Accessibility links

logo-print

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს წარმომადგენლობამ 17 ოქტომბერს საზოგადოების განწყობის კვლევის იმ ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას შეეხებოდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცეს ხმა, მმართველ კოალიციასა და მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს კი პროცენტულად დაახლოებით ერთნაირი მხარდაჭერა აქვთ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ, საქართველოს მოსახლეობის 14%-ის თანახმად, „ქართული ოცნება“ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 13%-ისთვის კი ასეთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. გარკვეულწილად ცვლის სურათს შეკითხვა: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, ხოლო 11 პროცენტი - კოალიცია „ქართულ ოცნებას“. საინტერესოა შეკითხვაც: „ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემდით ხმას“ და მასთან დაკავშირებული პასუხები. კერძოდ, გამოკითხულთა 59%-მა განაცხადა, რომ არა აქვს გადაწყვეტილი, ვისზე გააკეთოს არჩევანი. გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული არც იმ ადამიანების 48 პროცენტს, რომელიც ამბობს, რომ აუცილებლად წავიდოდა არჩევნებზე ხმის მისაცემად.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის თანახმად, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრად იკლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობამ და იმატა პასუხმა „არ ვიცი“. თუმცა იგი აქვე შენიშნავს რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლება პირდაპირპროპორციულად არ აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მომხრეთა რიცხვის ზრდაზე. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა რაოდენობა.

მთავარი გაკვეთილი ამ კვლევიდან კი არის ის, რომ პარტიებმა მომავალი ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად სცადონ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადაბირება და ამას უნდა მიაღწიონ ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით, რადგან, როგორც ვხედავთ, ეს არის ის საკითხები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად ადარდებს...

აქვე დავძენთ, რომ გამოკითხულთა 42 პროცენტი, თავისი შეხედულებების მიხედვით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიიჩნევს ახლობლად. შესაბამისად, ლორა თორნტონი ფიქრობს, რომ ვინაიდან არც ერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას, თითოეულ პარტიას ეძლევა საშუალება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვებას მოანდომოს:

“საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები, ეს ადამიანები თანაბრად არიან გადანაწილებულნი „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 13 და 14 პროცენტით. მთავარი გაკვეთილი ამ კვლევიდან კი არის ის, რომ პარტიებმა მომავალი ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად სცადონ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადაბირება და ამას უნდა მიაღწიონ ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით, რადგან, როგორც ვხედავთ, ეს არის ის საკითხები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად ადარდებს“.

NDI საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი შენიშნავს, რომ სწორედ ეკონომიკური და არა პოლიტიკური მოტივი განსაზღვრავს საქართველოს მოსახლეობის აზრს ევროკავშირისა და ევრაზიის კავშირის შესახებაც. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61 % მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 31 პროცენტი. მოსახლეობის 45 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, მაშინ როდესაც 30 % ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 8-დან 10 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა განახორციელა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი კობა თურმანიძე ამბობს, კვლევა მასშტაბური ხასიათის იყო:

“ჩვენ გამოვიკითხეთ 4 448 ადამიანი საქართველოს მასშტაბით. კვლევა წარმომადგენლობითია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ საქართველოს თვითმმართველი ქალაქები და ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტი. იმის გამო, რომ კვლევა არის საკმაოდ დიდი მასშტაბის და გამოვკითხეთ ბევრი რესპონდენტი, ცდომილება არის საკმაოდ მცირე, 3 პროცენტის ფარგლებში. შინამეურნეობების შერჩევა ხდება შემთხვევითი წესით, ასევე შემთხვევითი წესით ხდება რესპონდენტის გამოვლენა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ და იმ ენაზე, რომელიც რესპონდენტისთვის იყო მოსახერხებელი, ანუ ან ქართულად, ან სომხურად, ან აზერბაიჯანულად“.

თუმცა, კობა თურმანიძის ამ განმარტების მიუხედავად, ტრადიციულად, NDI-ის კვლევის შედეგების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა. ისინი კვლავაც იმ აზრის არიან, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ხელოვნური აწევაა.

ნიკა ჩიტაძე

ნიკა ჩიტაძე

თავის მხრივ, ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესებით. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორი: „ქართულმა ოცნებამ“ უხვად გასცა დაპირებები და ამ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მოსახლეობა თავს მოტყუებულად და ღირსებაშელახულად თვლის. ექსპერტი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ მონაცემებსაც, რომლებიც კვლევაში ევროსტრუქტურებისა და ევრაზიული კავშირის მიმართ დამოკიდებულებას ასახავს:

“ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი არის შემცირებული. და ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ ერთი პერიოდი 80 პროცენტსაც აღწევდა, სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის ევროკავშირში და ევროპულ სტრუქტურებში მხარდამჭერთა რიცხვი. ის შემცირდა 61 პროცენტამდე... თუმცა, ნეგატიური მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის 31 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას“.

კვლევის შედეგების მიხედვით, ნიკა ჩიტაძე გამოყოფს კიდევ ერთ პრობლემას, კერძოდ, პოლიტიკურ ნიჰილიზმს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი - ნახევარზე მეტი - მხარს არც ერთ პოლიტიურ პარტიას არ უჭერს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG