Accessibility links

ნოიერი, რობენი თუ რონალდუ?


გერმანიის ნაკრების კარის დარაჯს მანუელ ნოიერს (მარცხნივ) ბრაზილიის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა

გერმანიის ნაკრების კარის დარაჯს მანუელ ნოიერს (მარცხნივ) ბრაზილიის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების პრეტენდენტთა სია სამამდე შემცირდა. 14 აგვისტოს უეფამ გამოაქვეყნა იმ ტრიოს გვარები, რომელიც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ფედერაციების სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად შეირჩა. 28 აგვისტოს, მონტე-კარლოში, 54-წევრიან ჟიურის გადასაწყვეტი ექნება, ვის მიანიჭოს უპირატესობა: მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარეს მანუელ ნოიერს, მის თანაკლუბელსა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველს არიენ რობენსა თუ მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს.

სწორედ ამ სამმა ფეხბურთელმა მოაგროვა ქულათა ყველაზე მეტი რაოდენობა გამოკითხვის მეორე ტურში, რომელშიც კენჭისყრა შემდეგი პრინციპით ჩატარდა: ჟიურის ყოველ წევრს უნდა დაესახელებინა, მისი აზრით, სამი საუკეთესო იმ ათი მოთამაშიდან, რომელიც პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად შეირჩა (პირველი ადგილისთვის მოთამაშეს ენიჭებოდა სამი ქულა, მეორისთვის - ორი, მესამისთვის - ერთი).

უეფა არ ამხელს, რჩეულთა სამეულიდან ვინ რამდენი ქულა მოაგროვა, რათა გადამწყვეტ, მესამე ტურში სამივე კანდიდატისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულებისთვის ისიც საინტერესოა, როგორ განაწილდა დანარჩენი ადგილები პირველ ათეულში:

მეოთხე ადგილი ერგო თომას მიულერს (გერმანია, მიუნხენის „ბაიერნი“) – 39 ქულა; 24-24 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილები გაინაწილეს მიულერის თანაგუნდელმა და თანამემამულემ ფილიპ ლამმა და არგენტინელმა ლიონელ მესიმ (ესპანეთის „ბარსელონა“). მომდევნო ადგილებზე არიან:

მე-7 – ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, „მონაკო“, ამჟამად - მადრიდის „რეალი“) – 16 ქულა;

მე-8 – ლუის სუარესი (ურუგვაი, „ლივერპული“, ამჟამად - „ბარსელონა“) – 13 ქულა;

მე-9 – ანხელ დი მარია (არგენტინა, მადრიდის „რეალი“) – 12 ქულა;

მე-10 – დიეგო კოსტა (ესპანეთი, მადრიდის „ატლეტიკო“, ამჟამად - ლონდონის „ჩელსი“) – 8 ქულა.

წლეულს უეფა (ევროპის სპორტული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით) უკვე მეოთხე წელია, პირდაპირი კენჭისყრის პრინციპით გამოავლენს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (არგენტინა), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) და ფრანკ რიბერი (საფრანგეთი). 54-წევრიან ჟიურიში საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დავით კაკაბაძე.

XS
SM
MD
LG