Accessibility links

logo-print

"ენ-დი-აის" პოლიტიკურ რეიტინგებში ნაციონალები ლიდერობენ


NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის, კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხის საფუძველზე შედეგები ასე გადანაწილდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37 პროცენტი უჭერს მხარს, ”ქართულ ოცნებას” - 12 პროცენტი, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 3 პროცენტი, ხოლო დანარჩენ პარტიებს - 2 პროცენტი. შესაბამისად, NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი 1 პროცენტით გაიზარდა, ”ქართული ოცნების” რეიტინგი კი 6 პროცენტით დაეცა.

საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს თანახმად, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3 პროცენტია. გამოკითხვაში კი, რომლის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით, 2 038 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. NDI-ის კვლევის მიხედვით, წინა - ივნისში ჩატარებული - გამოკითხვის შედეგებთან მიმართებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უპირატესობა მის მთავარ კონკურენტთან, ”ქართულ ოცნებასთან”, ცალკეულ პოლიტიკოსთა მოწონების მაჩვენებლებშიც გამოიხატა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებლები ზოგადად გაიზარდა, ხოლო ოპოზიციისა შემცირდა. პირადი რეიტინგით, 91 პროცენტით, პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დგას, მეორე ადგილზე, წინა კვლევასთან შედარებით 7 პროცენტით გაუმჯობესებული შედეგით, 62 პროცენტით, ვანო მერაბიშვილია, ხოლო 61 პროცენტით და 3 პროცენტიანი მატებით - მიხეილ სააკაშვილი. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, ივნისის მაჩვენებელთან შედარებით, 7 პროცენტითაა გაუარესებული და 39 პროცენტს შეადგენს. ერთპროცენტიანი გაუარესებაა ირაკლია ალასანიას რეიტინგში - 31 პროცენტი, ორპროცენტიანი კი - დავით უსუფაშვილის რეიტინგში, 18 პროცენტი.
მიუხედავად თუნდაც შეცდომებისა, მიუხედავად იმ ტრაგედიებისა, რაზეც სულ სპეკულირებენ, დაწყებული სანდრო გირგვლიანის თემით და დამთავრებული ლაფანყურის თემით, სახელმწიფო რომ ფუნქციონირებს, სახელმწიფო რომ დგას ფეხზე, დემოკრატიული ინსტიტუტები რომ თავისი ტკივილით, თავისი შეცდომებით, მაგრამ სტაბილურად ძლიერდება, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხედავს...

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განმარტებით, კვლევაში ზოგადად დიდი იყო იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც კითხვებზე უპასუხა „არ ვიცი”. შესაბამისად, ლუის ნავარო პარტიებსა და მათ ლიდერებს ურჩევს, თავიანთი გეგმებისა და მიზნების მოსახლეობამდე მიტანა მაქსიმალურად უზრუნველყონ:

”ჩვენი წინასაარჩევნო შედეგები მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 37 პროცენტია, „ქართული ოცნების“ - 12, „ქრისტიან-დემოკრატების“ - 3 პროცენტი, სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების კი - 2 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა 46 პროცენტს ან არ გადაუწყვეტია, ან არ ამბობს, ვის უჭერს მხარს. ხალხს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტების შესახებ. ამომრჩევლის ნახევარმა, 53-მა პროცენტმა, მაგალითად, არ იცის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რას აპირებს, სამი მეოთხედი არ არის ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის მომდევნო სამი კვირის განმავლობაში პარტიებს ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ვურჩევთ.”

პოლიტიკური პარტიების რეიტინგების მაჩვენებლები, თავის მხრივ, ნაწილია საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის იმ კვლევისა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ NDI-ის შედეგები დამატებითი პასუხისმგებლობაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რათა არ დაიშუროს ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამავე პარტიის წევრმა დავით დარჩიაშვილმა კი სხვა პარტიებთან „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის უპირატესობა მტკიცე, სტაბილური ამომრჩევლის არსებობით ახსნა:

”მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება იმ ვადებში არ გამოდიოდეს, რაც ჩანაფიქრია, საგარეო პოლიტიკური კურსი შეიძლება უცებ მოულოდნელ გამოწვევებს გთავაზობდეს და ასე შემდეგ, რწმენა, რომ ეს არის მაინც მომავლის და პროგრესის ძალა, არსებობს. და მიუხედავად თუნდაც შეცდომებისა, მიუხედავად იმ ტრაგედიებისა, რაზეც სულ სპეკულირებენ, დაწყებული სანდრო გირგვლიანის თემით და დამთავრებული ლაფანყურის თემით, სახელმწიფო რომ ფუნქციონირებს, სახელმწიფო რომ დგას ფეხზე, დემოკრატიული ინსტიტუტები რომ თავისი ტკივილით, თავისი შეცდომებით, მაგრამ სტაბილურად ძლიერდება, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხედავს.”
არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც არ ენდობა მაინცდამაინც „ენ-დი-აის“ კვლევებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომენტარს ამ კვლევებზე არ ვაკეთებთ...

ასე ხსნის NDI-ის პარტიულ რეიტინგში ლიდერობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის ძირითად მეტოქეს კი, ”ქართულ ოცნებას”, წინა შემთხვევების დარად, არც ახლა სჯერა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის ობიექტურობისა. ”ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ამბობს:

”არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც არ ენდობა მაინცდამაინც „ენ-დი-აის“ კვლევებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომენტარს ამ კვლევებზე არ ვაკეთებთ.”

მაია ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ NDI-ის კვლევის შედეგების მიმართ საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში უნდობლობა განპირობებულია იმით, რომ ორგანიზაცია ამ კვლევას უშუალოდ თავად არ ატარებს. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილს კი კვლევაში არსებული კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები და ამბობს, რომ თავად კითხვის ფორმულირება აჩენს კითხვას. ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ კვლევის ჩატარებიდან გასულ პერიოდში წინასაარჩევნო ვითარება დიდწილად შეცვლილია. რაც შეეხება რეიტინგს და ამ რეიტინგიდან გამომდინარე პერსპექტივას, ლევან ვეფხვაძე იმედს იმ ამომრჩეველზე ამყარებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას:

ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

”მიუხედავად პოლარიზაციისა, ძალიან დიდია გადაუწყვეტელი ელექტორატის რაოდენობა - თითქმის 25 პროცენტი. შესაბამისად, ამ ადამიანებს არ მოსწონთ ივანიშვილი, არ მოსწონთ სააკაშვილი. რატომ გვგონია, რომ ჩვენ გვაქვს შანსი ამ ადამიანების დარწმუნებისა, დაგვიჭირონ მხარი? პირველი იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გზავნილები და, მეორე, კონკრეტული ლიდერები, რომელთაც ძალიან მაღალი ნდობა აქვთ.”

დაბოლოს, ისევ ლიდერების თემას და NDI-ის კითხვარს რომ დავუბრუნდეთ, რესპონდენტთა 27 პროცენტი პრეზიდენტად ნაციონალების კანდიდატს ისურვებდა, 12 პროცენტი - ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, 4 პროცენტი კი - კვლავ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა რესპონდენტებს განემარტათ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არა აქვს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG