Accessibility links

logo-print

NDI: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა


გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-ს საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს. კვლევითი სამუშაოები მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. გამოკითხვაში 4 360 ინტერვიუერი მონაწილეობდა. სამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხად დასახელდა სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე. გაზრდილია ევრაზიულ კავშირში საქართველის გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი განწყობების კვლევას საქართველოში 2010 წლიდან აწარმოებს და, როგორც „ენ დი აის“ საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა გამოკვლევის პრეზენტაციისას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა პირველად არ მოხვდა საერთო ეროვნული სკითხების სამეულში. ეს საკითხი 27 პროცენტს მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად და ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა:

„ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია, და სიღარიბე. თქვენ შეამჩნევთ, რომ პირველად მას შემდეგ, რაც ჩვენ კვლევების ჩატარება დავიწყეთ, ტერიტორიული მთლიანობა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი აღარ არის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ აღარ არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული საქართველოს მოსახლეობისთვის“.

ლორა თორნტონის განცხადებით, შესაბამისმა პირებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რომ მოსახლეობისთვის ზემოთ ჩამოთვილი ეს საკითხები არ იყოს ამგვარად მტკივნული. მისივე თქმით, შესამჩნევია, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა აღარ არის სიის სათავეში, რაც შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ ეს საკითხი მოგვარდა ან გადაიდგა ნაბიჯები მის მოსაგვარებლად.

„ენ დი აის“ გამოკვლევებში, 2010 წლიდან მოყოლებული, სამუშაო ადგილები პრიორიტეტულ საკითხებს შორის ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ ფასების ზრდამ და ინფლაციამ გაცილებით წინ გადაიწია, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებითაც კი, და, როგორც „ენ დი აის“ საქართველოს წარმომადგენლები განმარტავენ, ეს მონაცემები ადამიანთა განწყობას ასახავს და შესაძლოა ოფიციალურ სტატისტიკას არ ემთხვეოდეს.

მოსახლეობის შეფასებით, ყველა პრიორიტეტულ საკითხთან მიმართებით მდგომარეობა უფრო გაუარესდა, ვიდრე გაუმჯობესდა. გამოკითხულა 43 % თავს უმუშევრად მიიჩნევს, 58 %-ისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიები და სახელმწიფო დახმარებაა, 44 % -ისთვის - ოჯახის წევრთა ხელფასების ჯამური ოდენობა, 14 პროცენტისთვის კი -საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლების მიერ გამოგზავნილი ფული.

როცა ვკითხეთ, თუ რა მდგომარეობა იქნება 2 წლის შემდეგ, ჯამში, 40 % ამბობს, რომ, დღევანდელთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა იქნება...

გამოკითხულთა 24 %-ისთვის თვიური შემოსავალი 261-დან 400 ლარის ფარგლებშია, მხოლოდ 2 %-ს აქვს 1 600 ლარზე მაღალი თვიური შემოსავალი.

კითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 23 % პასუხობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 37% კი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 45 % ეთანხმება აზრს, რომ არსებული ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 50 % ამ აზრს არ ეთანხმება. ამასთან, 56 %-ს მიაჩნია, რომ ვერც ამჟამინდელი საპარლამენტო ოპოზიცია განახორციელებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„თუმცა, როცა ვკითხეთ, თუ რა მდგომარეობა იქნება 2 წლის შემდეგ, ჯამში, 40 % ამბობს, რომ, დღევანდელთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა იქნება“.

39 % მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, 43 პროცენტი იზიარებს აზრს, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა.

84 % ხედავს ძლიერი ოპოზიციური პარტიის აუცილებლობას. 44 პროცენტს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიაჩნია, 6 პროცენტს კი -„თავისუფალი დემოკრატები“.

68 პროცენტი ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გასაზრდელად სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების მომხრეა.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მისაღებად მიიჩნევს 68 %. გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, იზიარებს 65 პროცენტი, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი 31 პროცენტი მიიჩნევს მისაღებად. ჯამში, 49 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით, 26 %-ის აზრით კი, საქართველო მეტ სარგებელს ნახავს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. 47 % მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს ქმნის, ამ აზრს არ იზიარებს 12 პროცენტი, უმცირესობათა დასახლებებში კი 50 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს, 13 პროცენტი რუსეთს საფრთხედ აფასებს, 14 პროცენტი კი საფრთხეს გაზვიადებულად მიიჩნევს.

საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც კი მოვიდა, ნება დართო რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხებს, რომ თავისუფლად მოახდინონ ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ძალიან კარგად არის ასახული, თუნდაც, ეროვნული უმცირესობების მაჩვენებელში, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქედან, რომ მათ არ იციან სახელმწიფო ენა, მიჯაჭვული არიან ამ პროპაგანდისტულ გადაცემებს...

რაც შეეხება რუსეთის გავლენას საქართველოზე, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ გავლენა ძალიან დიდია, გარკვეული გავლენის მქონედ აფასებს 50 %. ასევე, ჯამში, 55 % თვლის, რომ უახლოეს 2 წელიწადში მოსალოდნელია რუსეთის გავლენა გაიზარდოს.

ინფორმაციის წყაროდ 87 პროცენტი ტელევიზიას ასახელებს, 7 - ინტერნეტს. უცხოური სატელევიზიო არხებიდან ინფორმაციას ეროვნულ დონეზე 20 % იღებს, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კი - 53 პროცენტი. იმ 20 %-დან, ვინც გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ უცხოურ სატელევიზიო არხებზე უყურებს, რუსეთის პირველ არხს თვალს ადევნებს 38 %. სწორედ რუსეთის საინფორმაციო წყაროების დაშვება მიაჩნია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას იმის მიზეზად, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა:

„საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც კი მოვიდა, ნება დართო რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხებს, რომ თავისუფლად მოახდინონ ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ძალიან კარგად არის ასახული, თუნდაც, ეროვნული უმცირესობების მაჩვენებელში, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქედან, რომ მათ არ იციან სახელმწიფო ენა, მიჯაჭვული არიან ამ პროპაგანდისტულ გადაცემებს და, ბუნებრივია, რაც უფრო გაგრძელდება ასეთი პოლიტიკა, რაც უფრო ხელს შეუწყობს მთავრობა რუსული „რბილი ძალის“ გაძლიერებას საქართველოში, მით უფრო გაიზრდება ეს პროცენტი“.

პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი არ ფიქრობს, რომ გამოკითხულებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ აღელვებთ. უბრალოდ, მისი თქმით, ამ საკითხებს სოციალური და ეკონომიკური საკითხები უსწრებს წინ. ყოველდღიურობა განსაზღვრავს ყოფას და ინტერესებს. ამასთან, ირაკლი ცქიტიშვილი აქცენტს აკეთებს ევრაზიული კავშირის მომხრე 31-%-ზეც:

„სახელმწიფო საკითხად სოციალური თემების გარეშე რომ დაეყენებინათ, რა თქმა უნდა, ტეროტორიული მთლიანობა პირველ პლანზე იქნებოდა... მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ადამიანს ესმოდა, რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი, მაგრამ ამ რიცხვის საკმაოდ დიდი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც გარკვეული ფრუსტრაცია დაემართა მოსახლეობას ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებით და, ვფიქრობ, ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა არ არის მთლად მკვეთრი, კარგად გამოხატული და ნათელი მოსახლეობისათვის“ .

ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას, „ენ დი აის“ აგვისტოს გამოკვლევის თანახმად, 20 პროცენტი უჭერდა მხრას, 2013 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად კი - 11.

ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ მდგომარეობას უნდა მიხედოს, ამის აუცილებლობაზე მიუთითებს ეს კვლევა.

საპარლამენტო უმრავლესობა „ენ დი აის“ კვლევებში მოყვანილ მაჩვენებლებს არ იზიარებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში პრორუსული ძალები ძლიერდებიან ქვეყანაში. ამას გარდა, ხელისუფლება ეკონომიკურ პრობლემებს ვერ უმკლავდება, რაც ნათლად აისახა გამოკვლევაშიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG