Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პოლიტიკური ლიდერები კვლავ ფინანსური სირთულეების წინაშე არიან


გავრცელებული ვარაუდით, ევროპას წინ ფინანსური სირთულეებით სავსე შემოდგომა ელის. ამ საკითხზე დღეს ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესმა“, რომელსაც ახლა მოკლედ მიმოვიხილავთ.

მზიანი ამინდის და აგვისტოს შვებულებების შემდეგ ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს წინ ფინანსური თვალსაზრისითაც მოღრუბლული შემოდგომა ელით.
ბოლო მონაცემებით, ევროპა სულ უფრო მეტად უახლოვდება რეცესიის პერსპექტივას. ზოგად ვითარებას აუარესებს იმ 17 ქვეყნის დავალიანების პრობლემები, რომლებიც ევროს მოიხმარენ.

ეს ვალები ევროს მოქმედების ზონას უკვე თითქმის სამი წელიწადია დიდ პრობლემებს უქმნის. ამ დრომდე ბევრი ვერაფერი შეცვალა პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ლიდერების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა. არადა, რაც მეტი დრო გადის, ვალები მით უფრო იზრდება.

მიმდინარე კვირაში საფრანგეთის, გერმანიისა და საბერძნეთის ლიდერები კვლავ გამართავენ შეხვედრებს და კვლავ შეეცდებიან ევროზონის დავალიანების კრიზისის ზრდის შეჩერებას.

ევროს მოქმედების ზონის ექვსი ქვეყანა - საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, პორტუგალია და მალტა - უკვე რეცესიაშია. დანარჩენების მდგომარეობაც არ გამოიყურება იმედისმომცემად.

ევროპის ეკონომიკური პრობლემები მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც იწვევს სირთულეებს. შარშან ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 15.5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც ოდნავ აჭარბებს აშშ-ის მაჩვენებელს. ამასთან, ევროკავშირი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის მნიშვნელოვან მყიდველ წყაროს წარმოადგენს. ამდენად, ევროპაში ეკონომიკური პრობლემების კიდევ უფრო გაუარესება შესაძლოა აშშ-სა და ჩინეთშიც იგრძნონ.

მაგალითად, სწრაფი კვების გიგანტი კომპანიის, მაკდონალდსის გლობალური მოგების ორმოცი პროცენტი სწორედ ევროპიდან მოდის. ეს მონაცემი აჭარბებს კომპანიის მიერ აშშ-ში მოპოვებულ მოგებას. კომპანიის ინფორმაციით, გასულ თვეში 0.6 პროცენტით შემცირდა ევროპაში გაყიდვების მაჩვენებელი. კომპანია Ford Motor Co. აცხადებს, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში რეგიონში გაყიდვების დღევანდელივით დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა აღრიცხული.
ევროზონამ დახმარებების თუ სესხების სახით მილიარდები გამოყო, რათა საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია ვალებით გამოწვეული დეფოლტისგან ეხსნა. ახლა კი ფინანსურ ბაზრებზე აღინიშნება შეშფოთება, რომ დახმარებას მალე რეცესიით მოსული ესპანეთი და იტალიაც მოითხოვენ.

არადა, ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნების მოსახლეობებში სულ უფრო მეტად იზრდება საბიუჯეტო ხარჯების შემცირებით და უმუშევრობის გაზრდით გამოწვეული სიბრაზე და საპროტესტო მუხტი.

„სექტემბერი ძალიან დატვირთული თვე იქნებაო“, - უთქვამს, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საკონსულტაციო ორგანიზაციის, ევრაზიის ჯგუფის ანალიტიკოსს ანტონიო ბაროზუს „ასოშიეიტედ პრესისთვის“. ექსპერტი დასძენს, რომ ცუდი ამბების მოხდენის პოტენციალი ნამდვილად არსებობს.
კრიზისის უფრო კონკრეტული განხილვა - ცალკეული ქვეყნების მაგალითზე - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს პრობლემის სიმწვავეს.

საბერძნეთი

ყველაზე რთულ შემთხვევად, ალბათ, მაინც საბერძნეთი რჩება. ეს ქვეყანა უკვე მეხუთე წელია რეცესიაშია. როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე წელს მისი ეკონომიკა კიდევ 7 პროცენტით შემცირდება, უმუშევრობის მაჩვენებელი კი 24 პროცენტს უახლოვდება. ქვეყნის ვალი 300 მილიარდ ევროს აჭარბებს. საბერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამას კოორდინირებას უწევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და ევროპის ცენტრალური ბანკი. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ათენში სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდებიან საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების მორიგ პაკეტზე მოსალაპარაკებლად.

საბერძნეთი ევროპელი პარტნიორების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებაზე დამოკიდებული 2010 წლის მაისში გახდა - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თავად არ შესწევდა დავალიანების გასტუმრების უნარი. დახმარების გამოყოფის პირობებს შეადგენდა საბიუჯეტო ხარჯების მკაცრად შემცირება და საჯარო სექტორის რეფორმა.

ფინანსურ პრობლემებს თან პოლიტიკურად არასტაბილური თვეებიც სდევდა, თუმცა, ორი არჩევნების ჩატარების შემდეგ, პოლიტიკური ძალების გადანაწილება ამ ეტაპისთვის გარკვეულია.

ქვეყანაში ბევრი შიშობს, რომ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, რასაც საბერძნეთისგან დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ მოითხოვენ, გამოიწვევს უფრო დიდ სოციალურ მღელვარებასა და საპროტესტო გამოსვლებს.

ესპანეთი

კიდევ ერთ პრობლემურ ქვეყანას ესპანეთი წარმოადგენს. ეს ქვეყანა ევროზონის სახელმწიფოებისგან უახლოეს კვირებში მიიღებს 100 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პირველ ნაწილს, რომლითაც ქვეყნის ბანკებს მწვავე პრობლემებს შეუმსუბუქებენ. ესპანეთის ბანკებს პრობლემები ქვეყანაში მიმდინარე უძრავი ქონების ბუმის შეწყვეტის შედეგად შეექმნათ. ამ პაკეტის მიღების ფონზე ესპანეთს კვლავ აქვს იმის იმედი, რომ შეძლებს დახმარების უკიდურესი ფორმის, ე.წ. „ბეილაუტის“, თავიდან არიდებას.

პორტუგალია

პორტუგალიას შარშან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროკავშირმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 78 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარება - „ბეილაუტი“ - გამოუყვეს. ამ სამი ორგანიზაციის წარმომადგენლები ლისაბონში 28 აგვისტოს ჩავლენ იმის გასარკვევად, როგორ უმკლავდება ეს ქვეყანა ეკონომიკურ პრობლემებს. პორტუგალიის მთავრობამ ქება დაიმსახურა იმ პირობების შესრულებისთვის, რომლებიც 2011 წლის მაისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული - მან მნიშვნელოვნად შეკვეცა საბიუჯეტო ხარჯები და რეფორმებიც გაატარა. თუმცა სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელი მაინც არ არის - მთავრობის პროგნოზით, 2012 წელს ეკონომიკა 3 პროცენტით შემცირდება, რაც ოთხ წელიწადში მესამე რეცესიას მოიტანს. უმუშევრობა სარეკორდო მაჩვენებელს - 15.2 პროცენტს - აღწევს.

იტალია

ფინანსურ პრობლემებს ებრძვის იტალიაც - ევროს მოქმედების ზონის სიდიდით მესამე ეკონომიკა. პრემიერ-მინისტრ მარიო მონტის და მის ტექნოკრატების მთავრობას მომავალ გაზაფხულამდე აქვთ დრო ქვეყნის ფისკალური გაჯანსაღების ამოცანის გადასაწყვეტად. არჩევნები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, რის შემდეგაც მონტის გუნდი ხელისუფლებას ახალ მთავრობას გადააბარებს. მაღალი დავალიანების გამო, იტალიისთვის სესხებზე დაწესებული განაკვეთები სულ უფრო მეტად მატულობს. მთავრობის განცხადებით, ზაფხულის დასრულების შემდეგ მისი უპირველესი ამოცანა საჯარო დავალიანების შემცირება იქნება.
XS
SM
MD
LG