Accessibility links

გამოთხოვება ნელსონ მანდელასთან


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე

სამხრეთ აფრიკაში ეთხოვებიან ამ ქვეყნის პირველ შავკანიან პრეზიდენტს, აპარტეიდთან ბრძოლით სახელგანთქმულ ნელსონ მანდელას, რომელიც გასულ კვირაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 10 დეკემბერს, ათასობით სამხრეთაფრიკელთან ერთად, 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ იოჰანესბურგში, სტადიონზე, რომელზეც ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდა.

“ისტორიის გიგანტი“ - ასე მოიხსენია ნელსონ მანდელა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც იოჰანესბურგში სტადიონზე შეკრებილების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა აპარტეიდთან ბრძოლის გმირის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დამსახურებებზე.

„ყოველთვის ძნელია ხოტბა შეასხა ადამიანს - სიტყვებით გამოხატო არა მარტო ფაქტები და თარიღები, რომლებმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა, არამედ მისი სიხარული და მწუხარება, მშვიდი მომენტები და უნიკალური თვისებები, რომლებიც ადამიანის სულს წარმოაჩენს. რამდენად უფრო ძნელია ამის გაკეთება, როცა საუბრობ ისტორიის გიგანტზე, რომელმაც ერი სამართლიანობისაკენ წაიყვანა და ამ პროცესით მილიარდობით ადამიანის გულები მოიგო“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ბარაკ ობამამ იოჰანესბურგში, სადაც მეუღლესთან ერთად ჩავიდა მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.

ნელსონ მანდელამ გვაჩვენა გზა - თავისი გულით, რომელიც ამ სტადიონზე დიდი იყო, და გადამდები ღიმილით, რომლითაც იოლად გაანათებდა აქაურობას. მან მართლაც მთელი მსოფლიო გაანათა. ნელსონ მანდელა განისვენებს, მისი ხანგრძლივი გზა დასრულებულია...
იოჰანესბურგში ჩასულ ლიდერებს შორის არიან აგრეთვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ამ უკანასკნელმა ისაუბრა მანდელას გამორჩეულ თვისებებზე, როგორიც იყო პატიების უნარი და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, შერიგება.

„ნელსონ მანდელამ გვაჩვენა გზა - თავისი გულით, რომელიც ამ სტადიონზე დიდი იყო, და გადამდები ღიმილით, რომლითაც იოლად გაანათებდა აქაურობას. მან მართლაც მთელი მსოფლიო გაანათა. ნელსონ მანდელა განისვენებს, მისი ხანგრძლივი გზა დასრულებულია. მოდით, ახლა გაგვიძღვეს და შთაგვაგონოს მორალურმა ძალამ, რომელიც მან ყოველ ჩვენგანში გააღვიძა - ადამიანურობის სინათლის ალმა, იმედის ჩირაღდანმა“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა იოჰანესბუგრში ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეკრებილებს მიმართა აფრიკის ეროვნული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამაც: როცა შენს დაკრძალვაზე წვიმს, ეს ნიშნავს, ღმერთები გეგებებიან და ზეციური კარი ღიააო. ეს სიტყვები მას, ბუნებრივია, შემთხვევით არ წარმოუთქვამს. მანდელასთან გამოთხოვების ცერემონია თავსხმა წვიმაში ჩატარდა. თუმცა 10 დეკემბერს ის არ დაუკრძალავთ. სამხრეთ აფრიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტს, აპარტეიდთან ბრძოლის გმირს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს 15 დეკემბერს მიაბარებენ მიწას მის მშობლიურ ქალაქში.

10 დეკემბრის ცერემონიაზე ბევრმა გამოხატა მადლიერება მანდელას მიმართ აპარტეიდთან ბრძოლაში, სამხრეთ აფრიკაში მშვიდობის შენარჩუნებასა თუ შიდსთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. ბარაკ ობამამ კი მადლიერება გამოხატა სამხრეთაფრიკელების მიმართაც:

„სამხრეთ აფრიკის ხალხს, ყველა რასისა და საზოგადოებრივი პოზიციის წარმომადგენლებს: მსოფლიო მადლობას გიხდით ჩვენთვის ნელსონ მანდელას გაზიარებისათვის!“
XS
SM
MD
LG