Accessibility links

რადიო თავისუფლების მსმენელმა იცის, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი წელს პოლიტიკური ბლოკი ევროკავშირი გახდა, კონტინენტის მშვიდობიანი გაერთიანების გამო. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. დადებით გამოხმაურებასთან ერთად, იყო კრიტიკაც.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ევროკავშირი მაშინ გახდა, როცა თავის ისტორიაში ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. კავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში რეცესიაა.

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებით პარასკევს ოსლოში გამოვიდა კომიტეტის ხელმძღვანელი, თორბიორნ იაგლანდი:

„კავშირის და მისი წინამორბედების ნაბიჯები უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში უწყობს ხელს ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გამყარებას.“

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დადებით რეაქციებთან ერთად, გაისმა კრიტიკაც.

ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ პრემიის გადაცემას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა:

„ ეს არის იმ უნიკალური პროექტის მართებული დაფასება, რომელიც თავისი მოქალაქეებისა და მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ მუშაობს.“

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, ნობელის პრემიის მინიჭებით აღიარეს ბლოკის, როგორც „ისტორიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამამკვიდრებლის“, როლიო.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი თქვა, „ბალკანეთიდან კავკასიამდე ევროკავშირი დემოკრატიისა და შერიგების შუქურად გვევლინებაო“.

თუმცა, როგორც ვთქვით, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ აღმატებული სიტყვებით არ შეხვედრიან და მას სკეფსისიც მოჰყვა. მაგალითად, მოსკოვში პრემიის ევროკავშირისთვის გადაცემის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ვეტერანმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ. მისი აზრით, პრემია, პოლიტიკური ბლოკის ნაცვლად,უნდა გადაეცათ პოლიტპატიმრებისთვის ირანში ან უფლებადამცველებისთვის რუსეთში.
ევროკავშირი, ცხადია, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, წარმოადგენს გამაოგნებელ და უპრეცედენტო მექანიზმს კონსენსუსის მისაღწევად სხვადასხვა ისტორიის, ენების თუ ტრადიციების მქონე ქვეყნებს შორის ...

„ჩემი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი ბიუროკრატიული და არაპერსონიფიცირებული სტრუქტურაა, ეს ნაბიჯი, უბრალოდ, მიზანს ასცდა. ევროკავშირზე ამას, სამწუხაროდ, არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია“, - უთხრა ალექსეევამ სააგენტო „როიტერსს“.

უკმაყოფილებას ბევრი სხვაც გამოთქვამდა. მაგალითად, ტვიტერზე უხვად შეხვდებოდით მესიჯებს, რომ ამ პრემიის ევროკავშირისთვის გადაცემა უადგილო და უხერხული იყო დღესდღეობით, როცა პორტუგალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებია, უმუშევრობა და სიღარიბე იზრდება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი ძლიერდება მემარჯვენე პოპულიზმი და მისი თანმდევი ქსენოფობია.

არაერთგვაროვანი გამოხმაურებაა ევროპულ პრესაშიც.

ჟურნალისტების თუ ანალიტიკოსების უმრავლესობა ეთანხმება ნობელის კომიტეტის შეფასებას, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის გადაქცევაში ომის კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად. მხოლოდ უიმედოდ უვიცები ვერ ხედავენ იმას, რაც ევროკავშირმა ევროპაში მშვიდობისთვის გააკეთაო, წერდა საფრანგეთში გამომავალი ლიბერალური ბიზნესგამოცემა „ეშო“ 15 ოქტომბერს და დასძენდა:

„ევროკავშირი, ცხადია, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, წარმოადგენს გამაოგნებელ და უპრეცედენტო მექანიზმს კონსენსუსის მისაღწევად სხვადასხვა ისტორიის, ენების თუ ტრადიციების მქონე ქვეყნებს შორის - თანაც, რადიკალურ მხარეებს შორის - ბალანსის პოვნის გზით.“

დანიის „ილანდს პოსტენი“ ასევე 15 ოქტომბრის ნომერში აღნიშნავდა:
„შემთხვევითი არ არის ის, რომ პრემია ევროკავშირს სწორედ მაშინ გადასცეს, როცა ბევრი, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირს დამანგრეველი კრიზისით მოცულად აღიქვამს. ... ასეთ დროს ჩვენ უფრო მეტი ევროპა გვჭირდება და არა ნაკლებიო“.

დადებით რეაქციებს შეუერთდა სლოვაკეთშო გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური „სმეც“. ასევე 15 ოქტომბრის ნომერში გაზეთი აღნიშნავდა, ევროკავშირის გარეშე ევროპა ბევრად უფრო ღარიბი და საშიში ადგილი იქნებოდაო.
ევროკავშირმა, უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა კონფლიქტებს ევროპაში და, განსაკუთრებით, ბალკანეთში. და რაც კიდევ უარესია, ევროკავშირს, როგორც ჩანს, დასაშვებად მიაჩნია თავისი რიგებიდან უძველესი ბალკანური და მართლმადიდებელი წევრის - საბერძნეთის - გარიცხვა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ეკონომიკურ მაჩვენებელს ვერ ასრულებს ...

თუმცა, მაგალითად, ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „პრესსე“უფრო სკეპტიკურია. 13 ოქტომბრის ნომერში გაზეთი წერდა, ევროკავშირმა ბევრ რამეს თუკი მართლაც მიაღწია და არსებითად ამ პრემიასაც იმსახურებდა, ნობელის კომიტეტს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის აღნიშვნა მაინც დაავიწყდაო, მათ შორის, „ამერიკელი სამხედროების, რომლებმაც ევროპა გაათავისუფლეს“, ისევე როგორც, მაგალითად, რონალდ რეიგანის და მარგარეტ ტეტჩერის, რომლებსაც, გამოცემის აზრით, ევროკომისიაზე მეტი დამსახურება მიუძღვით ევროპაში მშვიდობის დამყარების საქმეში, ცივი ომის დასრულების გზით.

კრიტიკული იყო რუმინეთში გამომავალი „რომანია ლიბერაც“ - გამოცემამ დაბეჭდა რუმინელი ისტორიკოსის ოვიდიუ პეჩიკანის წერილი, რომ ევროპას ახლა გამოღვიძება სჭირდება და არა პრემია.

„მკაცრად რომ ვილაპარაკოთ, ევროკავშირმა, უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა კონფლიქტებს ევროპაში და, განსაკუთრებით, ბალკანეთში. და რაც კიდევ უარესია, ევროკავშირს, როგორც ჩანს, დასაშვებად მიაჩნია თავისი რიგებიდან უძველესი ბალკანური და მართლმადიდებელი წევრის - საბერძნეთის - გარიცხვა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ეკონომიკურ მაჩვენებელს ვერ ასრულებს და ვერ აკმაყოფილებს ბრიუსელში მსხდომი პოლიტიკოსების მოლოდინებს. ევროკავშირი მზად არის ძირი გამოუთხაროს ღირებულებათა მთელ სისტემას, რომელსაც ეფუძნება“, - წერს ისტორიკოსი და დასძენს: „ნობელის პრემიის გაცემის ნაცვლად, ევროკავშირს უნდა შეახსენონ ის დისკრიმინაციული ასპექტები, რომლებთანაც ის შერიგებულია, იმიტომ რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პრემიების მოგება კი არა, თავის მოქალაქეებს შორის ნდობის მოპოვებაა.“

თავად ნობელის კომიტეტმა გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ სურდა იმ „სტაბილურობის მომტან“ როლზე გაემახვილებინა ყურადღება, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს „მასშტაბური ეკონომიკური სირთულეებისა და საკმაოდ ხშირი სოციალური მღელვარების“ ფონზე.

კერძოდ, კომიტეტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ გაწეულ სამუშაოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის შერიგების საქმეში. „ეს ამტკიცებს, რომ სწორად გამიზნული ნაბიჯებით და ურთიერთნდობის განმტკიცებით ისტორიული მტრები შეიძლება ახლო მოკავშირეებად გადაიქცნენო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაყოფა დიდწილად დასრულდა. დემოკრატია გამყარდა. ეთნიკურ მოტივებზე დამყარებული ბევრი ეროვნული კონფლიქტი გადაიჭრა ...

ამასთან, ევროკავშირმა კომიტეტის ქება იმის გამოც დაიმსახურა, რომ 1980-იან წლებში წარმატებით მოახდინა ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის შემოერთება მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმები დაინგრა. კომიტეტი იმ როლსაც აღნიშნავს, რომელიც ევროკავშირმა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში სტაბილურობის დამყარების საქმეში შეასრულა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ.

„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაყოფა დიდწილად დასრულდა. დემოკრატია გამყარდა. ეთნიკურ მოტივებზე დამყარებული ბევრი ეროვნული კონფლიქტი გადაიჭრა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნობელის კომიტეტი შენიშნავს, რომ ევროკავშირი თავისი პოზიტიური როლის თუ ფუნქციის შესრულებას ამჟამად ბალკანეთში განაგრძობს.
XS
SM
MD
LG