Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალისტების გამარჯვება მოულოდნელი იყო


ტომისლავ ნიკოლიჩი
ტომისლავ ნიკოლიჩი
სერბიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალისტ ტომისლავ ნიკოლიჩის გამარჯვება მოულოდნელი იყო. მას ადრე, სლობოდან მილოშევიჩის მთავრობაში, ჯერ სერბიის, შემდეგ კი იუგოსლავიის ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ტომისლავ ნიკოლიჩისთვის ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა: ადრე მან ორ კენჭისყრაში წააგო ბრძოლა ამჯერად დამარცხებულ ტადიჩთან. 20 მაისის ტურში მცირე უპირატესობით დაამარცხა პროდასავლურად განწყობილი ტადიჩი, რომელიც ამომრჩეველმა დასაჯა ეკონომიკური პრობლემების, საერთოდ ცხოვრების დონის დაცემისა და იმის გამო, რომ ვერ დაძლია კორუფცია მმართველ შრეში. ის, რომ სერბი ამომრჩეველი, ზოგადად, პასიური იყო, ასევე ითვლება ტადიჩის მარცხისა და ნიკოლიჩის გამარჯვების მიზეზად, რადგან, ჩანს, პროდასავლური ამომრჩეველი არაა ისე აქტიური, როგორც ნაციონალისტი. ბალკანეთის საკითხთა ექსპერტი ფრანც-ლოთარ ალტმანი მოელის, რომ სერბიაში პოლიტიკური თვალსაზრისით რთული პერიოდი დადგება:
ამ არჩევნების შედეგი გვიჩვენებს (და მე პირობას შევასრულებ), რომ სერბია ევროკავშირის გზას არ გადაუხვევს, რომ სერბიას სურს მხარში ედგას კოსოვოსა და მეტოხიის ხალხს ...
ტომისლავ ნიკოლიჩი

„თამაში ღიად მიდის. სერბიისთვის მომავალი თვეები რთული იქნება, რადგან ის ცდილობს სხვადასხვა მოლაპარაკების დაწყებას. გარდა ამისა, მან უნდა განაახლოს შეხვედრები კოსოვოსთან. ასე რომ, რთული დრო მოდის, ბევრი რამ გაურკვეველია.“

არჩევნების პერიოდში, ასევე მანამდე, ითვლებოდა, რომ ნიკოლიჩი ევროკავშირის მომხრე არ არის და რომ ის დემოკრატიული პარტიისა და ტადიჩის პოლიტიკას არ გააგრძელებს. გამარჯვების შემდეგ კი ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა:

„ამ არჩევნების შედეგი გვიჩვენებს (და მე პირობას შევასრულებ), რომ სერბია ევროკავშირის გზას არ გადაუხვევს, რომ სერბიას სურს მხარში ედგას კოსოვოსა და მეტოხიის ხალხს და რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი არა იმაზე, მხარს ვუჭერთ თუ არა ევროკავშირს, არამედ იმ შიდა პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც შექმნეს ტადიჩმა და დემოკრატიულმა პარტიამ.“

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლიჩი პრორუსულადაა განწყობილი და ანტიდასავლური რიტორიკაც ახასიათებდა (მას აქვს ნათქვამი, რომ სერბია შეიძლება რუსეთის პროვინცია გახდეს), არავინ მოელის, რომ დასავლეთი მას გარიყავს. ევროკავშირმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის ურჩევს ნიკოლიჩს, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, რათა ბლოკთან დაახლოების გეგმა გაგრძელდეს. დენიელ სერუერმა, აშშ-ის გაფართოებული საერთაშორისო კვლევების ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის კონფლიქტების მოგვარების სფეროს პროფესორმა, თქვა:
ვფიქრობ, რომ ნიკოლიჩს იმის მიხედვით შეაფასებენ, რას გააკეთებს, და არა იმისა, თუ რას იტყვის ...
დენიელ სერუერი

„მართალია, ტადიჩი ევროპაში ძალიან მიღებული პოლიტიკოსი იყო და მას ევროპელები მხარს უჭერდნენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი წინააღმდეგობის მოგვარება მან ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ ნიკოლიჩს იმის მიხედვით შეაფასებენ, რას გააკეთებს, და არა იმისა, თუ რას იტყვის.“

ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ კოსოვო იქნება ევროკავშირთან სერბიის ურთიერთობაში მუდმივი მთავარი სადავო საკითხი. ნიკოლიჩი, წინამორბედ ტადიჩის მსგავსად, ალბათ, არასოდეს აღიარებს სერბიის ყოფილი ოლქის - კოსოვოს - დამოუკიდებლობას, რაც 2008 წელს გამოცხადდა და რასაც ბევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მაგრამ ტადიჩი მოლაპარაკებების, დიალოგის მომხრე იყო ყოფილ ოლქთან.

ნიკოლიჩს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს, ახლა აქვს უფლება მთავრობის შექმნა დაავალოს თავის პროგრესულ პარტიას, რომელმაც 6 მაისის არჩევნებში ყველაზე მეტი ამომრჩეველი მიიმხრო. მაგრამ ფრანც-ლოთარ ალტმანი ფიქრობს, რომ მას გაუჭირდება შექმნას თავისი მომხრე მთავრობა. მისი აზრით, უფრო მოსალოდნელია, რომ შედგეს მთავრობა დემოკრატიული პარტიისა და სოციალისტური პარტიისგან, ნიკოლიჩის წინააღმდეგ. სოციალისტური პარტია, რომელიც სლობოდან მილოშევიჩის მიერაა შექმნილი, ადასტურებს თავის პოზიციას, რომ, მიუხედავად ნიკოლიჩის გამარჯვებისა, დემოკრატებთან ერთად დარჩება.

ნიკოლიჩს, იმისათვის, რომ პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს, უცნაური საკონსტიტუციო პრობლემის მოგვარება უწევს: დღემდე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნები ორი კვირის წინ გაიმართა, პრეზიდენტის ფიცის დადება ახალი პარლამენეტის წინაშე არ შეუძლია. ახალი სახალხო კრება 9 ივნისს იწყებს მუშაობას. ამდენად, პრეზიდენტის ინაუგურაციის მიზნით, ძველი პარლამენტი შეიძლება შეიკრიბოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG