Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრუგმანი: საბერძნეთს შეიძლება ევროზონა დაატოვებინონ, მაგრამ უფრო დიდი კრიზისი აგვცდება


საბერძნეთის ეკონომიკურმა ქაოსმა ბევრს აფიქრებინა, რომ ათენს ევროზონას დაატოვებინებენ. ამაში დიდ უბედურებას ვერ ხედავს პოლ კრუგმანი, ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში. კრუგმანი ევროს შემოღებას მიიჩნევს შეცდომად, მაგრამ ამბობს, თუ შემოვიღეთ, უნდა გადავარჩინოთ კიდეცო:

„თუ შესაძლებელია, ევროს გადარჩენა საჭიროა. მაგრამ ახლანდელი პოლიტიკა ამას არ ცდილობს. ახლანდელი პოლიტიკა, სინამდვილეში, წირავს მას. ძალიან ცუდი იქნება, თუ ევრო მოკვდა, თუმცა მე ადრევე ვფიქრობდი, რომ მისი შემოღება შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენ ეს შეცდომა დავუშვით და ახლა საჭიროა მისი გადარჩენა, რადგან ევროს სიკვდილი ძალიან ცუდი იქნება იმ პროექტისთვის, რომელსაც „ევროპა“ ჰქვია. ის ხომ მშვიდობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიზნით განხორციელდა და მისი შენარჩუნებისთვის უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია.“

კრუგმანი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს ვაჭრობის მოდელებისა და ეკონომიკური გეოგრაფიის პრობლემების ანალიზისთვის. ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მკაცრი კრიტიკოსი იყო. კრუგმანს თავისი სვეტი აქვს „ნიუ იორკ ტაიმსში“. ამასთან, ის არაერთი პუბლიკაციის ავტორია. ევროპის საერთო ვალუტაზე კრუგმანს ბევრი წერილი აქვს გამოქვეყნებული. მათ შორის არის სტატია, სათაურით - „რა სჭირს ევროპას?“ პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ თუ საბერძნეთი ევროზონის გარეთ დარჩა, შედეგი კარგი არ იქნება, მაგრამ არც კატასტროფული:

გარდა გერმანიისა, სხვა ევროპელი ლიდერებისთვისაც ძალიან ძნელია გადაუხვიონ აღიარებულ გზას; მათ არ აქვთ საკმარისი ბერკეტები, ბაზრები დასჯიან, მათთვის ძნელია ნაცნობი მიმართულების შეცვლა ...
პოლ კრუგმანი
„ეს საბერძნეთის ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. საბერძნეთი დაკარგავს კრედიტებს, მაგრამ მათ ათენი ისედაც კარგავს. და თუ მხოლოდ ეს მოხდა, თუ ევროპელები გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა, მაშინ აღარ დაიშლება მთელი ევროზონა და ეს მაშინ არცთუ ისე დიდი ამბავი იქნება.“

მაგრამ ეს „თუ“, თავისთავად, ძალიან დიდია, ამბობს კრუგმანი, რომელიც არ ემხრობა მომჭირნეობის პროგრამებს, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები კრიზისიდან თავის დაღწევის ლამის ერთადერთ გზად მიიჩნევენ.

ჩვენმა კორესპონდენტმა იკითხა: თქვენ ამბობთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მომჭირნეობის პროგრამებს ებღაუჭებიან, ეკონომიკურ თვითმკვლელობას სჩადიან. ევროპელი ამომრჩევლებიც ამ აზრის არიან. რატომ ვერ ხედავენ ამას ევროპის ეკონომიკური ლიდერები?

პოლ კრუგმანი
პოლ კრუგმანი
„გარდა გერმანიისა, სხვა ევროპელი ლიდერებისთვისაც ძალიან ძნელია გადაუხვიონ აღიარებულ გზას; მათ არ აქვთ საკმარისი ბერკეტები, ბაზრები დასჯიან, მათთვის ძნელია ნაცნობი მიმართულების შეცვლა. მეტად რთული რამ არის ევროპის პატარა სახელმწიფოს ლიდერობა. მხოლოდ ორი შესაძლებლობა გაქვს: ან დატოვო ევროზონა, ან კიდევ საერთო ევროპული პოლიტიკის შეცვლა ითხოვო. „ფაინენშლ ტაიმსის“ ეკონომიკური მიმომხილველი, მარტინ ვულფი, წერდა: „გერმანელებისთვის ეკონომიკა მორალური ფილოსოფიის სფეროა. მათ სურთ, ეს საკითხი „ცოდვილი მევალის“ ჭრილში დაინახონ. ცოდვას კი მოჰყვება მტკივნეული აღსარება. და მათ არ სურთ იმის გაგება, რომ ეკონომიკა ასე არ ფუნქციონირებსო.“

კრუგმანის აზრით, გერმანიასა და ევროკავშირის დანარჩენ წევრებს ბევრი დრო აღარ აქვთ. მისი წინასწარმეტყველებით, საბერძნეთი ევროზონას რამდენიმე თვეში დატოვებს. ამის შემდეგ, ამბობს ის, ევროზონისთვის სიმართლის მომენტი დადგება. სად არის ყველაზე საიმედო საინვესტიციო გარემო? - დაინტერესდა რადიო თავისუფლება ნობელის პრემიის ლაურეატის აზრით:

„ოო, რჩევების მიცემა არ მიყვარს. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ვალუტა, არის სტაბილური, განვითარებული ქვეყანა, ამ მხრივ საკმარისად უსაფრთხოა. ასეთები არიან აშშ, ბრიტანეთი, შვედეთი და, პრაქტიკული მიზნებით, ასეთად მოჩანს გერმანიაც. გერმანიაც იმიტომ, რომ მას აქვს თავისი საკუთარი ვალუტა და ეს ამჟამად ევროა, რომელიც ისე მოქმედებს, თითქოს გერმანიის და არა ევროპის ვალუტა ყოფილიყოს. ასე რომ, ბევრი უსაფრთხო ქვეყანა არსებობს.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG