Accessibility links

logo-print
გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის არჩევნებში, რომელიც კვირას გაიმართა, მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკმა, CDU/CSU-მ კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საუკეთესო შედეგი აჩვენა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

ვინ იქნებიან მერკელის პარტნიორები და რას უნდა ელოდეს ბუნდესტაგის არჩევნებისგან ევროკავშირი?

თეორიულად ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკს შეუძლია მარტომაც შექმნას უმცირესობის მთავრობა. მაგრამ ვინაიდან ბუნდესტაგში მოხვედრილ დანარჩენ სამ პარტიას - სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და მემარცხენეებს შეუძლიათ ასეთ მთავრობას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიონ ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეს ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა.

აკი განაცხადა კიდეც მერკელმა, რომ მას სტაბილური მთავრობა სურს: “ჩვენ, კონსერვატორებს, გვაქვს მყარი მანდატი მთავრობის ფორმირებისათვის და ჩვენ შევასრულებთ ამ მანდატს, რადგან გერმანიას სტაბილური მთავრობა სჭირდება“.

რა მოხდება ოპოზიციის ბანაკში? მიუხედავად იმისა, რომ სამივემ ერთად გამარჯვებულ პარტიაზე მეტი ხმები მოიპოვა, ძნელი წარმოსადგენია, სოციალ-დემოკრატები და მწვანეები მემარცხენეებს შეეკრან. ეს უკანასკნელი ყოფილი გდრ-ის დროინდელ კომუნისტებსაც აერთიანებს და მათი მონაწილეობა კოალიციის იმიჯს ავნებდა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ხშირად იყო საუბარი მერკელის პარტიასა და მწვანეებს შორის კოალიციის შესაძლებლობაზე. მართლაც, მათ მთელ რიგ საკითხებში აქვთ საერთო პოზიცია. ასეთი საკითხები გახლავთ მდგრადი ეკონომიკა, რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება. კვირას, კენჭისყრის შემდეგ, მწვანეების ლიდერებმა ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციისთვის მზადყოფნა გამოხატეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ორ პარტიას შორის უფსკრულია სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება, ორმაგი მოქალაქეობა, ნარკოტიკების პოლიტიკა, გადასახადები. თანაც მწვანეებს კარგად ახსოვთ, რა სახიფათოა მერკელთან ჩახუტება. ყოველი პარტია, რომელიც კოალიციაში შედიოდა CDU/CSU-სთან, მასობრივად კარგავდა ხმებს ამ კოალიციის დასრულების შემდეგ. ასე რომ, ქრისტიან-დემოკრატებსა და მწვანეებს შორის კოალიცია შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო.

„ევროპა მერკელლანდიად იქცევა“ - წერდა საბერძნეთში გამომავალი „ტა ნეა“...
დაბოლოს, ორი უდიდესი პარტიის, CDU/CSU-სა და სოციალ-დემოკრატების კავშირი - ე.წ. „დიდი კოალიცია“. მმართველობის პირველი ვადისას სოციალ-დემოკრატებთან კოალიციამ მერკელს წარმატება მოუტანა. თავად სოციალ-დემოკრატები კი ამ კოალიციის შემდეგ ისე დასუსტდნენ, რომ 2009 წლის არჩევნებში ისტორიულად სუსტ შედეგს მიაღწიეს. ამიტომ ამჯერად ისინი ბევრად უფრო ფრთხილად მოეკიდებიან მერკელთან ალიანსს. თავად მერკელმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკვე ჰქონდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან არაოფიციალური მოლაპარაკება და არ გამორიცხავს ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას.

ბუნდესტაგის არჩევნებში ანგელა მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის გამარჯვების შემდეგ ევროზონას შიშის ტალღამ გადაუარა. „ევროპა მერკელლანდიად იქცევა“ - წერდა საბერძნეთში გამომავალი „ტა ნეა“. იტალიის „რეპუბლიკა“ კი გერმანიას კონტინენტის უეჭველ ჰეგომონად მიიჩნევს. სინამდვილეში რა არის მოსალოდნელი გერმანიის პოლიტიკის საჭეთმპყრობელისგან? მისი მმართველობის ქვეშ დანარჩენ ევროპას კიდევ უფრო მომჭირნე საფინანსო პოლიტიკის რელსებზე გადასვლა მოუწევს?

ექპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე სულ სხვაგვარად იქნება. ფიქრობენ, რომ მესამე ვადას მერკელი ბევრად უფრო ინტეგრაციული და თამამი ევროპოლიტიკისთვის გამოიყენებს, ვიდრე ამას აქამდე მიიჩნევდნენ. ყოველ შემთხვევაში, როგორც გერმანიის ყოველკვირეული ჟურნალი „შპიგელი“ შენიშნავს, ძალთა ახალი კონსტელაცია მას საამისო შანსებს აძლევს.

საქმე ისაა, რომ ისევე, როგორც გერმანია არის ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო, მის ლიდერსაც გამორჩეული ადგილი უკავია ევროპულ პოლიტიკაში. ევროკავშირის ვერცერთი დიდი ქვეყნის ლიდერი ვერ გადაურჩა სამიწლინახევრის წინ დაწყებულ კრიზისს. სცენის დატოვება მოუწიათ სარკოზის, ბერლუსკონის, მონტის, საპატეროს და არც მათი მემკვიდრეების პოზიციები იყო მყარი. ამის საპირისპიროდ ანგელა მერკელმა არა მარტო გადაურჩა უკანასკნელ არჩევნებს, არამედ საკუთარ ტრიუმფადაც აქცია იგი.

მიუხედავად ამისა, ან შეიძლება სწორედ ამიტომ, კანცლერი აუცილებლად აგრესიული პოლიტიკის გამტარებლად არ უნდა მოგვევლინოს ევროპის მასშტაბით. პირიქით, ახალი კონსტელაცია მას იმის საშუალებას აძლევს, რომ ე.წ. „კეთილმოსურნე ჰეგემონად“ მოგვევლინოს - ანუ საკუთარი ძალაუფლება ამრავლოს და ამავე დროს ევროპას პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.

ამის სასარგებლოდ მეტყველებს კიდევ ერთი არგუმენტი. მმართველობის მეორე ვადაში მერკელმა უფრო ევროკავშირის გათიშვისკენ მიმართული პოლიტიკით გაითქვა სახელი. მას და მის ფინანსთა მინისტრს, ვოლფგანგ შოიბლეს ევროპის პრესაში გამოქვეყნებულ კარიკატურებში ხშირად წარმოადგენდნენ ხოლმე ნაცისტური გერმანიის ატრიბუტებით. ცხადია, ყველა ცდილობს ასეთი იმიჯისგან გათავისუფლებას. ძნელი წარმოსადგენია, რომ მერკელი მესამე და, როგორც ჩანს, მმართველობის უკანასკნელ ვადაშიც გაჰყვეს მკაცრ კურსს და ევროპის აშარი პოლიტიკოსის სახელით შევიდეს ისტორიაში. ამას მიანიშნებს ის, რომ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საბერძნეთია, გერმანიის ლიდერი დატუქსვისა და მუქარის რიტორიკიდან სოლიდარობისკენ შემოტრიალდა.

ინტეგრაციისკენ მიმართულ პოლიტიკაში მერკელს ახალი პარტნიორებიც დაეხმარებიან. თუკი ადრე კოალიციის პარტნიორი თავისუფალი დემოკრატები მხარს უჭერდნენ ევროზონაში მკაცრი პოლიტიკის გატარებას, ახალი შესაძლო პარტნიორები - როგორც სოციალდემოკრატები, ისე მწვანეები, სოლიდაროობისა და ევროპის ინტეგრაციის მომხრეები არიან.
XS
SM
MD
LG