Accessibility links

logo-print

კოსოვო არ აპირებს სუვერენიტეტზე მოლაპარაკების გამართვას


ატიფეტე იაჰიაგა, კოსოვოს პრეზიდენტი

ატიფეტე იაჰიაგა, კოსოვოს პრეზიდენტი

სერბიამ და კოსოვომ ვალდებულება იკისრეს განაახლონ ევროკავშირის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკება, რომელიც სერბიაში ამასწინანდელი წინასაარჩევნო პერიოდის გამო დროებით შეწყდა. პრიშტინა გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ საკითხზე მოილაპარაკოს ბელგრადთან, თუმცა არ აპირებს დათმოს არც ერთი მისხალი სუვერენიტეტისა, - განაცხადა რადიო თავისუფლების სამხრეთ სლავური რედაქციის თანამშრომელ არბანა ვიდიშიჩთან საუბარში კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაჰიაგამ:

„კოსოვოს რესპუბლიკა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას აქვს სრული ტერიტორიული მთლიანობა. კოსოვო ავითარებს ნორმალურ ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან, როგორც თანასწორუფლებიანი საერთაშორისო სუბიექტი. სერბიის რესპუბლიკასთან ნებისმიერი ურთიერთობაც სწორედ ასეთი იქნება. როგორც ორმა მეზობელმა სახელმწიფომ, დიპლომატიური კავშირის დამყარებით უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა. ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როგორც წესი, მიმდინარეობს დიალოგი ორივე ქვეყნისათვის საინტერესო საკითხებზე, რაც ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერითაც გამოიხატება. ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც გამოხატავს ორივე ქვეყნის ნებასა და მზადყოფნას ნებისმიერ საკითხში მიაღწიონ შეთანხმებას და გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა.“
ჩვენი სახელმწიფო, კოსოვოს რესპუბლიკა, არავისთან არასოდეს გამართავს მოლაპარაკებას ჩვენი ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ან ჩვენი სუვერენიტეტის საკითხზე ...

რაც შეეხება კონკრეტულ სტრატეგიას ან გეგმას, თუ რას უნდა ემყარებოდეს ბელგრადთან მოლაპარაკებები, როგორც კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა აცხადებს, ქვეყნის მთავარი სტრატეგია კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტითაა განსაზღვრული და ხელისუფლების ნებისმიერი გეგმა ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან უნდა იყოს თანხმობაში. აქედან გამომდინარე, კოსოვო არ აპირებს დათმოს ქვეყნის სუვერენიტეტის სულ მცირედი ნაწილიც კი და ამიტომ პრიშტინა კატეგორიულად წინააღმდეგია, საერთაშორისო მოლაპარაკების საგნად აქციოს სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილისათვის სპეციალური სტატუსის ანდა ავტონომიის მინიჭების საკითხი:

„ჩვენი სახელმწიფო, კოსოვოს რესპუბლიკა, არავისთან არასოდეს გამართავს მოლაპარაკებას ჩვენი ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ან ჩვენი სუვერენიტეტის საკითხზე. იქნება შიდა დიალოგი ჩვენს მოქალაქეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან. იქნება დიალოგი ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამი მუნიციპალიტეტის სერბ მოქალაქეებთან, ისევე როგორც იქნება დიალოგი სხვა მუნიციპალიტეტების, მათ შორის, უმთავრესად სერბებით დასახლებული რაიონების მოქალაქეებთან. მაგრამ არ არის და არც იქნება საერთაშორისო დიალოგი კოსოვოს რესპუბლიკის შიდა პრობლემებზე.“
ყველა საკითხი ევროკავშირში შესვლამდე უნდა მოვაგვაროთ. ვიდრე ევროკავშირში გავწევრიანდებით, უნდა დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ ყველა სტანდარტისა და ნორმის შესასრულებლად ...

როგორც კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაჰიაგამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კოსოვოს ხელისუფლება არ აპირებს თავს მოახვიოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრებ სერბებს რაიმე პლატფორმა მანამ, სანამ პრობლემა მოქალაქეთა ნების მიხედვით არ გადაწყდება. თავის მხრივ, კოსოვოს აღიარებას არ აპირებს სერბია, რომლის ახალმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ სერბია უარს არ იტყვის თავის პოზიციაზე კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხში მაშინაც კი, თუ ეს საჭირო იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. გამოდის, რომ კოსოვოც და სერბიაც ასეთი ხისტი პოზიციით ბლოკავენ ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ მიმავალ გზას. არის თუ არა ევროკავშირი ის ადგილი, სადაც კოსოვოს და სერბიას შეუძლიათ მიაღწიონ ურთიერთობის ნორმალიზებას? - კოსოვოს პრეზიდენტის პასუხი ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანია:

„არა. ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი ევროკავშირში შესვლამდე უნდა მოვაგვაროთ. ვიდრე ევროკავშირში გავწევრიანდებით, უნდა დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ ყველა სტანდარტისა და ნორმის შესასრულებლად. კოსოვოს რესპუბლიკისთვის, ისევე როგორც სერბიის რესპუბლიკისათვის, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა გაცილებით იოლი იქნება, თუ ორი ქვეყანა ერთმანეთს დაეხმარება და კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებით კარგ მაგალითს უჩვენებს ყველას.“

კოსოვოში მოელიან, რომ მალე დასრულდება ქვეყნის დამოუკიდებლობის სადამკვირვებლო მისია, რასაც ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ჯგუფი ახორციელებს. თუმცა, როგორც კოსოვოს პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა აცხადებს, ამის შემდეგ კოსოვოს წინაშე მთავარი გამოწვევა იქნება გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის თანასწორუფლებიანი წევრი, მშვიდობიანი და სტაბილური სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება განახორციელოს მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG