Accessibility links

logo-print

რას შეცვლის ერთმანდატიანი დეპუტატობის პრინციპი უკრაინის საპარლამენტო ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ


უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმების უმრავლესობა, 32 პროცენტამდე, მმართველმა “რეგიონების პარტიამ“ მოიპოვა. ეს არ არის საუკეთესო შედეგი, მაგრამ უკრაინის რადას მოწყობის პრინციპი, რომლის თანახმადაც იქ დეპუტატების ნახევარი ერთმანდატიანი ოლქებიდან შევა, პრეზიდენტ იანუკოვიჩს საშუალებას მისცემს, საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. შემდეგი - საპრეზიდენტო - არჩევნები უკრაინაში 2015 წლისთვისაა დანიშნული.

ამ ეტაპზე, როცა არ არის საბოლოო შედეგი ცნობილი, ნათელი მხოლოდ ისაა, რომ „რეგიონების პარტიამ“ მოიპოვა უმრავლესობა, ხმების დაახლოებით მესამედი, მაგრამ მხოლოდ პროპორციული სისტემით. როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება და ცნობილი გახდება, რამდენი მანდატი დაემატება მმართველ პარტიას პარლამენტში ერთმანდატიანი ოლქებიდან, გვეცოდინება, თუ რა სახით შეუძლია „რეგიონების პარტიას“ გააკონტროლოს რადა. „რეგიონების პარტიას“ ამ არჩევნებში დაახლოებით 10 პროცენტით ჩამორჩა ოპოზიციური კოალიცია „ბატკივშჩინა“, საპატიმროში მყოფი ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს ბლოკი. კომუნისტებმა და მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის ვიტალი კლიჩკოს პარტიებმა ხმების ერთნაირი რაოდენობა, დაახლოებით 13-15 პროცენტი, მიიღეს. პარლამენტში მოხვდა პირველად ნაციონალისტური გაერთიანება „სვობოდა“, 8 პროცენტით.

ოდნავ უჩვეულოა ის, რომ ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც გამარჯვებაზე ლაპარაკობს, მაგრამ არა უხეშად - ისინი სხვადასხვა გაგებით გამარჯვებას გულისხმობენ. „რეგიონების პარტიამ“ თქვა, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ჩვენ მოვიგეთ არჩევნებშიო, ოპოზიციური კოალიციის ლიდერი არსენი იაცენიუკი კი ამბობს, სრულიად აშკარაა, რომ უკრაინელმა ხალხმა ოპოზიციას დაუჭირა მხარიო. ვის დაუჭირა მხარი ხალხმა, გამოჩნდება, როცა ცნობილი გახდება 225 მანდატის, მაჟორიტარული დეპუტატების, ვინაობა და პოლიტიკური წარმომავლობა. კატარინა ვოლჩუკი, რომელიც ბირმინგების უნივერსიტეტში მუშაობს, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრში, განგვიმარტავს:
ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ 225 დეპუტატს, მათი უმეტესობა დამოუკიდებელია. ბევრი შიშობს, რომ ისინი „რეგიონების პარტიას“ და კომუნისტურ პარტიას შეუერთდებიან ...

„დეპუტატების ნახევარს აირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, ნახევარი კი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. როგორ განლაგდებიან ეს დეპუტატები, გამოჩნდება“.

ტრადიციულად, ეს დეპუტატები, დამოუკიდებლებად რომ იწოდებიან და ერთმანდატიან ოლქებში იყრიან კენჭს, მმართველი პარტიის რიგებში აღმოჩნდებიან ხოლმე. ერთმანდატიანი ოლქები ეგრეთ წოდებული ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ გააუქმეს, მაგრამ „რეგიონების პარტიამ“ ის შარშან კვლავ შემოიღო. სავარაუდოდ, მმართველმა პარტიამ იცოდა, რომ ეს პრინციპი მისთვის სასარგებლო იქნებოდა. ელენა გნედინა, ლონდონში მოქმედი რისკის სფეროში საკონსულტაციო ფირმის ანალიტიკოსი, განმარტავს:

„ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ 225 დეპუტატს, მათი უმეტესობა დამოუკიდებელია. ბევრი შიშობს, რომ ისინი „რეგიონების პარტიას“ და კომუნისტურ პარტიას შეუერთდებიან. ამის შედეგად შეიქმნება მძაფრი ფრაქცია პარლამენტში. ეს შესაძლებელია და ეს ადრე უკვე მომხდარა უკრაინაში. 1998 და 2002 წლის არჩევნებში ასე იყო“.

ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრის შედეგი ამ კვირაში გამოქვეყნდება. ამასთან, ანალიტიკოსები მოელიან, რომ „რეგიონების პარტია“ შეეცდება დეპუტატები გადაიბიროს, რისი იარაღიც მას აქვს. ასე იყო 2007 წლის არჩევნებში.
პარლამენტში ორი ოპოზიციური პარტიის მოხვედრა კარგი შედეგია, მაგრამ ისინი ვერ მოახერხებენ თანამშრომლობას. კვლავაც საპრეზიდენტო ამბიციებთან გვაქვს საქმე 2015 წელს ...

„ბატკივშჩინა“ („მამული“) უფრო გამოცდილი და შემოწმებულია, რასაც დაბეჯითებით ვერ ვიტყვით „უდარზე“. კლიჩკოს პარტიის სიაში არაერთი ბიზნესმენია, ბიზნესმენებს კი მიდრეკილება აქვთ პარლამენტში უფრო ნაკლები მედეგობა გამოავლინონ, რადგან მათი საქმიანობა შეიძლება მათ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული და ისინი აიძულონ შეუერთდნენ მმართველი პარტიის კოალიციას. გასარკვევი იქნება ისიც, მოახერხებს თუ არა „რეგიონების პარტია“ საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 300 მანდატის, მოპოვებას. ამისთვის მათ, პირველ რიგში, კომუნისტებთან შეკავშირება დასჭირდებათ. ოლგა შუმილო-ტაპიოლა, ბრიუსელის კარნეგის ფონდის მიწვეული მკვლევარი, ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „რეგიონების პარტიის“ მიზანია, რითაც მან სხვა ამოცანა უნდა შეასრულოს:

„პრეზიდენტს არასოდეს დაუმალავს, რომ არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. მას სურს თანამდებობაზე დარჩეს რაც შეიძლება ხანგძლივად, საკუთარი ძალისხმევით თუ თავის ოჯახთან დაახლოებული პირების გზით. მაგრამ ის არაა დარწმუნებული, რომ დარჩება თანამდებობაზე 2015 წლის არჩევნების შემდეგაც. ასე რომ, „რეგიონების პარტიის“ მეთაურობით მოქმედი ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის საქმე იქნება იმუშაოს იმაზე, რომ პრეზიდენტი პირდაპირი გზით კი არა, პარლამენტის მიერ იქნეს არჩეული“.

ამასთან ერთად, პარლამენტი კვლავაც რჩება ოპოზიციური ძალების წარმოჩენის
ეფექტიან არენად. ესეც მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამბობს შუმილო-ტაპიოლა, რომელიც, ამასთან, შიშობს, რომ ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“ და კლიჩკოს „უდარი“ ერთმანეთთან თანამშრომლობას ვერ მოახერხებენ, თუ 2015 წლის მიზნებზე დაიწყეს უკვე ბრძოლა:

„პარლამენტში ორი ოპოზიციური პარტიის მოხვედრა კარგი შედეგია, მაგრამ ისინი ვერ მოახერხებენ თანამშრომლობას. კვლავაც საპრეზიდენტო ამბიციებთან გვაქვს საქმე 2015 წელს და, ამასთან, კლიჩკო და იაცენიუკი შეეცდებიან ნაკლებად ითანამშრომლონ და უფრო ერთმანეთს ებრძოლონ პარლამენტში თავიანთი პარტიების მეშვეობით, რათა 2015 წლისთვის დაამტკიცონ, რომელი უკეთესია“.

ეს სამომავლო ვარაუდებია. უკრაინის არჩევნები კი კვირას გაიმართა. ბიულეტენების დათვლა გრძელდება. საბოლო შედეგების გამოქვეყნება მომავალ დღეებშია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG