Accessibility links

logo-print

30 ივნისს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, შეიკრიბნენ სვანეთის მკვიდრნი, რომლებიც მესტიის რაიონში დიდი ჰესების, მათ შორის ნენსკრაჰესის, მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს. გარდა ამისა, ჰესების მშენებლობა ნეგატიურად აისახება სვანეთის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ნენსკრაჰესზე უარის თქმის მოთხოვნით, 1 ივლისს პარლამენტის შენობის წინ იგეგმება პირველი საინფორმაციო შეკრება. ამავე მოთხოვნით, 3 ივლისს სვანეთის მკვიდრნი სოფელ ჭუბერში გამართავენ აქციას. ჭუბერის თემი აპირებს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და სახალხო დამცველს. ნენსკრაჰესის პერსპექტივასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს ენერგეტიკის სამინისტროს.

დოდო ჩხვიმიანი ჭუბერიდანაა. მდინარე ნენსკრის ნაპირებზე გავიზარდეო, ამბობს. ის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სვანეთის სხვა მკვიდრებთან ერთად მაგიდას უზის და მესტიის რაიონში დიდი ჰესების მშენებლობის ნეგატიურ შედეგებზე ლაპარაკობს. მისი აზრით, დიდი ჰესების მშენებლობა სვანეთსა და მის სოფლებს საფრთხეს უქმნის:

„ამ ჰესებით მთელ სვანეთს ანადგურებენ - ჩვენს მთას თუნდ აღმოსავლეთ საქართველოში, თუნდ დასავლეთ საქართველოში. ნენსკრა, ნაკრა - ეს ისეთი სოფლებია, ისეთი ხეობაა... ამ კუთხეებს, ჩვენი წინაპრების საფლავებს, ჩვენს ეკლესია-მონასტრებს გვინადგურებენ. მე ვთხოვ ჩვენს ხალხს, რომ მთელი საქართველო დადგეს ფეხზე“.

ხელისუფლება ერთპიროვნულად, დახურულ კარს მიღმა წყვეტს ამ საკითხებს. მოსახლეობა თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი...

სოფელ ნაკრიდან ჩამოვიდა გიორგი ცინდელიანი. 34 ჰესის მშენებლობა იგეგმება მესტიის რაიონში და ამ მშენებლობების გასაპროტესტებლად ჩამოვედი თბილისშიო. გიორგი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობას იძულებულს გახდის მიატოვონ სოფლები, მამაპაპისეული სახლები და თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. განსაკუთრებით სადარდებლად მიიჩნევს ნენსკრაჰესის მშენებლობას, რომელსაც მდინარე ენგურის შენაკადზე საპარტნიორო ფონდი აშენებს და რომელიც 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური უნდა იყოს. როგორც გიორგი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ბურღვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია:

„ნენსკრაჰესის საპროექტო ტერიტორია ჭარბი დატენიანების ზონაშია. ამას გარდა, ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობის სიცოცხლისთვის სახიფათოა. ავიღოთ, მაგალითად, ნაკრა, სადაც მილიონობით ტონა ღვარცოფული ნაკადი ჩამოაქვს მდინარე ლექვერას. არის, ასევე, რამდენიმე სხვა ღვარცოფული მდინარე და ჭარბი ტენიანობის ზრდა დააჩქარებს მეწყერულ პროცესებს. მეორე მიმართულება არის ის, რომ, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოსავლიანობის შემცირება“.

ნენსკრაჰესის მშენებლობა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1.2 მილიარდი კილოვატსაათი იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგური გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

სვანეთის მკვიდრთა შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი, საზოგადოებრივი აქტივისტი ცოტნე გამსახურდია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მესტიის რაიონში ჰესების მშენებლობის პროცესში შეუსწავლელია გარემოზე ზემოქმედების საკითხები. მისივე თქმით, შეუსწავლელია სეისმოლოგიური და გეოლოგიური საკითხები. მისი თქმით, სწორედ ეს არის მესტიის მკვიდრთა და გარემოს დამცველთა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი:

„ხელისუფლება ერთპიროვნულად, დახურულ კარს მიღმა წყვეტს ამ საკითხებს. მოსახლეობა თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი“.

ჩვენ ვაპირებთ, რომ სანამ ეს ხელისუფლება კიდევ ხელისუფლებაშია, დავაბრუნოთ პროგრამის ჩარჩოებში და, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობას შევუშალოთ ხელი, რადგან სწორედ ეს იყო მათი დაპირება...

საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ სვანეთის მკვიდრთ შეხვდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. როგორც ის ამბობს, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს, თუმცა მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დაიგეგმება და განხორციელდება საქართველოში ენერგეტიკული პროექტები:

„ყველა ენერგეტიკული პროექტი უნდა განხორციელდეს მაღალი სტანდარტების დაცვით, ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით და, რაც მთავარია, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, პროექტი რამდენად შეეხიდება და გააძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას. ამაზეა საუბარი. სამწუხაროდ, მოსახლეობას ამაზე არ აქვს ინფორმაცია, ეს პროცესები არ ხდება ღიად, ღია დისკუსიების ფონზე და მაინტერესებს მოვისმინო სვანეთის მოსახლეობის აზრი“.

გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწერილი საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვის ნაწილის ავტორია. მისი თქმით, მას, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთ ავტორს, კარგად ახსოვს, რომ კოალიციის პროგრამაში ჩადებული იყო პირდაპირი დაპირება დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს პირობა კოალიციამ უხეშად დაარღვია:

„ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას. სწორედ იმიტომ აღარ ვართ მეც და სხვა ბევრი ადამიანიც ამ ხელისუფლების გვერდით, რადგან ისინი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ. ჩვენ ვაპირებთ, რომ სანამ ეს ხელისუფლება კიდევ ხელისუფლებაშია, დავაბრუნოთ პროგრამის ჩარჩოებში და, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობას შევუშალოთ ხელი, რადგან სწორედ ეს იყო მათი დაპირება“.

უკვე დიდი ხანია დიდი ჰესების ალტერნატიული ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებაზე საუბრობენ გარემოსდამცველები. ამის შესახებ ლაპარაკობდა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიაც. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლონ მომავალში დიდი ჰესები ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, თუმცა გეგმა ამ ეტაპზე მხოლოდ დამუშავების პროცესშია.

დიდი ჰესების მშენებლობას აკრიტიკებს გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაც“. მისი წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ არ შეიძლება ქვეყანა ორიენტირებული იყოს მხოლოდ რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე:

ირაკლი მაჭარაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილი

„რაში გვჭირდება ეს დიდი ჰესები, - ხუდონი, ნენსკრა და ა.შ. - არავინ იცის. როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არის ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე, უტილიზაციაზე, იქნება ეს ტყე, მდინარეები თუ ა.შ., ეს არის წამგებიანი, მით უმეტეს, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის“.

რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს ნენსკრაჰესის პერსპექტივის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ჰესის მშენებლობა არათუ დაცლის სვანეთს მოსახლეობისგან და ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს მას, არამედ, პირიქით, მისი სიტყვებით, ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში. შესაბამისად, ის ამბობს, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება. მისივე სიტყვებით, პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით:

„რატომ უნდა გაჩერდეს ერთმილიარდდოლარიანი კერძო ინვესტიცია. რომელიც მთლიანად გარდაქმნის ზემო სვანეთის რეგიონს, შეიტანს უამრავ სიკეთესა და დოვლათს და ამ დროს თურმე ეს არ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ჩართულობას, პროექტში მონაწილეობს მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ეს პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება. რაც შეეხება სპეციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს, შეუძლებელია, რომ მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდეს, რადგან ეს პროექტი გადის ყველანაირ ფილტრს“.

ნენსკრაჰესის მშენებლობის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, 2012 წლის დასაწყისში. მაშინ მესტიაში ჩატარებულმა საჯარო განხილვამ ჰესის მშენებლობის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG