Accessibility links

logo-print
კვირას, 1 ივლისს, ესპანეთის ნაკრების იტალიაზე გამარჯვებით დასრულდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის სიტყვებით, ამ შეჯიბრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი მასპინძელი ქვეყნების - პოლონეთისა და უკრაინის - ვითარებაზე. თუმცა ევროპის პრესაში ანალიტიკოსები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ - ისინი უეფას დიდ ძალაუფლებასა და კომერციალიზაციას აკრიტიკებენ და წერენ, რომ ჩემპიონატმა ვერ შეძლო მასპინძელ ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცება.

კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს წელს პირველად უმასპინძლა აღმოსავლეთმა ევროპამ - პოლონეთმა და უკრაინამ.
ამას რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდნენ.

სწორედ ამ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ჩემპიონატის ფინალის დღეს, 1 ივლისს, კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა.

ვიქტორ იანუკოვიჩი შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული გამოცდილება მომავალში გამოგვადგება პოზიტიური შედეგებისთვის ერთიანი ძალებით მუშაობის ფორმების გამონახვის საქმეში.“

ოპტიმისტურად იყო განწყობილი კიევში ჩასული პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკიც:

„იმის მიუხედავად, რომ ფინალში არც პოლონეთი თამაშობს და არც უკრაინა, ერთი რამ ცხადია: „ევრო 2012“ გამარჯვებაა პოლონეთისთვისაც და უკრაინისთვისაც.“

„ევრო 2012“-ის შემდეგ ჩვენ შესანიშნავი გზები გვაქვს, მაგრამ თან იზრდება იმ ფირმების რიცხვი, რომლებმაც ეს გზები დააგეს, ახლა კი თავის ბანკროტად გამოცხადება უწევთ ...

საორგანიზაციო თვალსაზრისით ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაზე მართლაც ბევრი ითქვა. უკრაინისა და პოლონეთის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ - თქვა, ამ ქვეყნებმა „ფანტასტიური შეჯიბრების“ ორგანიზება შეძლესო.

ენთუზიაზმით სავსე განცხადებები კეთდებოდა პრესაშიც. მაგალითად, პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული ყოველდღიური გაზეთი „პოლსკა“ 29 ივნისს წერდა, ღონისძიების საორგანიზაციო ხარისხი ისეთივე მაღალი იყო, როგორიც დასავლეთშია ხოლმეო. გამოცემის თანახმად:

„არც ერთ გულშემატკივარს არ შეუმჩნევია ის, რომ „ევრო 2012“ ჩატარდა ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენი კონტინენტის მდიდარ ნაწილთან შედარებით, ბევრად უფრო ღარიბები არიან.“

თუმცა, წარმატების აღნიშვნის პარალელურად, ანალიტიკოსები გაფრთხილებითაც გამოდიოდნენ.

„ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. „ევრო 2012“-ის შემდეგ ჩვენ შესანიშნავი გზები გვაქვს, მაგრამ თან იზრდება იმ ფირმების რიცხვი, რომლებმაც ეს გზები დააგეს, ახლა კი თავის ბანკროტად გამოცხადება უწევთ. გვაქვს სტადიონები, რომლებსაც კარგად არ ვიცით რა უნდა ვუყოთ“, - წერდა პოლონელი ჟურნალისტი მიხალ კობოსკო კონსერვატიულ ჟურნალ „ვპროსტში“ 2 ივლისს.

ერთი დღის შემდეგ, 3 ივლისს, ასევე კონსერვატიული გამოცემა „ჟეჩპოსპოლიტა“ ირონიით ეკიდება „ევრო 2012“-ის მიმართ გამოთქმულ ენთუზიაზმს და მიანიშნებს, რომ საფეხბურთო ჩემპიონატისთვის უზარმაზარი თანხების გამოყოფის გამო სახელმწიფო მალე იძულებული გახდება დახუროს კიდევ უფრო მეტი სკოლა, შეამციროს საბავშვო ბაღების მოსწავლეთა რაოდენობა და გაზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუ პარკინგის ფასი.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი (მარჯვნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი (მარჯვნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი

ჩემპიონატს თან პოლიტიკური ფონიც გასდევდა. უკრაინას დასავლეთის ქვეყნები მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პატიმრობის გამო. ევროკომისიის წევრებმა - გერმანიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებმა და მინისტრებმა - უკრაინაში გამართულ მატჩებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც, ანალიტიკოსების აზრით, იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ ტიმოშენკო რეალურად პოლიტპატიმარია. ევროპის პრესაში იწერებოდა იმ უხერხულობის შესახებ, რომელსაც იანუკოვიჩს ეს ფაქტორი უქმნიდა. თუმცა, ბევრი ჟურნალისტის თუ ანალიტიკოსის აზრით, ვითარება შეცვალა ფინალურმა მატჩმა, როცა უკრაინის პრეზიდენტის გვერდით რამდენიმე სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურები დასხდნენ. სლოვაკიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „სმე“ 2 ივლისს წერდა:

„VIP ლოჟაში გადაღებული ჯგუფური ფოტო იყო რეალური მიზეზი, იანუკოვიჩს რატომაც სურდა ემასპინძლა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებისთვის. ... მას ახლა აქვს ფოტოები იმის დასამტკიცებლად, რომ იგი მიღებული ფიგურაა. ტიმოშენკოს შემდეგი სასამართლო პროცესი მან ჭკვიანურად გადადო ჩემპიონატის შემდეგი პერიოდისთვის.“

იმას, რაც პოლონეთში ხდებოდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ...

ევროპის ჩემპიონატის შესახებ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილებში იმ მოსაზრებასაც შეხვდებით, რომ იმედები, თითქოს შეჯიბრება უკრაინასა და პოლონეთს ერთმანეთთან დააახლოებდა, ცარიელ ოპტიმიზმად დარჩა. ამაზე 3 ივლისის ნომერში წერს, მაგალითად, ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ და აღნიშნავს, რომ უეფამ ეს შეჯიბრება კომერციული მეგაღონისძიების გამართვის მიზნით გამოიყენა:

„იმას, რაც პოლონეთში ხდებოდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ... გრილ გდანსკში ჩემპიონატზე დასწრების გამოცდილება განსხვავდება თითქმის 2,000 კილომეტრის მოშორებით მდებარე ცხელ დონეცკში ყოფნისგან.“

„ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ ირონიით ეკიდება შეჯიბრების სლოგანსაც - „ისტორიას ერთად ვქმნით“. გამოცემის აზრით, ეს სლოგანი ასე უნდა გაიშიფროს: ისტორიას ერთად ვქმნით, მაგრამ იმ პირობების თანახმად, რომლებსაც უეფას სავაჭრო ნიშანი გვკარნახობს.“
XS
SM
MD
LG