდებულება ნეგატიურისკენ იხრება ორ საკითხში - კრიმინალის გაზრდისა და ფასების მომატების საკითხებში, რაც ასევე საყურადღებოა.

და კიდევ, სოსო გალუმაშვილს მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რომ ფიქრობს, თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუმცა, ამავე დროს, ცალკეული ქალაქების მიხედვით დღემდე არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც, მისი აზრით, შესაძლოა ერთგვარი სახელმძღვანელოც გახდეს ადგილობრივი მთავრობებისათვის.

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს ჯერჯერობით არ გაუმართავს პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაცია. წინასწარი ინფორმაციით, გამოკვლევის ამ ნაწილის შედეგებს NDI ოთხშაბათს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG