Accessibility links

logo-print
5 დეკემბერს გარდაიცვალა აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგენდად ქცეული ლიდერი, სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა. ჰოდა, დღეს ამ დიდებულ ადამიანზე ვისაუბრებ და იმ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს გავიხსენებ, რომლებიც „მადიბას“ ეძღვნება.

1983 წელს, როცა მანდელა რობენის ციხეში გახლდათ და, მთავრობის დამხობის ბრალდებით გასამართლებული, პატიმრობის მე-19 წელს ითვლიდა, ლონდონში აპარტეიდის საწინააღმდეგო კონცერტი გაიმართა. სხვადასხვა მუსიკოსებს შორის ერთი ბრიტანელი არტისტიც გამოერია - პიანისტი და სკა-ბენდის „The Specials“-ის ლიდერი ჯერემი დამერსი. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, სამხრეთ აფრიკის რასობრივ პოლიტიკას კი აპროტესტებდა, მაგრამ ეროვნული კონგრესის ლიდერის შესახებ მხოლოდ ის სმენოდა, რომ ტერორისტი იყო. ჰოდა, ნელსონ მანდელას პიროვნებით სწორედ ამ კონცერტის შემდეგ დაინტერესდა და გადაწყვიტა, მუსიკის ენით ეთქვა სიმართლე - ისეთი ინფორმაციული სინგლი გამოეშვა, ყველა თაობის ადამიანი რომ აიტაცებდა და, რაც მთავარია, დაანგრევდა საზოგადოების დიდ ნაწილში გავრცელებულ ცრუ წარმოდგენებს მანდელას მოძალადეობის შესახებ. ასე შეიქმნა ცნობილი სიმღერა „Free Nelson Mandela“, რომელმაც კომპოზიტორის ჩანაფიქრიც გაამართლა და აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის არაოფიციალურ ჰიმნადაც იქცა.



ჯერემი დამერსის ნაწარმოებმა 80-იანი წლების დასავლურ სცენაზე აპარტეიდის საწინააღმდეგო სიმღერების ბუმი გამოიწვია. პოპულარობის პიკზე მყოფმა სტივი ვანდერმა თემატური სიმღერა „It's Wrong“ გამოაცხო, ხოლო მოგვიანებით, როცა სინგლისათვის „I Just Called to Say I Love You“ „ოსკარი“ გადაეცა, ეს ჯილდო ნელსონ მანდელას მიუძღვნა. სხვათა შორის, ამგვარმა აქტივობამ სამხრეთ აფრიკის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია და გენიალური მუსიკოსი კარგა ხნით განიდევნა ადგილობრივ რადიოთა მუსიკალური პროგრამებიდან. ამერიკული პოპ-კულტურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მეამბოხე პოეტმა გილ სკოტ-ჰერონმა კი იოჰანესბურგზე იმღერა. აჯანყებულთა რიგებს არც ჯაზმენები გამოჰკლებიან - ლეგენდარულმა საქსოფონისტმა უეინ შორტერმა და გიტარისტმა კარლოს სანტანამ 1988 წლის მონტრეს ჯაზფესტივალზე აფრიკულ-აღმოსავლური მოტივებით გაჯერებული ერთგვარი საბრძოლო ჰიმნი - „მანდელა“ - წარმოადგინეს.



ახლა კი ერთ სამხრეთაფრიკელ მუსიკოსს, ჰიუ მასაკელასაც ვახსენებ, რომელმაც აპარტეიდის მძიმე ყოფას თავი 21 წლის ასაკში დააღწია და ნიუ-იორკში მოიხვეჭა დიდებული მესაყვირის, კორნეტისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის სახელი. 1987 წელს რობენის ციხის პატიმარმა, ნომრით 46664, დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა და დაჰპირდა, რომ სამშობლოში დაბრუნების ბედნიერებას მალე აგრძნობინებდა.როგორც მასაკელა იხსენებს, ტექსტის კითხვისას თვალები ცრემლით აევსო, ფორტეპიანოსთან მოკალათდა და სპონტანურად ამღერდა. ცოლმა ჰკითხა, ეს სიმღერა როდის დაწერე, პირველად მესმისო. „ჩემი არ არის, ნელსონ მანდელას ეკუთვნისო“, - უპასუხა ატირებულმა ქმარმა.



დაბოლოს, სულ ახალი სინგლიც მოვისმინოთ, რომელიც, სამწლიანი საეჭვო პაუზის შემდეგ, ირლანდიულმა როკჯგუფმა U2-მ და ნელსონ მანდელას ძველმა მეგობარმა ბონომ წარმოადგინა. „Ordinary Love“ ჯასტინ ჩედვიკის ფილმის - „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებამდე“ - საუნდრეკის მთავარ სიმღერადაც იქცა - ფილმისა, სადაც ამ დიდებული ადამიანის ცხოვრებისეული გზაა ნაჩვენები.

XS
SM
MD
LG