Accessibility links

logo-print
„ახალი ევროპის“ თემა კვლავ საბერძნეთის ფინანსური კრიზისია, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც დაერთო თან მას შემდეგ, რაც ათენში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩავიდა. მრავალი ბერძენი სწორედ გერმანიის ლიდერს ადანაშაულებს იმ მტკივნეულ რეფორმებში, რომლებიც საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის მიღების აუცილებელი პირობაა.

ათენის ქუჩებში, სადაც საპროტესტო დემონსტრაციები ორშაბათიდან განახლდა, პოლიციის 7000 კაციანი დანაყოფი იქნა მობილიზებული მოსალოდნელი არეულობისა და უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად. პროფკავშირებისა და სხვა ჯგუფების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მათ ქვეყანაში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს ხმამაღალი შეძახილებით აპროტესტებდნენ. როგორც სამოქალაქო მოსამსახურეთა კონფედერაციის პრეზიდენტმა კოსტას ციკრიკასმა განაცხადა, ათენის მოქალაქეები ანგელა მერკელისა და მისი მთავრობის მიერ მოწონებული ფინანსური მომჭირნეობის გეგმას საბერძნეთისათვის დამღუპველად მიიჩნევენ:

„გვსურს მძლავრი მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ჩვენ გერმანელი ხალხის წინააღმდეგნი კი არ ვართ, არამედ იმ პოლიტიკისა, რომელიც დიდი ევროპელი პარტნიორების დ განსაკუთრებით გერმანიის მონაწილეობით შემუშავდა.“

ბერძენთა უმრავლესობა სწორედ ანგელა მერკელს ადანაშაულებს იმაში, რომ ვალებში ჩაფლული ქვეყანა იძულებული გახდა განახორციელოს სწრაფი და მტკივნეული რეფორმები, რაც წინაპირობაა იმ მორიგი ფინანსური დახმარების მისაღებად, რითაც საბერძნეთი შეძლებს თავიდან აიცილოს გაკოტრება.

ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი

გერმანიამ, რომელიც ევროზონის ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საბერძნეთის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების პროგრამაში. საბერძნეთმა უკვე მიიღო 130 მილიარდი ევროს დახმარება, მაგრამ თუკი ერთ თვეში ათენი ვერ მიიღებს ფინანსური დახმარების მეორე, 31 მილიარდი ევროს მოცულობის, ფინანსურ დახმარებას, საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა ნაღდი ფულის გარეშე დარჩება.

თავისი ექვსსაათიანი ვიზიტის განმავლობაში ანგელა მერკელი აპირებს გაამხნევოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, რომელიც, გერმანელი კოლეგის მსგავსად, კონსერვატორია და აპირებს, კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, მოსახლეობას ფართო რეფორმები შესთავაზოს.

საბერძნეთში ვიზიტამდე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს საბერძნეთის ევროზონაში დასარჩენად, რადგან დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის მიერ ევროზე უარის თქმის შემთხვევაში კრიზისის ტალღა ერთიანი ვალუტის ზონაში მყოფ 17-ვე ქვეყანას დაემუქრება:

“მოუთმენლად ველოდები საბერძნეთში ვიზიტს და ვიცი, რომ საბერძნეთი ახლა რთულ პერიოდში იმყოფება, მაგრამ, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც ევროპის კავშირი და ბლოკი, ვართ კონკურენტუნარიანი ან ვხდებით კონკურენტუნარიანი, რაც არის სწორი და მნიშვნელოვანი და ასეთი განწყობებით გამსჭვალულნი ვაპირებთ მოლაპარაკებების დაწყებას.“

ანგელა მერკელის ვიზიტამდე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმაც გაამახვილა ყურადღება საბერძნეთის კრიზისზე. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დრაგიმ განაცხადა, რომ საბერძნეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, თუმცა სამომავლოდ მეტი მუშაობის ჩატარებაა საჭირო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG