Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იტყვიან ირლანდიელები ევროზონის საფინანსო პოლიტიკაზე


რეფერენდუმი ირლანდიაში
რეფერენდუმი ირლანდიაში
ირლანდია ევროკავშირში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც, კონსტიტუციის თანახმად, ევალება რეფერენდუმი ჩაატაროს ისეთი საერთაშორისო დოკუმენტების მიღებისას, როგორიცა ევროკავშირის საფინანსო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა განამტკიცოს ევროზონა და საერთო ევროპული ვალუტა - ევრო. ევროზონაში კრიზისი არ წყდება, მისი არაერთი წევრია გაბმული საბიუჯეტო დეფიციტით გამოწვეულ სირთულეებში.

ირლანდიაში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი სამ მილიონს ოდნავ აღემატება. წინასწარი გამოკითხვებით, მათი უმეტესობა აპირებს ხმა მისცეს გერმანიის ინიციატივით შემუშავებულ ხელშეკრულებას, რომელმაც თვითონ ირლანდია და ევროზონის ვალებში ჩაფლული სხვა წევრი სახელმწიფოები უნდა აიძულოს მიმართონ მომჭირნეობის ზომებს, ჰქონდეთ ნაკლები ხარჯი. რეფერენდუმის შედეგი პარასკევს გამოქვეყნდება. მანამდე გამოთქვამენ ვარაუდებს და, როგორც ითქვა, მოელიან, რომ ირლანდია ხელშეკრულებას მხარს დაუჭერს. მთავრობამ ხალხს განუმარტა ვითარების სირთულე და მოუწოდა - გააფრთხილა ის, რომ თუ უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, ქვეყანა ვერ მიიღებს საერთაშორისო კრედიტს. ირლანდიამ უკვე აიღო 106 მილიარდდოლარიანი ვალი - დახმარება ევროკავშირისა და სარეთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
ევროკავშირის 27 წევრიდან 25-მა ხელი უკვე მოაწერა ამ ეგრეთ წოდებულ საფინანსო სტაბილურობის პაქტს. მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთი იკავებენ თავს დაამტკიცონ ის, თუმცა არც ერთი მათგანი არ მოიხმარს ევროს. ხელშეკრულება ძალაში შედის 2013 წელს, თუ ის ევროზონის 17 წევრიდან 12-მა დაამტკიცა. ორმა მას რატიფიცირება უკვე გაუკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირლანდიამ რომც უთხრას უარი ხელშეკრულებას, ეს არ იქნება საკმარისი მისი გაუქმებისთვის. მაგრამ ირლანდიელთა „არამ“ შეიძლება ჩიხში შეიყვანოს ინიციატივა სწორედ მაშინ, როცა საბერძნეთსა და ესპანეთში საფინანსო პრობლემებია. ირლანდიის რეფერენდუმის ფონია საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, სხვაგვარი ხედვა საფინანსო კრიზისიდან თავის დაღწევისა. ფრანგი სოციალისტი პრეზიდენტის აზრით, საჭიროა ორიენტაციის აღება ეკონომიკის ზრდაზე და არა ხარჯების შემცირებასა და მომჭირნეობაზე.

ირლანდიაში ხელშეკრულებას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეები. კენჭისყრის შემდეგ, კასელბარელი აიდან კროული აცხადებს:
„ბევრია გაღიზიანებული ევროპის გამო. ისინი ევროპას, ფართო გაგებით, უყურებენ როგორც პრობლემას, რომელიც ირლანდიაში ახლა წარმოიქმნება. მე ვთვლი, რომ ეს არაა სამართლიანი. ჩვენ საკუთარ თავსაც უნდა შევხედოთ.“

მოწინააღმდეგეთა შორის არიან შინ ფეინის პოლიტიკური ორგანიზაცია და პროფკავშირები, რომელთა აზრითაც, ირლანდია არ უნდა მიემხროს ხელშეკრულებას და ევროკავშირმა და სავალუტო ფონდმა ქვეყნებს ვალების განკარგვის უკეთესი მართვა უნდა შესთავაზონ. ისინი ფიქრობენ, რომ ირლანდიას შემდგომაც უნდა ჰქონდეს კრედიტის მიღების შესაძლებლობა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG