Accessibility links

logo-print

ქართული რომანსის საღამო პრაღაში


დავით არჩვაძე და ნეკა სებისკვერაძე რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში

დავით არჩვაძე და ნეკა სებისკვერაძე რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში

ნოემბრის ბოლოს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა ნეკა სებისკვერაძემ და დავით არჩვაძემ ევროპის ქვეყნებში „ქართული რომანსის საღამოები“ გამართეს. თუმცა ეს არ ყოფილა კომერციული გასტროლები - დუეტმა საკუთარი რეპერტუარი შეზღუდულ აუდიტორიას მოკრძალებულად, ზედმეტი ხმაურისა და მედიის გარეშე გააცნო. მომღერლების ბოლო საგასტროლო ქალაქი იყო პრაღა, სადაც ნეკა სებისკვერაძე და დავით არჩვაძე სამშობლოში დაბრუნების წინ რადიო თავისუფლების სათავო ოფისსაც ესტუმრნენ.

თუმცა მანამდე ნეკა სებისკვერაძემ და დავით არჩვაძემ „ქართული რომანსის საღამო“ სასტუმრო „პრაღაში“ საქართველოს სათვისტომოსათვის გამართეს. ასეთი გახარებული და ნასიამოვნები ქართველები პრაღაში პირადად მე ბოლოს შარშან, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტის დროს, ვნახე. თანაც, ნეკა და დათო არა მხოლოდ ცნობილ ქართულ სიმღერებს ასრულებენ შესანიშნავად, არამედ ურთიერთობაშიც ძალიან ლაღი და მომხიბვლელი ადამიანები აღმოჩნდნენ. თვისტომის გასახარად, დიდხანს დარჩნენ საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ მოკრძალებულ ალაფურშეტზე და საყვარელი სიმღერები ჩვენთან, არაპროფესიონალებთან ერთად, რამდენჯერმე შეასრულეს. ინოლა გურგულიას „ადამიანმა“ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ნეკა სებისკვერაძეს და დათო არჩვაძესაც ეს სიმღერა გამორჩეულად ჰყვარებიათ და იგი ინტერვიუს ჩაწერის დროს რადიო თავისუფლების მინისტუდიაშიც შეგვისრულეს.


ნეკა სებისკვერაძისა და დათო არჩვაძის დუეტი მრავალი წელია ქართულ სიმღერებს ასრულებს. ნეკა ბავშვობიდან მღერის და ხშირად მუსიკასაც წერს. პროფესიონალი მომღერალია დავით არჩვაძე, რომელიც ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთ-ერთი სოლისტია. მათი დუეტი და შემოქმედებითი მეგობრობა კი, როგორც დათო არჩვაძე ამბობს, 14 წლის წინ მათი ადამიანური მეგობრობით დაიწყო:

„უნდა ითქვას, რომ ჩვენი ტანდემი ძალიან დიდი ხნის წინ შედგა. ფაქტობრივად, პირველი დუეტი ერთად 14-15 წლის წინ ჩავწერეთ და მაშინ ამაზე ვიდეოკლიპიც იქნა გადაღებული. დაიწყო იქიდან და ძალიან მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი გვაქვს და ვართ მეგობრები, პირველ რიგში.“

ნეკა სებისკვერაძისა და დათო არჩვაძის რეპერტუარში დომინირებს სიმღერები ცნობილი ქართული კინოფილმებიდან - რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, ნუნუ გაბუნიას და მაცაცო სებისკვერაძის ქართული რომანსები, რომლებიც საქართველოს კულტურის საგანძურს წარმოადგენს. როგორც ნეკა სებისკვერაძე ამბობს, მის ოჯახში პატივს სცემდნენ ქართულ კინომუსიკას, რამაც მოგვიანებით მისი საშემსრულებლო სტილი განსაზღვრა:

„და, ალბათ, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გაკვეთილი, რადგან ყოველთვის მეუბნებოდა დედა, ეს არის შენი და თუ ამ სიმღერას სწორად ისწავლი, შემდეგ სხვა ჟანრსაც უფრო ადვილად შეასრულებო. თუმცა, როცა გავიდა წლები და ჩემი საშემსრულებლო ხელოვნება მეტნაკლებად დაიხვეწა, მე მივხვდი, რომ ეს არის ის ჟანრი, რომელიც ჩემს სულთან ყველაზე ახლოა, რომელიც ყველაზე მეტად მიხდება და რომელსაც არ უნდა ვუღალატო. და ძალიან მახარებს, რომ ეს ჟანრი შევინარჩუნე, ვეცადე, რომ ჩემებური ვერსიები შემექმნა ამ არაჩვეულებრივი სიმღერებისა და მართლაც რომ დიდი საგანძური გვაქვს ქართველებს, ქართული კინომუსიკის სახით.“


ნეკა სებისკვერაძეს ეკუთვნის იდეა „ქართული რომანსის საღამოსი“, რომლის განხორციელებაც დუეტმა 2011 წლის იანვარში დაიწყო. დათო არჩვაძემ და ნეკა სებისკვერაძემ თავიანთივე შედგენილი რეპერტუარით საქართველოს ლამის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარეს, ნოემბერში კი საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით კონცერტები გამართეს ციურიხში, საარბრიუკენსა და ფრანკფურტში. როგორც ზემოთ ვთქვით, დუეტის „ბოლო გაჩერება“ იყო პრაღა, მსმენელები კი - ქართული სათვისტომო და საქართველოს მეგობარი დიპლომატები. „ეს ყველაფერი იანვრის თვეში კარგად დაიწყო, ლამაზად დაიწყო და ლამაზი განვითარება მოჰყვაო“,- სიამაყით ამბობს დათო არჩვაძე:

„დამაგვირგვინებელი კონცერტი გაიმართა აქ, თქვენთან, პრაღაში, და რა ვიცი, ვაპირებთ ჩვენ და ძალიან დიდი სიხარულით გავაგრძელებთ, რადგან ძალიან დიდი ემოციებია ამ კონცერტებზე. ქართველებს და არა მარტო ქართველებს, უცხოელებსაც ძალიან მოსწონთ და ძალიან დიდი გულისყურით უსმენენ, აფასებენ და უნდათ ეს ყველაფერი.“

ნეკა სებისკვერაძე და დავით არჩვაძე ქართული სიმღერის პოპულარიზებისათვის საქართველოში ბევრს აკეთებენ. გარდა იმისა, რომ ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტია, დავით არჩვაძე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა და, როგორც ლოტბარი, რამდენიმე კვარტეტსა და ანსამბლს ხელმძღვანელობს. საქმე თავზე გადასდის ნეკა სებისკვერაძესაც, რომელიც თბილისის მერიაში სპეციალურად შექმნილი სამსახურის - „კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ - დირექტორია და მომავალ წელს თბილისში, მერიის ხელშეწყობით, პრაღის კულტურის დღეების მოწყობას გეგმავს:

„შემიძლია გითხრათ ის, რომ, გაზაფხულზე მერიების მოლაპარაკების თანახმად, თბილისში პრაღის კულტურის დღეები იგეგმება და შემდეგ იმედი გვაქვს, რომ პრაღასაც ესტუმრება არაერთი წარმატებული ქართველი ხელოვანი.“

სანამ პრაღას დაემშვიდობებოდნენ, ნეკა სებისკვერაძემ და დათო არჩვაძემ პატარა იმპროვიზებული კონცერტი ჩვენი რადიოს მინისტუდიაშიც მოაწყვეს და პოეტ მანანა სიამაშვილის ლექსზე შექმნილი დათო არჩვაძის საგალობლით დაგვემშვიდობნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG