Accessibility links

logo-print

აფხაზი და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრა, ნდობის აღდგენა დიალოგის გზით


ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ვენეციაში

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ვენეციაში

ევროპის საბჭომ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები კიდევ ერთხელ შეკრიბა - ამჯერად ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 10-10 ჟურნალისტი ორივე მხრიდან სამი დღის განმავლობაში პოსტკონფლიქტურ რეგიონებში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში მედიის როლზე მსჯელობდნენ. ამ ფორმატის შეხვედრას ზოგიერთი ჟურნალისტი პირველად დაესწრო, ამიტომ მათი მხრიდან საკითხების პოლიტიზების მცდელობაც იყო. მაგალითად, სოხუმელი ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ მათთვის მიუღებელია, როცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფესტივალებსა და სპორტულ ღონისძიებებზე აფხაზი ახალგაზრდების გამოსვლას ბლოკავს. საპასუხოდ ითქვა, რომ აფხაზეთში ადამიანების გადაადგილება მხოლოდ ქართული წარმომავლობის გამო იზღუდება და მათ ნათესავების საფლავების მონახულების უფლებაც კი არ ეძლევათ. პრეტენზიების მიუხედავად, ჟურნალისტებმა შეძლეს განეხილათ ერთობლივი საპროექტო იდეები. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ჩრდილოეთ ირლანდიის, მოლდოვას და კვიპროსის კონფლიქტების სპეციალისტები, რომლებმაც ჟურნალისტებს ამ კონფლიქტების მოგვარების გამოცდილება გაუზიარეს.

დღეს უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ შეიძლება რაღაცა თანამშრომლობა. მთავარია ახლა ეს განვითარდეს, რათა გავიგოთ ორივე მხარეს მყოფი ადამიანები რას გრძნობენ, რას ფიქრობენ ერთმანეთზე, რა უჭირთ, რა სტკივათ...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ამ ფორმატის წინა ორ შეხვედრასაც ესწრებოდა. მისი აზრით, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გახსნილები ხდებიან კოლეგები აფხაზეთიდან. მეტრეველის თქმით, პოლიტიკური კონტექსტი ყველა შეხვედრას თან ახლავს ხოლმე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხარეები დიალოგის ალტერნატივას ვერ ხედავენ:

„დღეს უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ შეიძლება რაღაცა თანამშრომლობა. მთავარია ახლა ეს განვითარდეს, რათა გავიგოთ ორივე მხარეს მყოფი ადამიანები რას გრძნობენ, რას ფიქრობენ ერთმანეთზე, რა უჭირთ, რა სტკივათ და არამარტო ის, რომ ჩვენ ვაწვებით არაღიარების პოლიტიკას და სადღაც ყოველთვის ვბლოკავთ აფხაზებს და ისინი ამბობენ, რომ ქართველები ყოველთვის ჩვენი მტრები არიან. ამ ურთიერთობას სად მივყავართ? არსად. ასეთი დამოკიდებულება რომ არ იყოს, ჩვენმა ხალხმაც უნდა გაიგოს, მაგალითად, რა პრობლემები ექმნებათ აფხაზ ბავშვებს, რომლებიც ვერ მიდიან ვერსად გასტროლებზე და ეს არ შეიძლება იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, რომ ბავშვები ყველგან დაბლოკო. იმათ გაიგონ, რა პრობლემები აქვთ დევნილებს, თუნდაც საფლავებზე და საკუთარ სახლებში ჩასვლა, და რომ არ შეიძლება ადამიანებს აუკრძალო ეს ყველაფერი. ამისთვის არის საჭირო ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობა“.

სოხუმელ ბლოგერ ინალ ხაშიგს ილუზია არა აქვს, რომ ასეთი შეხვედრებით კონფლიქტების მოგვარებაში შეიძლება სერიოზული გარღვევა მოხდეს, მაგრამ, მისი აზრით, უკვე შედეგია ის, რომ ჟურნალისტები ორივე მხრიდან პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, რაც აფხაზური და ქართული საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო:

„ამ ყველაფრიდან ყველა რატომღაც სუპერშედეგს ელოდება, მაგრამ მე უფრო რეალისტი ვარ. თუ პროექტებიც არ იქნება, ყველა შემთხვევაში მაინც პლუსია ის, რომ კოლეგები აფხაზეთიდან და საქართველოდან ერთმანეთს ხვდებიან. მყარდება კონტაქტები, ურთიერთობა. საერთო ინფორმაციული ფონი გავლენას ახდენს უნდობლობაზე, ნდობა კი ურთიერთობით ყალიბდება. მე მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით ასეთი შეხვედრები გამართლებულია“.

ომის დროს აფხაზეთში არქივი განადგურდა. ადგილობრივი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არქივიდან აფხაზეთთან დაკავშირებული მასალები და ასლები მათ გადაეცეთ. ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე შედგა და მასალების ნაწილი სოხუმში გაიგზავნა. კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი სოხუმელ კოლეგას რუსლან ხაშიგს შეჰპირდა, რომ აფხაზური კინოქრონიკის მოძიებაში დაეხმარება:

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ვენეციაში

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ვენეციაში

„ჩემთვის სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ გაცილებით გახსნილები არიან თანამშრომლობისთვის და გაცილებით მეტი თანამშრომლობა სურთ. ერთადერთი, რაშიც შემიძლია დავეხმარო, მათ ძალიან აწუხებთ თავიანთი არქივების მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, მათ პრაქტიკულად არაფერი არა აქვთ. თბილისში არის საკმაოდ მდიდარი საარქივო მასალა, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს. მე შევპირდი მათ, რომ დავეხმარები ამ არქივების მოძიებაში. მსურს, რომ ამაში მივიღო მონაწილეობა“.

სოციალური მედია და ტექნოლოგიების განვითარება იძლევა შესაძლებლობას, ინფორმაციის გაცვლის მიზნით აფხაზმა და ქართველმა ჟურნალისტებმა ერთობლივი პროექტები განახორციელონ. მაგალითად, საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე სთავაზობს აფხაზ კოლეგებს, კონფლიქტოლოგებს და ექსპერტებს მისი საავტორო გადაცემა ქართული საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად გამოიყენონ. ევროსაბჭოს წარმომადგენელი ანა კაპელო მიიჩნევს, რომ, კონფლიქტების მოგვარებისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მედიის როლი დიდია და ჟურნალისტებმა ორივე მხრიდან ეს პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ.

ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჟურნალისტებს დახმარებას სთავაზობენ. სოხუმელი ჟურნალისტების ერთ-ერთი იდეა ისაა, რომ საერთაშორისო დონის სპეციალისტებმა სოხუმში ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის, პროფესიული განვითარების მიზნით, ტრენინგების ჩატარება დაიწყონ. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თბილისში ჩამოსვლისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი გამოთქვა, ამ საქმეში კი ქართველი კოლეგებისგან დახმარების შეთავაზება მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG